ბუნებრივი პირობები, სადაც ხეები იზრდება, ძალიან განსხვავებულია. ზოგს განვითარებისთვის თითქმის იდეალური პირობები აქვს: საკმარისი სინათლე, საჭირო რაოდენობით წყალი და საკვები ნივთიერება, თავისუფალი სივრცე ვარჯის ნორმალური განვითარებისთვის. სხვა მცენარეები კი მოკლებულნი არიან ასეთ ”ფუფუნებას”. ზოგი მცენარე კლდის ციცაბო ფერდობზე იზრდება და ამის გამო მისი ფესვები ეძებს ადგილს, რათა მაგრად ”ჩაებღაუჭოს” კლდეს. ზოგი კი ისეთ გრუნტში იზრდება, სადაც არასაკმარისი წყალი ან საკვები ნივთიერებაა, ზოგს არ ყოფნის მზის შუქი, ზოგიც გაბატონებული ქარების გამო ერთ მხარეს არის გადახრილი. ხეებს ბუნებაში, ძალიან ხშირად დიდი ”ბრძოლა” სჭირდებათ, მათთვის არახელსაყრელ პირობებში თავი რომ გადაირჩინონ. ყველაფერი ეს დიდ ზეგავლენას ახდენს მცენარის განვითარებაზე. ამის გამო სხვადასხვა გარემოში გაზრდილ ხეებს, სხვადასხვა ფორმისა და ზომის ვარჯი, ტანი და ფესვები აქვს. ბუნებაში არსებული ფორმების ეს მრავალფეროვნება გახდა ბონსაის კულტურაში გარკვეული, ”სტანდარტული”, სტილების ჩამოყალიბების წინაპირობა. რა თქმა უნდა რთულია, ბუნებაში გაზრდილი ხეების ფორმა რაღაც გარკვეულ ჩარჩოში მოაქციო, მაგრამ იაპონიაში შექმნეს ბონსაის ფორმების გარკვეული სისტემა, ბონსაის სტილები, შესაბამისი იაპონური ტერმინოლოგიით, რომლითაც ბონსაის მოყვარულები თუ პროფესიონალები მთელ მსოფლიოში სარგებლობენ.
აბსოლუტურად სწორი ტანი. ჩიოკანნი
(直幹)
ხის ტანი სწორია, ყოველგვარი გადახრების გარეშე. ვარჯს უნდა ჰქონდეს კონუსისებრი ფორმა. ხის კენწერო და ძირი ერთ ვერტიკალურ ხაზშია. მთელი სიმაღლის ქვედა 1/3-ზე ტოტები არ იზრდება. ზედაპირული ფესვები გაშლილია ყველა მიმართულებით
ერთ ან რამდენიმე ადგილას გახრილი ტანი. მოიოგი
(模様木)
ხის ტანი მიხრილ-მოხრილია. აქაც, როგორც სტილში ჩიოკანნი,ზედაპირული, კარგად განვითარებული ფესვები გაშლილია ყველა მიმართულებით. მიუხედავად ტანის მიხრილ-მოხრილი ფორმისა, ხის კენწერო და ძირი ერთ ვერტიკალურ ხაზშია. მთელი სიმაღლის ქვედა 1/3-ზე ტოტები არ იზრდება
სწორი ან მოხრილი ტანი, გადახრილი რომელიმე მხარეს. შაკანი
(斜幹)
ხის ტანი ზედაპირიდან 60-70 გრადუსითაა გადახრილი. პირველი ქვედა ტოტი უნდა იყოს გადახრის საპირისპირო მხარეს. ხის ტანი შეიძლება სწორი იყოს, შეიძლება რამდენიმე ადგილას გახრილი.
ზიგზაგისებური ტანი. ბანკანი
(蟠幹)
ბანკანის სტილის დროს ხის ტანს ზიგზაგისებური ფორმა აქვს, დაახლოებით ისეთივე, როგორიც ლათინური ასო ”S”.ძირითადი ტოტები ტანის მოხრის ადგილიდან გარეთ იზრდება, ხოლო კენწერო და ძირი ერთ ვერტიკალურ ხაზშია.
ორმაგი ტანი. ერთი ხე რომლის ტანიც ფესვებიდან ორ ნაწილად იყოფა. სიოკანი
(双幹)
განშტოება იწყება საერთო ფესვიდან. ორი სხვადასხვა ზომის ტანი, როგორც სისქეში ასევე სიმაღლეში. უფრო მსხვილი, კარგად განვითარებული ტანი უფრო მაღალია. ორივე ტანმა უნდა შექმნას ერთი საერთო ვარჯი და ჰქონდეს ერთი მთლიანი ხის ფორმა.
კასკადი: ერთი მიმართულებით “გადმოკიდებული” ხე. კენგაი
(懸崖)
ამ სტილის ბონსაი ჰგავს იმ ხეს, რომელიც ხევის ციცაბო ფერდზე იზრდება. ფესვები ღრმად არის გამჯდარი გრუნტში, ტოტები გადმოკიდებულია ხევში. ვარჯის ზედა ნაწილი ქოთნის ზედაპირის მაღლა რჩება. ძირითადი ნაწილი იხრება ქვემოთ, ზიგზაგისებური ფორმით. ხის ვარჯის დაბოლოება აუცილებლად კონტეინერის ზედაპირის დონის დაბლა უნდა იყოს, ხშირ შემთხვევაში დაბოლოება კონტეინერის ძირსაც სცდება. ამ სტილის ბონსაის დგამენ სპეციალურ მაღალ სადგამზე.
ნახევრად კასკადი. ჰან-კენგაი
(半懸崖)
ჰან-კენგაის სტილის შემთხვევაში ვარჯის დაბოლოება კონტეინერის ზედაპირის დონეზე ან სულ მცირედით დაბლა უნდა იყოს. ასეთი ფორმის ხეები ხშირად გვხვდება კლდეებზე, მდინარისა და ტბის ციცაბო სანაპიროებზე. მცენარე სულ მცირედი სიმაღლით იზრდება ზევით, ხოლო ერთი ან რამდენიმე ტოტი იხრება ქვევით.
ცოცხისებური სტილი. ხოკიდაჩი
(箒立ち)
ეს სტილი გამოდგება მხოლოდ ფოთოლმცვივანი ხეებისთვის. ხის სიმაღლის ქვედა 1/3-ზე ტოტები არ იზრდება. ტანის ქვედა, უტოტო ნაწილი, აბსოლუტურად სწორია. ხეს არ გააჩნია კენწერო. ტოტები წვრილი და ძალიან ხშირია, იზრდება ყველა მიმართულებით, არ არსებობს რომელიმე მკაფიოდ გამოკვეთილი ტოტი, ყველა მათგანს დაახლოებით თანაბარი სისქე აქვს. ვარჯს აქვს ნახევარსფეროს ფორმა.
რამდენიმე ტანი. კაბუდაჩი
(株 立)
ფესვებთან ახლოს ტანი იწყებს განშტოებას. მიუხედავად იმისა რომ ამ სტილის ბონსაის რამდენიმე ტანი აქვს, მის ვარჯს ერთი, მთლიანი ხის ფორმა უნდა ჰქონდეს. თეორიულად ეს სტილი იგივეა რაც ”შო-კან”. მაგრამ ტანის რაოდენობა 3 ან მეტი უნდა იყოს.
ქარის ზეგავლენით, ცალ მხარეს გადახრილი ხე. ფუკინაგაჩი
(吹 き 流 し)
ხის ტანი ოდნავ დახრილია ერთ მხარეს, ტოტები იზრდება მხოლოდ ერთი მიმართულებით, საითკენაც ტანია გადახრილი. უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს ძლიერი ქარი უბერავს და ხეც ქარის ქროლის მიმართულებით იხრება. ასეთი სტილის ბონსაის ფორმირება მოყვარულისგან საკმაოდ დიდ ფანტაზიასა და გამოცდილებას მოითხოვს.
ელიტარული სტილი. ბუნძინგი
(文人木)
ეს სტილი მხოლოდ წიწვოვანი მცენარეებისთვის გამოდგება. ელეგანტურად მიხრილ-მოხრილი მაღალი ტანით. ვარჯის ფორმირება მცენარის მხოლოდ ზედა ნაწილში ხდება. ელიტარული სტილის ბონსაის ძალიან სპეციფიკური ფორმა აქვს. მისი რეალური შეფასება მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლია, რომლებმაც კარგად იციან რა არის ბონსაი.
სტილის იდეაა შეიქმნას მცენარე, რომელსაც ეტყობა რომ, არახელსაყრელ გარემო პირობებში იზრდებოდა და გადარჩენისათვის ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა.
ხეების ჯგუფი რომლებსაც საერთო ფესვი აქვს. ნეცუნაგარი
(根 連 な り)
ნეცუნაგარის სტილის შემთხვევაში ხეები იზრდება საერთო ფესვიდან. ამ სტილში ხის ტანი კენტი რაოდენობა უნდა იყოს 3,5,7…. ხეები თითქმის ერთ ხაზშია განლაგებული. უმსხვილესი ტანი ყველაზე მაღალი უნდა იყოს.
მიწაში ჩაფლული ხე. იკადაბუკი
(筏吹き)
ხე რომელსაც ცალ მხარეს ტოტები მთლიანად მოჭრილი აქვს, ჩაფლულია მიწაში ჰორიზონტალურად, ისე რომ მისი ტანი ჩანს მიწის ზედაპირზე როგორც ერთიანი ფესვი. ყველაზე მსხვილი და კარგად განვითარებული ტოტი ყველაზე მაღალია.
ტყე. იოსე უე
(寄せ植え)
იოსე უეს სტილი ეს არის პატარა ტყის მინიატურული მოდელი. ხეების ასეთი ჯგუფი შეიძლება ნებისმიერ კლიმატურ ზონაში ვნახოთ. ამ სტილის ბონსაის გაკეთებას თავისი პლუსი აქვს. იოსე უეს შექმნისას შეიძლება გამოვიყენოთ 2-3 წლის ნერგები. დამწყებ მოყვარულებს, რომლებსაც ეჩქარებათ თავიანთი ნამუშევრის შედეგის ნახვა, შეუძლიათ ამ სტილში დაიწყონ მუშაობა. ამ სტილისთვის ის ნერგებიც კი გამოდგება, რომლებსაც ტოტები კარგად არ აქვთ განვითარებული, ხარვეზები ჯგუფში მდგარმა სხვა ხეების ტოტებმა იოლად შეიძლება დაფაროს.
სასურველია შეირჩეს ერთი ჯიშის ხეები, პატარა ფოთლებით ან წიწვებით. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ”შერეული ტყის” გაკეთებაც. მაგრამ ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ისეთი ჯიშების შერჩევა რომლებსაც თანაბარი ზრდის ტემპი და დაახლოებით მაინც ერთნაირი ზომის ფოთლები ექნებათ. მინიატურული ზომების გამო, ფოთლის ზომებში კონტრასტული სხვაობა ამ სტილს არამიმზიდველს ხდის. არ გამოდგება წიწვოვანი და ფოთოლმცვივანი ხეების კომბინაციაც. ასევე მნიშვნელოვანია ნერგების რაოდენობა. იოსე უეს შესაქმნელად მცენარეების კენტ რაოდენობას ირჩევენ.
კომპოზიცია ქვაზე. იშიცუკი (石付) და სეკიძიეძიუ (石 上 樹)
ისიცუკი კლდეზე გაზრდილი ხის იმიტაციაა. ამ სტილში შეიძლება ორი კატეგორია განვასხვაოთ: იშიცუკი — ხის ფესვები მთლიანად ქვაში იზრდება და სეკიძიეძიუ — ხის ფესვები შემოხვეულია ქვის ზედაპირზე. როგორც ყველა სტილი, ასევე კომპოზიცია ქვაზეც ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს . მცენარის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ პირველი ტოტი ფესვებთან ახლოს უნდა იყოს . სხვა სტილებში, ქვედა ტოტის დაშორება ფესვებიდან მცენარის სიმაღლის 1/3-ს შეადგენს, ისიცუკი და სეკიძიეძიუ სტილის შემთხვევაში ეს სივრცე ქვამ უნდა შეავსოს. ქვისა და მცენარის პროპორციული შესაბამისობა მთლიანად შემქმნელის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ამ სტილის კარგად გასააზრებლად უმჯობესია ბონსაის გამოცდილი სპეციალისტების მიერ შექმნილი ნიმუშების გულმოდგინე დათვალიერება. ქვას უნდა ჰქონდეს ნახვრეტები, ნაწიბურები და ჩაღრმავებები, უნდა ეტყობოდეს რომ ბუნებრივმა მოვლენებმა დიდი ზეგავლენა იქონიეს მის ”ჩამოყალიბებაში”. ამ სტილისათვის შერჩეული ქვა რაღაცით კლდეს უნდა გვაგონებდეს. რიყის ან ხელოვნურად დამუშავებული, გლუვზედაპირიანი ქვა ბონსაის ამ სტილისთვის არანაირად არ გამოგვადგება.
მინიატურული ლანდშაფტი. საიკეი
(栽景)
საიკეი ეს არის ქვების, მიწის, წყლის, ბალახოვანი მცენარეების, ხავსისა და პატარა ხეების გამოყენებით მინიატურული ლანდშაფტის შექმნა. საიკეი მნახველზე უნდა ქმნიდეს ყველა ელემენტის ჰარმონიულად შეთავსებული მინიატურული ბუნების ილუზიას ყველა კომპონენტი ისე უნდა მოთავსდეს კონტეინერში, რომ დაცული იყოს ყველა პროპორცია, ხოლო კომპოზიცია ბუნებრივად გამოიყურებოდეს.
მიწა, ქვები და მცენარეები ისეა განლაგებული რომ ზღვის სანაპიროს, ბორცვიანი მდელოს ან მთიანი ადგილის ბუნებრივი მოდელი შექმნას. თვითონ ხეები დაახლოებით ისეთია, როგორიც კლასიკურ ბონსაის შემთხვევაში. ხეების გარდა გამოიყენება სხვადასხვა ბალახოვანი მცენარეებიც, რაც უფრო აძლიერებს ბუნებრივი ლანდშაფტის ილუზიას. საიკეი ხეების უფრო თავისუფალი არჩევანის საშუალებას იძლევა, შეიძლება ხეების საკმაოდ პატარა, 2-3 წლის ნერგიც კი გამოვიყენოთ.
მინიატურული ლანდშაფტისთვის შეიძლება გამოვიყენოთ პატარა ან საშუალო ზომის ხეები, როგორც ფოთოლმცვივანი ასევე წიწვოვანი. მსხმოიარე ხეები, როგორც წესი ამ შემთხვევაში არ გამოიყენება, რაოდენობა მთლიანად შემქმნელის გემოვნებაზეა დამოკიდებული. მინიატურული ტყეებისგან განსხვავებით დასაშვებია ხეების რაოდენობა ლუწი რიცხვი იყოს. შესაძლებელია ერთი ხისგანაც გაკეთდეს საკმაოდ ლამაზი საიკეი. შეძლება შეირჩეს როგორც ერთი ისე სხვადასხვა ჯიშის ხეები.
მადლობა სალომე ლაშხს ბონსაის ილუსტრაციების შექმნისთვის