ბონსაი

ხეები ბონსაისთვის (იაპონური ნეკერჩხალი და ლიქვიდამბარი)

იაპონური ნეკერჩხალი (ლათ. Acer palmatum)

ამ სახეობის ნეკერჩხალი ძალიან პოპულარულია მებაღეობაში ფოთლების ფორმის, ფერის და ვარჯის სილამაზის გამო. იაპონური ნეკერჩხალი პატარა ხე ან ბუჩქია. სიმაღლეში მაქსიმუმ 10 მეტრამდე იზრდება. სელექციონერების მიერ გამოყვანილია იაპონური ნეკერჩხლის ასობით სახეობა, განსხვავებული ფოთლებით და ზრდის თვისებებით. ის საკმაოდ ნელა იზრდება. იაპონური ნეკერჩხალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა ბონსაის მოყვარულთა შორის. მის ახსნა იმით შეიძლება, რომ ამ ჯიშს ლამაზი პატარა ფოთლები აქვს, რაც მინიატურული ხის პროპორციებში კარგად ჯდება, შემოდგომაზე კი ფოთლები საუცხოო ფერს იღებენიაპონური ნეკერჩხლის მოვლაში მთავარი სირთულე  მისი სუსტი ფოთლები არის, რომლებსაც იოლად აზიანებს მზის პირდაპირი სხივები და ძლიერი ქარი.

ბონსაის სტილები ნეკერჩხლისთვის: ყველა სტილი გარდა ბუნძინგი (文人木) , ხოკიდაჩი (箒立ち)
სტატია ბონსაის სტილების შესახებ 

ადგილი: ადრე გაზაფხულზე კარგი განათება ფოთლებს ძალას მატებს. ზაფხულში კი მცენარე ისეთ ადგილას უნდა მოთავსდეს, სადაც მზის პირდაპირი სხივები ვერ მოხვდება. ასევე აუცილებლად უნდა მოარიდოთ ძლიერ ქარს. ზამთარში დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში ესაჭიროება, თუ ტემპერატურა -10 გრადუსი და უფრო დაბალია.

მორწყვა: მორწყეთ რეგულარულად, ოღონდ ზომიერად, მიწა კონტეინერში ნოტიო უნდა იყოს და არა წყლით გაჟღენთილი. ჭარბმა სინესტემ შეიძლება ფესვების ლპობა გამოიწვიოს.

სასუქი: დაიწყეთ სასუქის შეტანა ადრე გაზაფხულზე, როდესაც კვირტები გაშლას დაიწყებს, 2 კვირაში ერთხელ. ამ დროს სასუქში აზოტი უნდა ჭარბობდეს. ეს ხელს შეუწყობს ჯანმრთელი ფოთლების განვითარებას. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით ადრე გაზაფხულზე სასუქის შეტანა კვირაში ერთხელ არის საჭირო. დანარჩენ პერიოდში, უკვე დაბალანსებული სასუქი შეიტანეთ. სასუქის შეტანა შეწყვიტეთ შემოდგომით, ფოთოლცვენის დაწყებისას.

იაპონური ნეკერჩხალი
იაპონური ნეკერჩხალი

გადარგვა: ახალგაზრდა მცენარე (10 წლამდე ასაკის), თუ ის პატარა კონტეინერში იზრდება, გადარგეთ ყოველ წელიწადს, ან 2 წელიწადში ერთხელ.  უფრო ასაკოვანი ნეკერჩხალი გადარგეთ 3-4 წელიწადში ერთხელ. გადარგვა ხდება ადრე გაზაფხულზე. შეაკრიჭეთ ფესვების მხოლოდ მესამედი. აუცილებლად შეაკრიჭეთ ყველა დაზიანებული ფესვი.

გასხვლა: მსხვილი ტოტების შეჭრა  გვიან შემოდგომაზე ხდება. გადაჭრის ადგილი აუცილებლად დაამუშავეთ საბაღე მალამოთი. თუ ფორმირებისთვის საჭიროა ძლიერი ამონაყარი, სიმშვიდის პერიოდში დაამოკლეთ ტოტი ან ყლორტი ისე, რომ მხოლოდ 1 ან 2 წყვილი კვირტი დარჩეს. თუ გვინდა კვანძებს შორის მოკლე მანძილი დარჩეს და ყლორტების ზრდა სუსტი იყოს, მაშინ ვეგეტაციის პერიოდში ყოველი ახალი ამონაყარი 3-4 წყვილი ფოთლის გამოჩენის შემდეგ დაამოკლეთ 2 წყვილამდე. მოაშორეთ ახლად გამოჩენილი არასაჭირო კვირტები.
ფოთლების სრული შეკრეჭა კეთდება მაისის ბოლოს, ივნისის შუა რიცხვებამდე, ყოველ მეორე წელიწადს. ფოთლების შეკრეჭა არ შეიძლება: დაავადებულ მცენარეზე, იმ წელს, როდესაც გადაირგა. ფოთლების შეკრეჭის შემდეგ, ზომის შემცირების გარდა, მცენარეზე უფრო ძლიერი და ლამაზი ფოთლები იზრდება.

მავთულის კარკასი: მავთულის კარკასი  ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე კეთდება. საკმაოდ მაგარი ტოტების გამო, ნეკერჩხლის ფორმირება ძირითადად გასხვლით ხდება, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მავთულის გამოყენებაც.

იაპონური ნეკერჩხალი და ლიკვიდამბარი
იაპონური ნეკერჩხლის და ლიკვიდამბრის ბონსაი

 

ლიქვიდამბრი (ლათ. Liquidambar)

ფოთოლმცვივანი ხეა, ფართო ფოთლებით. სიმაღლეში 25 მეტრამდე შეიძლება გაიზარდოს. სამშობლო აღმოსავლეთ ამერიკა, მექსიკა. განსაკუთრებით ეფექტურია შემოდგომით, ფოთლების მრავალფეროვანი შეფერილობის გამო.

ბონსაის სტილები ლიქვიდამბრისთვის: ყველა სტილი გარდა ბუნძინგი (文人木)

ადგილმდებარეობა: მოათავსეთ კარგად განათებულ, მზიან ადგილას. მოარიდეთ ძლიერ ქარს. -10⁰C-ზე დაბალ ტემპერატურისას ესაჭიროება ყინვისგან დაცვა.

მორწყვა: აქტიური ზრდის პერიოდში უხვი მორწყვა ესაჭიროება. მიწა მთლიანად არ უნდა გამოშრეს, მაგრამ მუდმივად წყლით გაჟღენთილიც არ უნდა იყოს. განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა ზაფხულში. მორწყვის დაგვიანებამ რამდენიმე საათით, შესაძლოა მცენარე გაახმოს.

სასუქი: ყოველ 2 კვირაში ერთხელ ვეგეტაციის მთელ პერიოდში.

გასხვლა: ლიქვიდამბრის ტოტების შეჭრა სიმშვიდის პერიოდში არ ხდება. ამან შესაძლოა გადაჭრილი ტოტის მთლიანი გახმობა გამოიწვიოს. გასხვლა  ვეგეტაციის დაწყების შემდეგ გააკეთეთ. ფორმის შესანარჩუნებელი გასხვლა ასევე აქტიური ზრდის პერიოდში ხდება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ტერმინალური კვირტების შეჭრას. წინააღმდეგ შემთხვევაში ტოტის ქვედა ნაწილი სუსტად ვითარდება და შესაძლოა ამონაყარი არ გაიკეთოს. ლიქვიდამბრზე გადაჭრის ადგილის შეხორცება საკმაოდ ნელა მიმდინარეობს.

ლიქვიდამბრი
ლიქვიდამბრი


გადარგვა: 2 წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე, როდესაც კვირტები ზრდას დაიწყებს. კარგად იტანს ფესვების შეკრეჭას, მაგრამ აუცილებლად დაიცავით ბალანსი ფესვებსა და ვარჯის მოცულობას შორის.

მავთულის კარკასი: მავთულის დახვევა ლიქვიდამბრის მხოლოდ წვრილ ტოტებზეა შესაძლებელი. ისინი საკმაოდ ადვილად ზიანდება. ფორმირება ძირითადად გაკრეჭით და მავთულის დახვევის ალტერნატიული საშუალებით ხდება.

შენიშვნა: ლიქვიდამბრს ფართო ფოთლები აქვს, კვანძებს შორის მანძილიც საკმაოდ დიდია.ფორმირებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. უმჯობესია  ამ ჯიშისგან  დიდი ზომის ბონსაი გააკეთოთ, რადგან მასზე მუშაობაც უფრო გაგიადვილდებათ და პროპორციულ, ლამაზ ბონსაისაც შედარებით უფრო მარტივად მიიღებთ.