ინსტრუმენტები ბონსაისთვის

ინსტრუმენტები და დამხმარე მასალები ბონსაისთვის

   იმისთვის რომ შევძლოთ საკმაოდ სპეციფიკური სამუშაოების ჩატარება ბონსაის გასაზრდელად, გარკვეული სახის ინსტრუმენტებია საჭირო. მთელ მსოფლიოში, ენთუზიასტები თუ სპეციალისტები, უპირატესობას ბონსაისთვის სპეციალურად შექმნილ ინსტრუმენტებს ანიჭებენ. ეს ინსტრუმენტები დიდად არ განსხვავდება მებაღეობაში გამოყენებად ჩვეულებრივი ინსტრუმენტებისაგან, მაგრამ მინიატურულ ხეებზე სამუშაოდ მათი გამოყენება უფრო მოსახერხებელია და საგრძნობლად აიოლებს ფორმირებაზე თუ გადარგვაზე მუშაობას. მათი შეძენა მხოლოდ ბონსაის სპეციალიზებულ მაღაზიებში შეიძლება.

სპეცისლური ინსტრუმენტები
სპეციალური ინსტრუმენტები

   თუ ამ ინსტრუმენტების მოძიება ვერ შეძელით, თავისუფლად შეიძლება ჩვეულებრივი, საბაღე ინსტრუმენტების გამოყენება. ასეთი ინსტრუმენტები ძალიან ბევრისთვის კარგადაა ცნობილი და მათი შეძენაც არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.

  • სეკატორი, მსხვილი ტოტების და ფესვების მოსაჭრელად.
  • წვრილი ტოტების და ყლორტების მოსაჭრელი მაკრატელი.
  • პატარა საბაღე ხერხი ძალიან მსხვილი ტოტების მოსაჭრელად.
  • ჩვეულებრივი მაკრატელი ფოთლების და წვრილი ფესვების შესაკრეჭად.
  • პინცეტი, კვირტების და სარეველა ბალახების მოსაშორებლად.
  • ბრტყელტუჩა და საკვნეტი მავთულზე სამუშაოდ.
  • პატარა ნიჩბები.
  • სამკაპა ან უბრალოდ 90 გრადუსით მოღუნული წვეტიანი რკინის ღერო. გადარგვისას, ფესვებზე არსებული მიწის მოსაშორებლად.
  • დანა, ტოტების მოჭრის ადგილის დასამუშავებლად.
  • ფანქარივით წაწვეტებული ჯოხი, გადარგვისას მიწის ჩასაჩხვლეტად.
  • სადგამი, რომლის ზედაპირიც წრიულად ტრიალებს. ეს მოწყობილობა საგრძნობლად გაგიადვილებთ ბონსაის ფორმირებაზე მუშაობას, განსაკუთრებით მოსახერხებელია დიდი ზომის ბონსაისთვის. მისი საშუალებით იოლად შემოაბრუნებთ მცენარეს თქვენთვის სასურველ მიმართულებით.
  • სასხურებელი და პატარა სარწყავი
  • ორი საცერი, სხვადასხვა ზომის ბადით, მიწის გასაცრელად

   ყველა ეს ინსტრუმენტი სავსებით საკმარისია მუშაობის დასაწყებად. რაც უფრო მეტ გამოცდილებას იღებს ბონსაის მოყვარული, დროთა განმავლობაში, მით უფრო მეტი მოთხოვნა უჩნდება ინსტრუმენტების ხარისხზე და სპეციფიკაზე. ინსტრუმენტებს სჭირდება კარგი მოვლა. ყოველთვის ისინი შეინახეთ სუფთა და მშრალ ადგილას.  საჭრელი ინსტრუმენტები აუცილებელია ყოველთვის ბასრი იყოს. რაც უფრო მჭრელია ინსტრუმენტი მით უფრო ადვილია მისი გამოყენება და გადაჭრის ადგილიც უფრო სწრაფად და კარგად ხორცდება. მცენარის გასხვლისას საჭრელი ინსტრუმენტის პირზე რჩება მცენარის წვენი. ის მაკრატელი კი, რომლითაც ფესვების შეჭრა ხდება, მიწით ისვრება. თუ დაბინძურება დროზე არ მოშორდა, ზედაპირის დაჟანგვას გამოიწვევს და შედეგად ინსტრუმენტი ბლაგვდება. საჭრელი ინსტრუმენტის პირები იწმინდება სპირტით ან უბრალოდ, საპნიანი წყლით ირეცხება. გაწმენდის შემდეგ ინსტრუმენტი უნდა გამშრალდეს და დაიზეთოს. არსებობს სპეციალური შესასხურებელი სითხე, საკმაოდ ეფექტიანია, მისი შეძენა საბაღე მაღაზიებში შეიძლება. იდეალურია როდესაც ინსტრუმენტები იწმინდება და იზეთება ყოველი ხმარების შემდეგ. ინსტრუმენტების გარდა საჭიროა დამხმარე მასალებიც: სადრენაჟე ხვრელის დასაფარად პლასტმასის ან ლითონის პატარა ზომის ბადეები; მავთული, ტოტების და ხის ტანის ფორმირებისთვის; ტოტების გადაჭრის ადგილის დასაფარი საბაღე მალამო.

მავთული

   მავთული გამოიყენება ხის ტანის და ტოტების ფორმირებისთვის. ბონსაის ფორმირებისთვის იყენებენ მავთულს, რომელიც სპეციალურად ბონსაიზე მუშაობისათვის არის დამზადებული. ასეთი მავთულის არქონის შემთხვევაში, თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპილენძის და ალუმინის მავთული, რაც ელექტროგაყვანილობისთვის გამოიყენება. ასეთ მავთული იზოლაციითაა დაფარული. მუშაობის გასაადვილებლად უმჯობესი იქნება თუ მავთულს იზოლაციას შემოაცლით. სხვადასხვა სისქის ტოტის ფორმირებას შესაბამისი სისქის მავთული სჭირდება. ამიტომ მოიმარაგეთ სხვადასხვა დიამეტრის მქონე მავთული.

საბაღე მალამო

   მსხვილი ტოტების გადაჭრის ადგილი, მავნებლების შეღწევის და სოკოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად უნდა დაიფაროს სპეციალური საბაღე მალამოთი. თუ მალამოს ყიდვა ვერ შეძელით, მისი დამზადება სახლის პირობებშიც შეიძლება: 1-ნაწილი კანიფოლი, 1-ნაწილი ცხოველის მუცლის ქონი და 1-ნაწილი თაფლის სანთელი. სამივე კომპონენტი ერთად უნდა აადუღოთ დაბალ ცეცხლზე (15 წუთი). მიღებული მასა გაცივების შემდეგ წებოვანი, მაგარი პლასტელინისებური ხდება. ეს მალამო გამოყენების დროს ცეცხლზე უნდა გაათბოთ  გათხევადებამდე და პატარა ფუნჯით წაუსვათ გადაჭრის ადგილზე.

ბადე

   კონტეინერის სადრენაჟე ხვრელიდან მიწა რომ არ გამოირეცხოს, გამოიყენება ლითონის ან პლასტმასის ბადე. ასეთი ბადით იფარება კონტეინერის სადრენაჟე ხვრელი და მხოლოდ ამის შემდეგ ივსება კონტეინერი მიწით. ლითონის ბადე სპილენძის ან უჟანგავი ფოლადის უნდა იყოს. ჩვეულებრივი ფოლადის ბადე მალევე იჟანგება და ფუჭდება.