ბონსაი და ინტერნეტი

   თავიდან. როდესაც ბონსაიზე მუშაობა დავიწყე, მხოლოდ ერთი წიგნი მქონდა, და ხშირად მითქვამს, რომ იმ პერიოდში ინტერნეტის არ არსებობის გამო, ბევრი დრო დავკარგე იმის მისახვედრად თუ როგორ შეიძლებოდა ბონსაის შექმნა. პრეტენზია არ მქონდა უცბად შედეგის მიღებაზე, უბრალოდ სწორი მიმართულება მჭირდებოდა. ფოთოლმცვივანი მცენარების მართებულად გადარგვას, ტოტების შეჭრას, გაკრეჭას, მავთულის დახვევას შედარებით მოკლე დროში მივხვდი. უფრო დიდი დრო დამჭირდა წიწვოვანი მცენარეების “ხასიათის” გასაგებად. მაგრამ ფორმირების მართებულად წარმართვა , რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ბონსაის კულტურაში, საკმაოდ ძნელი მისახვედრი აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ მხოლოდ შესაბამის ქოთანში ჩარგული, ბუნებრივად ლამაზად ფორმირებული მცენარე არის ბონსაი და არა უბრალოდ პატარა მცენარე, უბრალოდ პატარა ქოთანში.
მუშაობის დაწყებიდან 5-6 წლის შემდეგ უკვე მქონდა ოცამდე ნერგი რომლებიდანაც მხოლოდ რამდენიმე შეიძლებოდა ჩათვლილიყო კარგ დასაწყისად. ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე მიმაჩნდა.

ჩემი ბონსაები კორპუსის სახურავზე, წლების წინ

   რამდენიმე წელიწადში როდესაც ინტერნეტი საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა გამოცდილი სპეციალისტების ნამუშევრების ფოტოების და ვიდეობის დათვალიერებამ თავისი შედეგი გამოიღო. ნელ-ნელა თითქოს ვხვდებოდი გარკვეულ პრინციპებს მცენარის ფორმირებისთვის. უდავოა რომ ვიდეო და ფოტო მასალა საკმაოდ კარგი გზამკვლევია დამწყები ენთუზიასტისთვის.
მაგრამ ვფიქრობ, რომ ინტენეტით, მხოლოდ ვიდეო-ფოტომასალების ყურებით ბონსაის ფორმირების შესწავლა არასრულფასოვნია. პირველ რიგში დამწყებისთვის ძნელი მისახვედრია, ვიდეომასალა გამოცდილმა სპეციალისტმა დადო თუ ვინმე დამწყებმა , რომელსაც ჰგონია, რომ უკვე აქვს „უფლება“ სხვას ასწავლოს ბონსაის კეთება. არა მარტო საქართველოში, უცხეთშიც ბევერი აღმოჩნდა ისეთი ენთუზიასტი რომელასც 3-4 წლიანი მუშაობის შემდეგ ჰგონია რომ უკვე ისე კარგად იცის ბონსაის ფორმირება. რომ შეუძლია სხვას „ჭკუა არიგოს“. ასეთ ვიდეოებს ძალიან ხშირად შეხვდებით YouTube-ზე ბონსაის სხვადასხვა „სპეციალისტების“ არხებზე.

   აღსანიშნავია ისიც რომ, ძალიან იშვიათად ნახავთ სურათს, თუ რა ბედი ეწია, იმ ნერგს, ფორმირებიდან თუნდაც ერთი წლის შემდეგ. რამეთუ არავინ არ დადებს ვიდეოს ან ფოტოს წარუმატებელი შედეგის შემდეგ. უმჯობესი იქნება თუ ჯერ ნახავთ ამ ადამიანის მიერ შესრულებულ ნამუშევრებს , მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეთ ღირს თუ არა მისი გამოცდილების გაზიარება. ნუ ენდობით მხოლოდ ერთხელ ნანახ ან წაკითხულ ინფორმაციას და აუცილებლად გადაამოწმეთ ის რამდენიმე სანდო წყაროს მეშვეობით. აუცილებელია ბევრი სხვადასხვა ფოტო და ვიდეომასალის დათვალიერება. განსაკუთრებით კი სასწავლო სტატიების კითხვა.

   ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ დამწყები ხშირად „ტყუვდება“ იმ მოჩვენებითი სიმარტივით თუ როგორ ახერხებს გამოცდილი სპეციალისტი ბონსაის ფორმირებას და ამის შემხედვარე ფიქრობს, რომ ძალიან მალე შეძლებს მიაღწიოს იგივე შედეგს. ინტერნეტში განთავსებულ ვიდეო მასალაში თითქმის არასოდეს ხდება განმარტება იმ „წვრილმანების“, რისი ცოდნაც აუცილებელია მომავალში მცენარე, რომ არ გაფუჭდეს და ფორმირება სწორად წარიმართოს. ამიტომ სასურველი შედეგის მისაღწევად მრავალწლიანი პრაქტიკული მუშაობაა აუცილებელი. დამწყები ენთუზიასტი თვითონ უნდა მიხვდეს დაშვებულ შეცდომას, გაანალიზოს და მართებული დასკვნა გამოიტანოს.

   ძალიან ხშირია კითხვები: „ეხლა რა ვქნა?“, „როდის გადავრგო?“,“ როდის შევაჭრა ტოტები რო მცენარე არ გამიხმეს?“…და ა.შ. ასე კითხვა კითხვით შეუძლებელია რამე შედეგის მიღწევა. დამწყებმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს და კარგად აითვისოს ყველაფერი რაც ბონსაის ეხება: ტოტების შეჭრა ,გაკრეჭა, მავთულის დახვევა, გადარგვა. კარგად აითვისოს მორწყვა და მოვლისთვის სხვა პირობები. აუცილებლად უნდა იცოდეს წელიწადის რომელ დროს კეთდება ესა თუ ის მოქმედება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს ბონსაიზე მუშაობა.

   ასე რომ ადამიანს რომელსაც უნდა რომ ბონსაის კულტურით სერიოზულად დაკავდეს აუცილებელია:
1) ბევრი თეორიული ინფორმაციის მიღება
2) პრაქტიკული მრავალწლიანი მუშაობა ბონსაის გასაგებად
3) ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადამოწმება და გარკვევა იმისა თუ რამდენად კვალიფიცირებულია თქვენი „ონლაინ მასწავლებელი“

ამ სამი პუნქტის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ადამიანმა ბონსაის კულტურაში რამე წარმატებას მიაღწიოს, ალბათ ზუსტად ისე, როგორც სხვა ნებისმიერ სფეროში…