ალექსანდრე მესხი ბონსაის მორწყვა

ბონსაის მორწყვა

   შეიძლება სადმე გაიგოთ ან წაიკითხოთ: “მორწყვა ხელს უწყობს მცენარის ზრდას სწორედ ამიტომ თუ ბონსაის იშვიათად მორწყავთ ის დიდი არ გაიზრდება და უფრო იოლად მივაღწევთ სასურველ შედეგს”. ეს აბსოლუტურად მცდარი აზრია. თუ ბონსაის არ მორწყავთ სათანადოდ, მცენარე სუსტი და ულამაზო იქნება, წყლის ნაკლებობის გამო კი ის შეიძლება საერთოდ გახმეს. ბონსაის რეგულარული და გულმოდგინე მორწყვა სჭირდება. ხოლო მისი მინიატურული ზომების მისაღებად სხვა მეთოდებია საჭირო. მცენარეების ზრდა და განვითარება მუდმივად არის დამოკიდებული წყალზე. მიწიდან წყლის შეწოვა ფესვების საშუალებით ხდება. შემდეგ წყალი მიეწოდება მცენარის ტანს, ტოტებს და ფოთლების საშუალებით ორთქლდება ატმოსფეროში.  ეს პროცესი მცენარეს საშუალებას აძლევს ყველა მიმართულებით გაანაწილოს მიწიდან აღებული აუცილებელი საკვები ნივთიერება . მცენარეს არ შეუძლია მიწიდან საკვები ნივთიერებები მშრალ მდგომარეობაში შეითვისოს. ამიტომ, ფესვებთან სისველეს არქონის შემთხვევაში, ხეში წყლის მოძრაობა და საკვები ნივთიერებების მიწოდება აღარ მიმდინარეობს.


   ბუნებაში, მცენარის ფესვები ღრმად იზრდება მიწაში. თუ მოხდა ისე რომ წვიმა რაღაც პერიოდის განმავლობაში არ მოვიდა, ღრმად გამდგარი ფესვების დახმარებით მცენარე მაინც მოახერხებს მისთვის საჭირო წყლისა და საკვები ნივთიერების მიღებას.  კონტეინერით შეზღუდულ პირობებში ბონსაის არანაირი საშუალება არ აქვს თვითონ არეგულიროს ფესვების საჭირო მიმართულებით ზრდა. კონტეინერში მიწა ძალიან ცოტაა, ამის გამო ბონსაი უფრო მეტადაა დამოკიდებული მორწყვაზე ვიდრე ბუნებაში მზარდი ხე.


   ბონსაის სათანადო მორწყვა არც ისე იოლია, როგორც ეს თავიდან შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს. შეიძლება მოხდეს ისე რომ რამდენიმე ხეც კი გაგიფუჭდეთ სანამ მიხვდებით, რომ მათი გახმობის მიზეზი არასწორი მორწყვა გახდა. იაპონიაში იმასაც კი ამბობენ, რომ დამწყებ ენთუზიასტს 3 წელი მაინც ჭირდებათ იმის მისახვედრად თუ როგორ უნდა მოირწყას ბონსაი მართებულადასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში წყლის მოძრაობა და შემდეგ ფოთლების საშუალებით აორთქლება მცენარის ტემპერატურასაც არეგულირებს და იცავს მას გადახურებისგან. სანამ მიწა სველია მცენარეს შეუძლია ძალიან მაღალი ტემპერატურის პირობებშიც კი განაგრძოს ნორმალურად განვითარება. წყლის ნაკლებობის შემთხვევაში კი ფოთლებსა და ყლორტებზე ჩნდება “დამწვრობის” ლაქები, რაც საბოლოო ჯამში მცენარეს გახმობის მიზეზი ხდება.

მორწყვის რაოდენობა და სიხშირე

   ბონსაის მორწყვის სიხშირე  გარემო პირობებზეა დამოკიდებული, მიწაზე კონტეინერში და თვითონ მცენარის სახეობაზე. ბონსაის მორწყვა სჭირდება არა მკაცრად განსაზღვრული პერიოდულობით, არამედ საჭიროების მიხედვით. მაგალითად, გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში, მორწყვა დღეში ერთხელ შესაძლებელია საკმარისი არ აღმოჩნდეს. არსებობს კიდევ ერთი მცდარი აზრი, თითქოს მორწყვა იმ პერიოდში, როდესაც მზის პირდაპირი სხივები ხვდება მცენარეს, მისთვის საზიანოა. ზაფხულში, დღის მზიან პერიოდში ხანდახან აუცილებელიც კი არის ბონსაის მორწყვა. ამიტომ ნუ შეიმუშავებთ დაახლოებით ამ სტილის გრაფიკს: ”ბონსაი აუცილებლად უნდა მოირწყას დღეში ერთხელ, საღამოს”.


   ზოგიერთი სახეობის მცენარეს მიწა მუდმივად ნესტიანი უნდა ჰქონდეს, ზოგს კი ნაკლები სინესტე ესაჭიროება, მაგრამ მიწის აბსოლუტური გამოშრობა, ძალიან ხშირ შემთხვევაში, მცენარის გახმობის მიზეზი ხდება. აუცილებლად შეამოწმეთ მიწის მდგომარეობა ყოველ დღე და მორწყეთ მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა გაჩნდება. არსებობს რამდენიმე მარტივი ნიშანი მიწის გამოშრობის მისახვედრად: როდესაც მიწა გამოშრობას იწყებს, მისი ზედაპირი ფერს იცვლის; მშრალი მიწის ზედაპირი შედარებით მაგარია; თუ ბონსაი უკვე რამდენიმე თვე ჩარგული გაქვთ კონტეინერში, მისი ხელში აღებითაც შეიძლება განსაზღვროთ მორწყვის აუცილებლობა. საკმაოდ შესამჩნევი სხვაობაა წონაშიც, გამომშრალი მიწა საგრძნობლად მჩატეა. ზოგიერთი სპეციალისტი ტენიანობის საზომი აპარატის გამოყენებას გვირჩევს, მაგრამ ჩემი აზრით, ამის აუცილებლობა არ არსებობს.

   ფოთოლმცვივან ხეებზე მორწყვის დაგვიანების პირველი ნიშანი ფოთლებისა და ახლადამოსული ყლორტების ჩამოშვებაა. არასათანადო მორწყვა უფრო ძნელი შესამჩნევია წიწვოვან ხეებზე. თუ ფოთოლმცვივან ხეების მორწყვის რამდენიმე საათით დაგვიანება, ფოთლების ჩამოშვების მიზეზი შეიძლება გახდეს, წიწვოვან ხეებზე შესაძლოა 1 კვირაც კი გავიდეს სანამ მიხვდებით, რომ ხეს რეგულარულად არასაკმარისად რწყავდით.

   ბონსაის მოსარწყავად ხმარობენ სპეციალურ, პატარა სარწყავს, რომლიდანაც წყლის ნაკადი ნელა გადმოედინება. ერთბაშად დიდი რაოდენობით წყლის დასხმისას მიწის ზედაპირი გადაირეცხება, ალაგ-ალაგ ჩაღრმავდება, ზედაპირზე გამოჩნდება წვრილი ფესვები, რომლებიც შემდგომში აუცილებლად გახმება.  ეს ყველაფერი საგრძნობლად აუშნოებს მცენარის საერთო შეხედულებას, რომ არაფერი ვთქვათ, იმ ზიანზე, რომელიც წვრილი ფესვების გახმობამ შეიძლება მცენარეს მიაყენოს.


   მოსარწყავად საუკეთესო ვარიანტია წვიმის, წყაროს ან ტბის წყლის გამოყენება. მაგრამ, თუ მცენარეების საკმაოდ მრავალრიცხოვანი კოლექცია გაქვთ, რთულია მარაგის გაკეთება. ამიტომ გამოიყენეთ ჩვეულებრივი, ონკანის წყალი. მისი უარყოფითი მხარე ქლორიანობა და მარილების მაღალი შემცველობაა. ასეთი წყლით რეგულარულად მორწყვის შემდეგ ზედაპირული ფესვები და კონტეინერის კიდეები თეთრი ნადებით იფარება. ამიტომ მოგიწევთ ამ ნადების დროდადრო მოშორება.


   მიაქციეთ ყურადღება,თუ 
 წყლის დიდი რაოდენობა ზედაპირიდან კონტეინერის გარეთ იღვრება, ასეთ შემთხვევაში დაასხით წყალი ნელ-ნელა, იმ რაოდენობით რომ ზედაპირიდან არ გადმოვიდეს, დაელოდეთ სანამ მიწაში გაიჟონება და ისევ დაამატეთ, მორწყვის შემდეგ წყალი უნდა გამოვიდეს სადრენაჟე ხვრელებიდან, რადგან შეიძლება, რომ მხოლოდ ზედაპირი დასველდეს, სიღრმეში კი მიწა მშრალი დარჩეს. ანუ დარწმუნდებით, რომ მიწა კონტეინერში მთლიანად დასველდა.  კარგად დასველებული მიწის ნიშანი კი სწორედ წყლის გამოდინებაა სადრენაჟე ხვრელიდან.

   დავუშვათ მოხდა ისე რომ კონტეინერში მიწა მთლიანად გამოშრა. თუ ასეთი შემთხვევისას კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ კონტეინერსა და მიწას შორის ღია სივრცე წარმოიქმნება. თუ ბონსაის ასეთ მდგომარეობაში მოვრწყავთ, წყლის დიდი რაოდენობა სიცარიელის გავლით პირდაპირ გავა სადრენაჟე ხვრელიდან,

   ასეთ დროს  უმჯობესია იგივე მეთოდი გამოვიყენოთ, რომელსაც ბონსაის გადარგვის შემდეგ პირველი მორწყვისას ვაკეთებთ. ჩავდოთ მცენარე კონტეინერზე დიდ ჭურჭელში, ჩავასხათ წყალი კონტეინერის კიდემდე და როდესაც მიწის ზედაპირი დასველდება, ამოვიღოთ. ზედმეტი წყალი სადრენაჟე ხვრელებიდან გამოვა. ოღონდ ნუ გამოიყენებთ ამ მეთოდს რეგულარულად.


 გაზაფხულზე და ზაფხულში მცენარეს უფრო მეტი წყალი ესაჭიროება, ვიდრე გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში. ზამთარში შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ თვეში ერთხელ მორწყათ მცენარე (ნუ მორწყავთ ბონსაის ყინვების პერიოდში). ასევე მნიშვნელოვანია დღის რომელ პერიოდში უნდა მოვრწყათ ბონსაი. გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა მაღალია, სასურველია მორწყვა ისეთნაირად მოახერხოთ რომ მიწა კონტეინერში ღამის განმავლობაში ნოტიო იყოს. მორწყეთ საღამოს. თუ მხოლოდ დილით ან შუადღეს დაასხამთ წყალს, მიწა მალე გამოშრება და ფაქტობრივად, მთელი ღამის განმავლობაში მცენარე მშრალ გრუნტში იქნება. შემოდგომით, როდესაც მზე უკვე ისეთი მცხუნვარე აღარ არის შეგიძლიათ ბონსაი დღის ნებისმიერ დროს მორწყათ.


რაც შეეხება გადაჭარბებულ მორწყვას, როდესაც მიწა მუდმივად სველია ფესვების გარშემო, მცირდება ჟანგბადის რაოდენობა მიწაში. რაც შემდგომში წვრილი ფესვების გაფუჭებას იწვევს. გაფუჭებული ფესვები იწყებს ლპობას და თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, ნელ-ნელა ფესვების სისტემის დიდი ნაწილი დალპება. შედეგად, ჯერ ხე სუსტდება და თუ სიტუაცია არ გამოსწორდა-იღუპება. ამიტომ, როცა ბონსაის კარგად მორწყავთ, აცალეთ მიწას ნელ-ნელა გამოშრეს, მხოლოდ ამის შემდეგ მორწყეთ ხელახლა.

   კონტეინერში მიწის ზედმეტი დასველება შეიძლება გადაუღებელმა წვიმებმაც გამოიწვიოს. თუნდაც ერთკვირიანი გადაუღებელი წვიმა ზიანის მომტანი არ იქნება მცენარისთვის. საშიშია, როდესაც, მუდმივად, მთელი სეზონის განმავლობაში მიწა კონტეინერში წყლით არის გაჟღენთილი. არის კიდევ ერთი შეცდომა რაც დამწყებ ენთუზიასტებს ემართებათ. ზაფხულში, ხანმოკლე წვიმის შემდეგ კონტეინერში მიწის მხოლოდ ზედაპირი სველდება, სიღრმე კი მშრალია. თუ არ ხართ დარწმუნებული რომ მიწა მთლიანად კარგად არის დასველებული, ბონსაი ჩვეულებრივ მორწყეთ. ასეთ შემთხვევაში ზედმეტი მორწყვა ზიანის მომტანი არ იქნება.