ბონსაის გამოფენა ინტერიერში

   ტრადიციულ იაპონურ სახლში არსებობს სპეციალური ადგილი, პატარა ნიშა, რომელსაც იაპონურად ტოკონომა ჰქვია. ტოკონომა, იაპონური არისტოკრატიული სახლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ეს ადგილი  ტრადიციულ გრავიურას , კალიგრაფიულად დაწერილ რამე გამონათქვამს ან იკებანას გამოსაფენად ეთმობა. ასევე ტრადიციად ჩამოყალიბდა ტოკონომაში ბონსაის მოთავსებაც.

ტოკონომა

   იდეალური ადგილი ბონსაის გამოსაფენად: განცალკევებული, თითქმის ცარიელი ადგილი, სადაც ბონსაის  ხელს არაფერი უშლის და საშუალებას აძლევს დამკვირვებელს კარგად შეაფასოს ბონსაის სილამაზე. ტოკონომაში ბონსაის პატარა, სპეციალურად დამზადებულ ხის სადგამზე დგამენ. სადგამები სხვადასხვა ზომის და ფორმისაა. როგორც წესი, დასადგმელ მაგიდებს ბონსაის გამოსაფენად სპეციალურად ამზადებენ მცენარის და კონტეინერის ზომების გათვალისწინებით.

ბონსაის სადგამები
ბონსაის სადგამები

   რა თქმა უნდა, ჩვენს სახლებში არ არის გათვალისწინებული ტოკონომას მაგვარი ადგილი. ამიტომ, როდესაც გადავწყვეტთ ბონსაის ოთახში შემოტანას, უნდა შეარჩიოთ ისეთი ადგილი სადაც მინიატურული მცენარე კარგად გამოჩნდება, არ იქნება “დაჩრდილული” სხვა საოჯახო ნივთებით. პირველ რიგში ბონსაი ისე უნდა მოთავსდეს, რომ დამკვირვებელმა გარკვევით შეძლოს წინა, მცენარის ყველაზე ეფექტური, მხარის კარგად დათვალიერება.

   თუ სპეციალური სადგამები არ გაქვთ, ბონსაი მოათავსეთ მაგიდაზე კედელთან, ან თაროზე.  კედელი სასურველია თავისუფალი იყოს: სურათები, ან რამე დეკორატიული ნივთი არ უნდა ჩანდეს ბონსაის უკან და  ნუ დადგამთ არაშესაფერის ნივთებს ბონსაის სიახლოვეს.
ძალიან მნიშვნელოვანია რა სიმაღლეზე იქნება მოთავსებული მცენარე. ჩემი აზრით, ბონსაი კარგად ჩანს როდესაც იატაკიდან დაახლოებით 1-1,3 მეტრის სიმაღლეზეა დადგმული. თუ ბონსაი საკმაოდ დიდი ზომისაა, შეიძლება უფრო ნაკლებ სიმაღლეზე მოთავსდეს.