ბონსაი მესხი

ბონსაის ფორმის სრულყოფა და მინიატურული ზომის შენარჩუნება (ფოთოლმცვივანი ხეები)

   ფორმირების პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ, (შეჭრილია ყველა არასაჭირო ძირითადი და მეორე რიგის ტოტები, მავთულის საშუალებით ტოტები დაფიქსირებულია სასურველ პოზიციაში) საჭიროა  ვარჯის სრულყოფაზე და მინიატურული ზომის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ. ფორმის და ზომის შესანარჩუნებელი გასხვლა ბონსაის სიცოცხლის მთელი პერიოდის განმავლობაში სჭირდება.
   არც ერთი ნერგი არ მიიღებს ჩვენთვის სასურველ ფორმას პირველივე გასხვლის და მავთულის კარკასის გაკეთების შემდეგ. ყოველთვის აღმოჩნდება ისე, რომ ბონსაის რომელიმე ნაწილზე ტოტები არასაკმარისად ხშირი იქნება ან რომელიმე ტოტი  სასურველი სიგრძის არ იქნება. ძალიან ძნელია თავიდანვე განისაზღვროს რა დრო დასჭირდება ამა თუ იმ ნერგს “სრულყოფილი” ფორმის მისაღწევად. ეს მცენარის ზრდის თავისებურებაზე და მომუშავე ადამიანის გამოცდილებაზეა დამოკიდებული. ამიტომ ყოველთვის მოგიწევთ წლიდან წლამდე მოთმინებით დაელოდოთ მცენარის განვითარებას და შესაბამისად იმოქმედოთ იმისთვის, რომ თქვენთვის საურველ შედეგი მიიღოთ.

თეთრი თუთა
თეთრი თუთა

   ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი მცენარის ზრდის თავისებურებაში არის ის რომ, მცენარის ზოგიერთი ნაწილი დომინირებს ზრდის პროცესში და უკეთესად ვითარდება. ბუნებაში მცენარე ძალიან ცოტა ენერგიას ხარჯავს ვარჯის შიდა ტოტების განვითარებაზე, ის კონცენტრირებულია გადაანაწილოს ძირითადი რესურსი სიმაღლეში და სიგანეში გაზრდაზე. ბონსაისთვის კი ნერგი თანაბრად განვითარება და  ვარჯის სასურველი ფორმის შენარჩუნება გვჭირდება. ამიტომ, მცენარის გარკვეულ ადგილებში თუ ზრდის დომინირება არ შევზღუდეთ, ძალიან მალე დაირღვევა ჩვენთვის სასურველი პროპორცია, ზომა და ფორმა.

ვარჯის განვითარების არეები1. ძლიერი განვითარება 2. საშუალო განვითარება 3 სუსტი განვითარება .
ვარჯის განვითარების არეები  1.ძლიერი განვითარება  2. საშუალო განვითარება  3. სუსტი განვითარება
ვარჯის განვითარების არეები 1. ძლიერი განვითარება 2. საშუალო განვითარება 3 სუსტი განვითარება

   შეუძლებელია ერთი ან ორი გასხვლით საბოლოოდ გადავჭრათ ეს პრობლემა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხის ზოგიერთ ადგილას კვლავ გამოჩნდება ახალი ამონაყარი და გასხვლის პროცესი ისევ გასამეორებელი იქნება.

   პირველად ყურადღება კვირტებს უნდა მივაქციოთ. ის კვირტები რომლებიც ბონსაისთვის არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს და გაზაფხულზე გაზრდას იწყებს, უნდა მოაშოროთ. არ არის საჭირო რომ მცენარემ ენერგია ტყუილუბრალოდ დახარჯოს არასაჭირო კვირტის განვითარებაზე.
   უნდა შეირჩეს მეთოდი, თუ რომელი ტოტი როგორ უნდა გადაიჭრას, იმისდა მიხედვით, თუ რა პოზიცია უკავია მას ხეზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დომინირებული ზრდის ადგილებს. ზედა და გარე ადგილებზე ახალი ამონაყარი საგრძნობლად სწრაფად იზრდება და თვალშისაცემად, უფრო მსხვილი ახალი ყლორტი ყალიბდება. თუ შეატყობთ რომ ასეთი ყლორტი ხელს შეუშლის თქვენს ჩანაფიქრს მთლიანად მოჭერით ის. ზრდის ტემპის შესასუსტებლად კი ასეთ ყლორტზე 4-5 ფოთოლს მიეცით განვითარების საშუალება და მხოლოდ ამის შემდეგ დაამოკლეთ 1 ან 2 ფოთლამდე.

    ამ დროს ყლორტი დროებით შეწყვეტს განვითარებას. ეს საშუალებას იძლევა შევაჩეროთ ზრდა დომინანტ ადგილებში და  ამით შიდა და ქვედა ტოტებს განვითარების თანაბარი პირობები შევქმნათ. ტოტებს, რომლებიც მცენარის შიდა მხარეს არის განლაგებული განვითარების უფრო მეტი საშუალება უნდა მივცეთ, უნდა ვაცალოთ სანამ სუსტი ყლორტი გარკვეულ სიგრძეს მიაღწევს და ცოტათი მოძლიერდება, მხოლოდ ამის შემდეგ 3-4 ფოთლამდე უნდა დაამოკლოთ. ასეთი გასხვლის შემდეგ საგრძნობლად პატარავდება კვანძებს შორის მანძილი. ახლად ამოყრილ ყლორტებზე კი ფოთლები შედარებით პატარა ზომის იზრდება. მცენარის ვარჯი უფრო ხშირი ხდება. წლების მანძილზე ასეთი მეთოდით გასხვლის შემდეგ ბონსაის თავისუფალი ზრდა საგრძნობლად იზღუდება და მცენარე უფრო დახვეწილ ფორმას იღებს.

ka_GEKA