კარგად განვითარებული და ჯანმრთელი ბონსაის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი პირობა სწორად შერჩეული მიწის ნაზავია. მიწა უნდა შეიცავდეს საკმარის საკვებ ნივთიერებას, კარგად უნდა ატარებდეს წყალს (მორწყვისას ზედაპირზე წყალი არ უნდა გუბდებოდეს), ინარჩუნებდეს ტენიანობას და ფესვები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჟანგბადით.
ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხი ბონსაის ენთუზიასტებსა და სპეციალისტებს შორის ბონსაისთვის მიწის ნარევის მომზადებაა. ყველა სპეციალისტს, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით და კლიმატური პირობის გათვალისწინებით აქვს რეცეპტი თუ როგორ უნდა დამზადდეს მიწის ნაზავი. ამიტომ ბონსაიზე დაწერილ წიგნებში თუ ინტერნეტ საიტებზე ვერ ნახავთ ორ ერთნაირ რეცეპტს ბონსაის მიწისთვის.
არსებობს ბონსაისთვის სპეციალურად მომზადებული გრანულები, აკადამა, ე.წ არაორგანული მიწა. აკადამა საქართველოში, როგორც მე ვიცი, არსად იყიდება. მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით თუ გამოიწერთ. ასეთი გრანულები საკმაოდ აიოლებს საქმეს მცენარის გადარგვისას, მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირს. ამას უცხოეთში მცხოვრები ენთუზიასტებიც აღნიშნავენ. გარდა სიძვირისა ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ აკადამა არ არის იდეალურია ბონსაისთვის. როგორც ამბობენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ (2 წელი) აკადამა იშლება და ფაქტობრივად მტვერი ხდება. ასევე არსებობს მიწის ნაზავებიც, რომლის ინგრედიენტებია: პემზა, სხვადასხვა სახეობის ტორფი, ფიჭვის ქერქი, გამომწვარი თიხის გრანულები, ვულკანური წარმოშობ გრანულები (ლავა) და ა.შ. მე არასოდეს გამომიყენებია არც აკადამა, არც გამზადებული ნარევები, ამიტომ ჩემთვის ძნელია მათ დადებით თუ უარყოფით თვისებებზე საუბარი. მიწის ნარევს ყოველთვის თვითო ვამზადებ. (ალბათ როგორც საქართველოში მცხოვრები ბონსაის ყველა მოყვარული)
როდესაც დავიწყე ბონსაიზე მუშაობა, მიწას ტყეში ან სადმე ქალაქგარეთ ვიღებდი. ლითონის ფართო ჭურჭელში ვახურებდი ცეცხლზე, მასში არსებული მავნებლები და დაავადებები რომ მომეცილებინა. შემდეგ ვცრიდი ორ სხვადასხვა ზომის საცერში. ვუმატებდი ქვიშას.
ამჟამად ძირითადად ვიყენებ ტორფზე დამზადებულ სუბსტრატებს, რომლებიც თითქმის ყველა საბაღე მაღაზიას შემოაქვს უცხოეთიდან. ეს სუბსტრატი სტერილურია და დაფასოებულია ტომრებში, სხვადასხვა სახეობის მცენარეებისთვის.
ყველა მცენარისთვის უნდა შეირჩეს მისთვის შესაფერისი სუბსტრატი მჟავიანობის მიხედვით (PH). როგორც წესი პაკეტებზე ყოველთვის აწერია სუბსტრატის მჟავიანობა.
ძლიერ მჟავე (pH = 3-4);
მჟავე (pH = 4-5);
სუსტად მჟავე (pH = 5-6);
ნეიტრალური (pH = 7);
სუსტი ტუტე (pH = 7-8);
ტუტე (pH = 9-11).
წიწვოვანებისთვის და ნეკერჩხლისთვის ვიყენებ მჟავე სუბსტრატს, დანარჩენი ხეებისთვის ნეიტრალურს ან სუსტ ტუტეს. სუბსტრატს ვუმატებ ყვითელ წვრილ ქვიშას, ( ე.წ საჩხერის ქვიშა). პროპორციით 1-1 (ერთი ნაწილი სუბსტრატი , ერთი ნაწილი ქვიშა). ჯერ ქვიშას ვცრი, მასში არსებული ნაგავი და მსხვილი ქვები რომ მოვაშორო. შემდეგ კარგად ვრეცხავ გამდინარე წყალში, მტვრის მოსაშორებლად. გარეცხვის შემდეგ ვაშრობ და ამის შემდეგ ვუმატებ სუბსტრატს. წვრილი ქვიშა ხელს უშლის მიწის შეწებებას, ხელს უწყობს წვრილი ფესვების გაზრდას და ინარჩუნებს სინესტეს.
კიდევ ერთი კომპონენტი, მსხვილი ქვიშა (საბეტონე ქვიშა), მიწის წყალ გამტარიანობის და ფესვების აერაციის გაუმჯობესებისთვის. ამ ქვიშის გასაცრელად 2 სხვადასხვა ზომის საცერს ვხმარობ. წვრილი ბადით (დაახლოებით 1 სანტიმეტრში 4 ნახვრეტი) და მსხვილი ბადით, (1 სანტიმეტრში 2 ნახვრეტი). ჯერ ვცრი მსხვილ საცერში. რაც დარჩება საცერში დიდი ფრაქციაა და გადასაყრელია. შემდეგ ვცრი წვრილ საცერში. განაცრელი, ძალიან წვრილი ფრაქცია უნდა გადაიყაროს. რაც დარჩება წვრილ საცერზე ვიყენებ მიწის ნაზავისთვის. ეს ქვიშაც კარგად უნდა გაირეცხოს.
ჯერ სუბსტრატს და წვრილ ქვიშას ვურევ ერთმანეთში 1-1-ზე. ამ ნარევს ვუმატებ მსხვილ ქვიშას 1-3, 1 ნაწილი მსხვილი ქვიშა, 3 ნაწილი სუბსტრატის და წვრილი ქვიშის ნარევი. ინგრედიენტებს კარგად ვურევ ერთმანეთში, ერთგვაროვანი მასა რომ გამოვიდეს. მსხვილი ქვიშის მაგივრად შეიძლება პემზის გამოყენება.
მიწის ნარევის მომზადება საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და დიდი დრო ჭირდება, განსაკუთრებით მაშინ თუ ბევრი ბონსაია გადასარგავი.