ბლოგი

ბონსაი ალექსანდრე მესხი

ბონსაის სხვადასხვა სტილების შექმნის თავისებურება. მინიატურული ლანდშაფტი. საიკეი (栽景)

   საიკეი ეს არის ქვების, მიწის, წყლის, ბალახოვანი მცენარეების, ხავსისა და პატარა ხეების გამოყენებით მინიატურული ლანდშაფტის შექმნა. საიკეი ჰარმონიულად შეთავსებული მინიატურული ბუნების ილუზიას უნდა ქმნიდეს. ყველა კომპონენტი ისე უნდა მოთავსდეს კონტეინერში, რომ დაცული იყოს ყველა პროპორცია, ხოლო კომპოზიცია ბუნებრივად გამოიყურებოდეს.

   საიკეის შემთხვევაში მიწა, ქვები და მცენარეები ისეა განლაგებული, რომ ზღვის სანაპიროს, ბორცვიანი მდელოს ან მთიანი ადგილის ბუნებრივი მოდელი შექმნას. თვითონ ხეები დაახლოებით ისეთია, როგორიც კლასიკურ ბონსაის შემთხვევაში. ხეების გარდა გამოიყენება სხვადასხვა ბალახოვანი მცენარეებიც, რაც უფრო აძლიერებს ბუნებრივი ლანდშაფტის ილუზიას. საიკეი ხეების უფრო თავისუფალი არჩევანის საშუალებას იძლევა, შეიძლება ხეების საკმაოდ პატარა, 2-3 წლის ნერგიც კი გამოვიყენოთ.: გასხვლა, მავთულით ფორმირება, გადარგვა, იგივეა რაც ბონსაის  შემთხვევაში.

ხეები

    მინიატურული ლანდშაფტისთვის შეიძლება გამოვიყენოთ პატარა ან საშუალო ზომის ხეები, როგორც ფოთოლმცვივანი ასევე წიწვოვანი. მსხმოიარე ხეები, როგორც წესი, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება. ხეების რაოდენობა მთლიანად შემსრულებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული. მინიატურული ტყეებისგან განსხვავებით დასაშვებია ხეების ლუწი რაოდენობა. შესაძლებელია ერთი ხისგანაც საკმაოდ ლამაზი საიკეი გაკეთდეს. შეიძლება გამოიყენოთ, როგორც ერთი ისე სხვადასხვა ჯიშის ხეები. ეცადეთ რაც შეიძლება პატარა ფოთლიანი ან წიწვებიანი ხეები შეარჩიოთ.
როდესაც შერეული სახეობების ვარიანტის გაკეთებას გადაწყვეტთ, კარგად ჩამოყალიბდით, შეესაბამება თუ არა ეს მცენარეები ერთმანეთს, თუ გინდათ რომ თქვენი საიკეი ბუნებრივად გამოიყურებოდეს. გათვალისწინებული უნდა იყოს
მცენარეების თავისებურებაც:

  • სხვადასხვა ჯიშებს სხვადასხვა სახის მიწა, მორწყვა და ადგილმდებარეობა უნდა. ამიტომ, ერთად ჩასარგავად შეარჩიეთ ერთნაირი “მოთხოვნილების” მქონე ხეები..
  • ხეების ჩარგვა ქვებს შორის ან მათთან ახლოს ხდება.
  • გამოიყენეთ სხვადასხვა ზომის ხეები, ჩარგეთ სხავასხვა დონეზე, გარკვეული სივრცული ილუზია რომ შეიქმნას.
  • ხეები ერთ ხაზში არ უნდა იყოს განლაგებული, არ უნდა დაიმალოს ქვების უკან.
  • პირველადი გასხვლა და ფორმირება სასურველია კომპოზიციაში მოთავსებამდე გაკეთდეს.
  • კომპოზიცია ისე უნდა გაკეთდეს რომ კონტეინერის წინა მხარე თავისუფალი სივრცე იყოს.
  • ხეებზე შესაძლებელია “მკვდარი მერქანის” ეფექტის გამოყენებაც.
  • ბალახოვანი მცენარეები და ხავსი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. აგრეთვე ძალიან ხშირად, სხვადასხვა შეფერილობის და ზომის ხავსს იყენებენ.

ქვები

   ქვების შერჩევისას აუცილებელია. რომ ყველა მათგანი ერთი გეოლოგიური ტიპის და დაახლოებით ერთი ფერის იყოს. ფორმა რაც შეიძლება მიახლოებული კლდოვან წარმონაქმნთან, უხეში და დაღარული ზედაპირით. ამ შემთხვევაშიც, რიყის ქვა ან ხელოვნურად დამუშავებული გლუვზედაპირიანი ქვა არ გამოდგება. თუ რამდენიმე ქვისგან შედგება კომპოზიცია, ქვების ზომა სხვადასხვა უნდა იყოს. ქვებს შორის ღია ადგილები არ უნდა დარჩეს, უნდა შეივსოს მიწით, დაიფაროს ხავსით და ბალახოვანი მცენარეებით. ასევა გამოიყენება წვრილი ღორღი, ბილიკების ილუზიისთვის.

მიწა

   მიწა ისეთივე გამოიყენება როგორც ბონსაის შემთხვევაში, შერჩეული ხის სახეობის შესაბამისი. ბონსაისგან განსხვავებით, მიწის ზედაპირის ფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუ ბონსაისთვის კონტეინერში მიწის ზედაპირი მოსწორებულია, საიკეს უსწორმასწორო ზედაპირი ბუნებრივ ლანდშაფტს უნდა მოგვაგონებდეს.

კონტეინერი

   საიკეი  დაბალ კონტეინერში კეთდება, ფორმა როგორც წესი მართკუთხა, ოვალური ან მრგვალია. შეიძლება უსწორმასწორო ზედაპირიანი ბრტყელი ქვის გამოყენებაც. ზომა შედარებით დიდია, სიგრძეში შესაძლოა 1 მეტრსაც კი აღემატებოდეს. ფერი: თეთრი, ნაცრისფერი, მუქი მწვანე, ყავისფერი. თუმცა შესაძლოა მკვეთრი ფერის კონტეინერების გამოყენებაც.

წიწვოვანი ბონსაი
გართხმული ღვია, საიკეი  (栽景)

   ფოტოზე ნაჩვენები მინიატურული ლანდშაფტის შექმნისთვის, იტალიიდან ჩამოტანილი ბუნებრივი ქვები და ღვია ავარჩიე. ხესთან შედარებით, ამ შემთხვევაში, ქვების “დამორჩილება” უფრო გამიჭირდა. ისინი საკმაოდ მძიმეა და თან რთული დასამუშავებელნი აღმოჩნდნენ. იმისთვის, რომ ამ კომპოზიციას ბუნებრივი სახე მიეღო ბევრჯერ მომიწია ქვების ფორმის და განლაგების შეცვლა