ბონსაის მოვლა (სასუქი)

   ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, გარდა ნახშირბადის(C), წყალბადის(Н) და ჟანგბადისა(O) რომელსაც მცენარე ჰაერით და წყლით იღებს, მცენარისთვის აუცილებელია მიწიდან მიიღოს საკვები, მაკრო და მიკრო ელემენტები. მაკროელემენტებია: აზოტი(N), ფოსფორი(P), კალიუმი(K), კალციუმი(Ca), აგრეთვე საჭიროა სხვადასხვა მიკროელემენტები ძალიან მცირე დოზით:მაგნიუმი(Mg). რკინა(Fe), სპილენძი(Cu), თუთია(Zn), მოლიბდენი(Mo), ბორი(B). მანგანუმი(Mn), ნატრიუმი (Na) და კიდევ სხვა ელემენტები. ყველა ამ ელემენტის მცენარის არსებობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ეს განსაკუთრებით მაკროელემენტებს ეხება. თითოეულ მათგანის სიჭარბე ან ნაკლებობა საგრძნობ ზეგავლენას ახდეს მცენარის განვითარებაზე, მაგალითად:

   აზოტი საჭიროა მცენარის ზრდის რეგულაციისათვის, ფოთლებისთვის და მსხმოიარობისათვის. აზოტის უკმარისობა მალევე შესამჩნევი ხდება ზრდის შენელებით. სიჭარბე იწვევს ახალი ყლორტების ზრდის გახანგრძლივებას, შედეგად სუსტდება ზამთარ-მედეგობა. აზოტით მდიდარი სასუქის დამატება არ ხდება ვეგეტაციის პერიოდის მეორე ნახევარში.

   ფოსფორი. ხელს უწყობს მცენარის განვითარებას, ფესვების ზრდას. აძლიერებს მცენარის ამტანუნარიანობას გვალვასა და ყინვის მიმართ.

   კალიუმი უზრუნველყოფს მცენარის ამტანობას სტრესების მიმართ (ძალიან მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, ტენის სიჭარბე ან ნაკლებობა). კალიუმის ოპტიმალური რაოდენობა აძლიერებს კვირტების გამოზამთრების უნარს, მცენარის ამტანობას სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების მიმართ.

   კალციუმი. აუცილებელია ნივთიერების ნორმალური ცვლისათვის მცენარეში.


   ბონსაის შემთხვევაში კონტეინერში მიწის სიმცირის გამო საკვები ნივთიერება მალე იწურება. ამიტომ ისეთი სასუქის რეგულარული დამატება, რომელიც ყველა ამ ელემენტს შეიცავს, ისევე აუცილებელია როგორც მორწყვა. დამატებითი საკვების გარეშე მცენარე სუსტად ვითარდება, ფოთლები და წიწვები უფერულდება, უფრო იოლად ზიანდება დაავადებისგან.


   ბონსაისთვის შეიძლება გამოიყენოთ როგორც ორგანული ისევე მინერალური სასუქი, ოღონდ არ შეიძლება მათი ერთმანეთში არევა და ისე დამატება. არსებობს სასუქი სპეციალურად ბონსაისთვის, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო ელემენტს. ასეთი სასუქი შეიძლება იყოს როგორც თხევადი ასევე მყარი, გრანულების სახით. თხევადი სასუქი გარკვეული დოზით იხსნება წყალში და მიღებული ხსნარით ჩვეულებრივად ირწყვება მცენარე. თხევად სასუქს მცენარე საკმაოდ სწრაფად ითვისებს, ამიტომ მისი დამატება ფოთოლმცვივან და მსხმოიარე ხეებზე ყოველ 2 კვირაში ერთხელ ხდება, წიწვოვანებზე ყოველ 3 კვირაში ერთხელ. გრანულირებული სასუქს მოქმედების უფრო ხანგრძლივი ვადა აქვს. ასეთი სასუქი ან მიწაში ერევა ან სპეციალურ პატარა ჭურჭელში ჩაყრილი ზემოდან იდება მიწაზე. ყოველი მორწყვის დროს გარკვეული რაოდენობა იხსნება წყალში და ნელ-ნელა კვებავს ბონსაის.


   თუ ვერ შეძელით ასეთი სასუქის მოძიება, შეგიძლიათ გამოიყენოთ კომბინირებული სასუქი, რომელიც მებაღეობის ან ყვავილების მაღაზიაში იყიდება. როგორც წესი, ასეთი სასუქი მცენარეებისთვის საჭირო ყველა ელემენტს შეიცავს. ბონსაისთვის სასურველია გამოიყენოთ ისეთი, რომელიც წყალში კარგად იხსნება. ასეთი სასუქის გამოყენება უფრო მოსახერხებელია. პაკეტებზე ყოველთვის აწერია შემადგენლობა პროცენტებში და რა რაოდენობის წყალში უნდა გაიხსნას. ისეთი სასუქის დამატებისას, რომელიც წყალში არ იხსნება, დიდი სიფრთხილე გმართებთ, კარგად განსაზღვრეთ საჭირო დოზა, რადგან ზედმეტმა რაოდენობამ მცენარის გახმობა შეიძლება გამოიწვიოს. 
ჩვეულებრივ, სასუქის დამატება იწყება ადრე გაზაფხულზე და მთავრდება შემოდგომით. არ შეიძლება ახლად გადარგული მცნარესთვის სასუქის დამატება. ვეგეტაციის დაწყებიდან მხოლოდ 4-5 კვირის შემდეგ, როდესაც ბონსაი კარგად გაფესვიანდება დასაშვებია სასუქის შეტანა.