სიმაღლე: 45 სმ

ბონსაის ფორმირების მეთოდები და ტექნიკა

   როდესაც ადამიანი ბონსაის შექმნას გადაწყვეტს, მისი თვითმიზანი არ უნდა იყოს ხის მხოლოდ მინიატურული ზომის შენარჩუნება. ხე რომ არ გაიზარდოს და პატარა დარჩეს, სულაც არ არის საჭირო ბევრი რამის გაკეთება. მარტივად რომ ვთქვათ, ჩარგეთ პატარა მცენარე ქოთანში, გადაჭერით ყველა წამოზრდილი ტოტი და მიიღებთ “ჯუჯა” ხეს. მაგრამ ბონსაი გაცილებით უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე ქოთანში უბრალოდ ჩარგული პატარა ხე.


ჩვენთვის სასურველი გავლენის მოსახდენად მცენარის ზომასა და ფორმაზე, აუცილებელია ვიცოდეთ ფორმირების ის სპეციალური ხერხები, რომლებიც უკვე საკმაოდ დიდი ხანია გამოიყენება ბონსაის შესაქმნელად და რომლის ცოდნის გარეშეც ფაქტობრივად შეუძლებელია ნამდვილი ბონსაის მიღება. ამიტომ ფორმირება ყველაზე საპასუხისმგებლო პროცესია ბონსაიზე მუშაობისას. ფორმირების პრინციპის გაგება დამწყებისათვის საკმაოდ რთულია. პირველ რიგში საჭიროა “თვალის გავარჯიშება”. კარგად დააკვირდით ბონსაის ფოტოსურათებს და ნახატებს, რომლებიც მრავლადაა ბონსაის შესახებ დაწერილ წიგნებში და ინტერნეტ საიტებზე. ასევე აუცილებელია დიდი ყურადღება მივაქციოთ ბუნებაში გაზრდილ ხეებს. ეს დაგეხმარებათ მივხვდეთ თუ რატომ არის ესა თუ ის ნიმუში ლამაზი, როგორ არის ფორმირებული ტანი, რა პროპორციებია ტოტების განლაგებაში, როგორ არის გაშლილი ზედაპირული ფესვები და კიდევ სხვა მრავალი ნიუანსი, რომლის ცოდნაც აუცილებელია ბონსაის შექმნისთვის. კარგი იქნება თუ ხეებს, რომლებიც მოგეწონებათ, სურათს გადაუღოთ, ამ მასალებისგან მცირე კატალოგი შექმენით. ბონსაის ფორმირების დროს სასურველ ნიმუშთან შედარება საგრძნობლად გაგიადვილებთ საქმეს.


შემდეგ უნდა ვისწავლოთ ფორმირების ტექნიკა და კანონები. რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი მკაცრად მივდიოთ ამ კანონებს ბონსაის შესაქმნელად და ეს კანონები შეგვიძლია დავარღვიოთ კიდეც. მაგრამ დასაწყისისთვის, კარგად უნდა გავერკვიოთ იმ ძირითად პარამეტრებში, რომლების ცოდნაც აუცილებელია. გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ ადამიანი უკვე აღარ ფიქრობს წეს-კანონებზე და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას სასურველი შედეგის მისაღწევად.


ძირითადი პრინციპი რომლის ცოდნაც აუცილებელია:

• ბონსაის უნდა გააჩნდეს გამოკვეთილი წინა მხარე, რომელი მხრიდანაც უნდა ხდებოდეს მისი დათვალიერება. შეუძლებელია ისე გაკეთდეს ბონსაი, რომ ყველა მხრიდან ერთნაირად ლამაზი შესახედავი იყოს. ამიტომ ფორმირების დაწყების წინ აუცილებელია შეირჩეს მომავალი ბონსაის “წინა ფასადი”. ამ მხრიდან მცენარე ყველაზე ეფექტურად უნდა გამოიყურებოდეს.
• ხის ტანის ქვედა ნაწილი, ფესვებთან, უნდა იყოს ყველაზე მსხვილი ადგილი და შემდეგ ნელ-ნელა ვიწროვდებოდეს კენწეროსკენ. დაუშვებელია, რომ  ხის შუა ნაწილი ქვედაზე ფართო იყოს.
• ბონსაის ვარჯს უნდა ჰქონდეს არასიმეტრიული სამკუთხა ფორმა.

• ხის მთელი სიმაღლის ქვედა 1/3-ზე ტოტები არ უნდა იზრდებოდეს.
• ფორმა უნდა იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი, არ დაიშვება უაზრო გადახრები და მოღუნვები
• საურველია რომ ჩანდეს ზედაპირული, ყველა მიმართულებით განვითარებული მსხვილი ფესვები.
• ფორმირების დროს უნდა ვერიდოთ ყოველგვარ სიმეტრიას და სწორ გეომეტრიულ ფორმებს.