ბლოგი

წიწვოვანი ბონსაი

როგორ დავიწყოთ ნერგის ფორმირება (IV ნაწილი)

ფორმირება მავთულის საშუალებით

    იმის შემდეგ რაც დაამთავრებთ პირველად გასხვლას, მავთულის საშუალებით უნდა დავიწყოთ ტოტების და ტანის ზრდის მიმართულების შეცვლა . ზოგი სახეობა იოლად ემორჩილება მავთულის დახვევით ფორმირებას, მაგალითად წიწვოვანი მცენარეები. ზოგს ისეთი მაგარი მერქანი აქვს, რომ მავთულით ფორმირება მხოლოდ ახლად ამოსულ ტოტზეა შესაძლებელი. ზოგ მცენარის ქერქი საკმაოდ ადვილად ზიანდება მავთულის დახვევისას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მცენარეს რამე ზიანი რომ არ მიაყენოთ, დამწყებებმა უმჯობესია, ხელის გავარჯიშების მიზნით, მავთულის დახვევა ჯერ ბუნებში არსებულ მცენარეებზე სცადოთ.

   თუ ფორმირებისთვის  სპილენძის მავთულს იყენებთ, სამუშაოდ იოლი და ხელში უფრო დამყოლი რომ გახდეს, სასურვლია მისი გაწითლბამდე ცეცხლზე გახურება  და შემდეგ ჰაერზე (არა წყალში) გაცივება. ალუმინის მავთულის გახურებისას დნება, ამიტომ მისი გახურება არ შეიძლება.
პირველ რიგში უნდა შეირჩეს მავთულის საჭირო დიამეტრი და სიგრძე. დიამეტრი უნდა შეესაბამებოდეს ტოტის სისქეს: წვრილ ტოტზე მსხვილი მავთულით მუშაობისას ტოტის გატეხვის დიდი ალბათობაა, ხოლო წვრილი მავთულით მსხვილ ტოტს სასურველ პოზიციაში ვერ გააჩერებთ. დასაწყისისთვის ჩავთვალოთ, რომ მავთულის სისქე ტოტის სისქის დაახლოებით 1/3 უნდა იყოს.
ასევე წინასწარ უნდა განსაზღვროთ რა სიგრძის მავთული დაგჭირდებათ. გრძელი ხელს შეგშლით მუშაობაში, მოკლე კი, რა თქმა უნდა არასაკმარისი იქნება და მოგიწევთ მოხსნა და საჭირო სიგრძის მავთულის ხელახლა დახვევა. ამ შემთხვევაშიც, ჩავთვალოთ რომ მავთულის სიგრძე დაახლოებით 1/3-ით მეტი უნდა იყოს იმ ტოტის სიგრძეზე რომლის ფორმირებასაც აპირებთ.

მავთულის დახვევა

   პირველდ კეთდება მცენარის ტანის ფორმირება. თუ ნერგს უკვე რამდენიმე სანტიმეტრის სისქის ტანი აქვს მისი მავთულის დახვევით სასურველ ფორმაში დაფიქსირება უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია. ამიტომ მავთულის დახვევით ტანის ფორმირება მცენარის ზრდის მხოლოდ ადრეულ ეტაპზეა შესაძლებელი. მსხვილი ტანის და ტოტების ფორმირებისთვის გამოიყენება სპეციალური ფიქსატორი.

   ასეთი ფიქსატორის გამოყენებას მხოლოდ გამოცდილ ბონსაის მოყვარულს ვურჩევდი. დამწყებისთვის უმჯობესი იქნება თავი შეიკავოს ასეთი ხელსაწყოს გამოყენებისაგან და ფორმირება შეასრულოს ტანის ფორმისგან გამომდინარე.
როდესაც ტანის ფორმირებას ვიწყებთ, მავთული თავიდან კარგად უნდა დაფიქსირდეს საწყის წერტილში: მავთულის ერთ ბოლოს, ტანთან ახლოს, რაც შეიძლება ღრმად ვასობთ მიწაში. შემდეგ ნელ-ნელა,  ტანს ვხრით სასურვლი მიმართულბით თან სპირალისბურად ვახვევთ მასზე მავთულს. უნდა ვეცადოთ რომ ხვიებს შორის მანძილი თანაბარი იყოს, არ ვარგა როდესაც ხვიები ძალიან ახლოს არის, ამან შეიძლება მცენარე დააზიანოს. თუ ხვიების შორის მანძილი ნორმაზე მეტი იქნება, პოზიციის დაფიქსირება შესაძლებელია არ მოხერხდეს. ხვიებს შორის დაშორება დამოკიდებულია ტანის სისქეზე და მის ელასტიურობაზე. კარგია როდესაც ხვია 45 გრადუსით არის დახრილი ტანის მიმართ, ასე დახვეული მავთული უფრო ეფექტურია და უფრო იოლად დააფიქსირებს მცენარეს სასურველ პოზიციაში. რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება ასე “იდიალურად” მავთულის დახვევა და ყოველთვის იქნება რაიმე ხელის შემშლელი გარემოება. მაგრამ მთავარია არა მავთულის “იდელურად” დახვევა, არამედ მცენარის დაფიქსირება სასურველ პოზიციაში.

   ხის ტანის მავთულით ფორმირებისას სწორად უნდა შეირჩეს ტანის მოხრის ადგილები. პირველ რიგში, მოხრის გამობურცული ნაწილი არ უნდა იყოს წინა, შესახედ მხარეს, ე.ი არ უნდა იყოს მიმართული დამკვირვებელზე. ასევე, სასურველია ტანის მოხრა გაკეთდეს იმ ადგილებზე სადაც ძირითადი, მსხვილი ტოტებია განლაგებული.
ტოტების ფორმირებისას მავთულის ერთი ბოლო ფიქსირდება ხის ტანზე, განშტოებასთან. ჯერ ერთ ხვიას ვაკეთებთ ტანის გარშემო, კარგად ვამაგრებთ, ისე რომ ტოტზე მავთულის დახვევისას, ტანზე დახვეული ხვია არ გაიშალოს და არ იმოძრაოს. ნელ-ნელა ვხრით ტოტს სასურველი მიმართულებით და სპირალურად ვახვევთ მავთულს ტოტის დასაწყისიდან ბოლომდე.

მავთულის დახვევა ტოტზე
ერთი მავთულით ორი ტოტის ფორმირება

   ვიღებთ ერთ გრძელ მავთულს, ვკეცვთ ორ ნაწილად, გაკეცვის ადგილს ვახვევთ ტანზე. მავთულის ერთ ნაწილს ერთ ტოტს ვახვევთ, მეორე ნაწილს მეორე ტოტს. ამ შემთხვევაში სასურველია ორივე ტოტი დაახლოებით თანაბარი სიმსხვილის იყოს.
ყურადღება მიაქციეთ მეორე რიგის ტოტებს და კვირტებს. ტოტის ფორმირების დროს მავთულმა არ უნდა დააზიანოს არც კვირტები და არც წვრილი ტოტები.
მავთულის კარკასის გაკეთებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. ერთი არასწორი მოძრაობით შესაძლოა ტოტი მოტეხოთ. თუ რამე საეჭვო ტკაცუნის ხმას გაიგებთ ან მიხვდებით, რომ რაღაცა ისე არ გამოდის როგორც ჩაფიქრებული გქონდათ, იმწუთასვე გაჩერდით.
თუ ტოტის მოხრას რამდენიმე ადგილას გადაწყვეტთ, ეცადეთ, რომ მოხრა გააკეთოთ მეორე რიგის ტოტების განლაგების ადგილას, ბუნებაში სწორედ ამ ადგილებში იცვლის ტოტი მიმართულებს. მეორე რიგის ტოტი, მოხრის ადგილიდან გარეთ უნდა იზრდებოდეს და არა შიგნით.

   თუ საჭირო სიმსხვილის მავთული არ აღმოგაჩნდათ, შეიძლება მავთული დააწყვილოთ და ისე დაახვიოთ მცენარეზე
მავთულით ფიქსირების ხანგრძლივობა 1-6 თვეა. ვადა დამოკიდებულია მცენარის სახეობაზე, ტოტის და ტანის ზომაზე. წიწვოვან მცენარეებს ფორმის მისაღებად უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე ფოთოლმცვივან ხეებს.

   მავთულის დახვევის შემდეგ აუცილებლად აკონტროლეთ მცენარე. ტოტი და ტანი სიგრძეში ზრდასთან ერთად უფრო მსხვილიც ხდება. ამის გამო მავთული ნელნელა მცენარის ქერქში ჩაზრდას იწყებს. თუ ასეთ რამეს შეამჩნევთ, აუცილებლად მოხსენით მავთული. თუ მავთულის მოხსნა დაგვიანდა მავთულის დახვევის ადგილას საკმაოდ უშნო ჩაღრმავებები ჩნდება. ასეთი დაზიანებების შეხორცება საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობს და კვალი შესაძლოა მუდმივად დარჩეს ტოტზე.

მავთულისგან დაზიანებული ტოტი

თუ შეატყობთ რომ მავთულის დახვევისას მცენარის ქერქი ზიანდება, ტოტზე ან ტანზე წინასწარ სქელი მატერია ან რეზინი დაახვიეთ მთელ სიგძეზე. არსებობს სპეციალური მასალა (პალმის ბოჭკო) “რაფია”, რომელსაც ასველებენ და მჭიდროდ ახვევენ ტოტს ან ტანს, შემდეგ კი მასზე ახვევენ მავთულის.

   როდესაც ტოტი ან ტანი სასურველი ფორმით დაფიქსირდება, მავთული უნდა მოხსნათ. ამის გაკეთება  მავთულის საკვნეტის დახმარებითაა უმჯობესი. მავთული რამდენიმე ადგილას გადაჭერით. ასე იოლად შეძლებთ მის მოშორებას. თუ მოხსნისას ეცდებით მავთულის შენარჩუნებას, შეასაძლოა პატარა ტოტები და ყლორტები დააზიანოთ. იმ შემთხვევაში თუ მავთული მოიხსნა მცენარის დაზიანების თავიდან აცილების გამო და ტოტი ან ტანი სასურველ პოზიციაში არ დაფიქსირდა, განმეორებითი დახვევა მხოლოდ ერთი სეზონის შემდეგ გაიმეორეთ.

მავთულით ფორმირების დრო

   მავთულით ფორმირება, ფაქტობრივად, წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება გაკეთდეს. მაგრამ, ყველა პერიოდს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. ფოთლოვან ხეებზე ოპტიმალური პერიოდია, როდესაც მცენარე ფოთლების გარეშეა, სასურველია ზამთრის ბოლოს. ამ დროს ფოთლები არ გიშლით ხელს მუშაობაში, ტოტები უფრო ელასტიურია და ბონსაის მთლიანი ფორმა უკეთესად ჩანს. როდესაც ხეს ფოთლები სრულად აქვს ძნელია ბონსაის მთელი სტრუქტურის შესწავლა და ფოთლების აცილებით მავთულის ტოტზე დახვევა გაცილებით რთულია. მაგრამ არის შემთხვევა როდესაც რომელიმე ტოტის ფორმის კორექტირება აუცილებელია ვეგეტაციის პერიოდში. ასეთ შემთხვევაში მავთულის დახვევა  ძალიან ფრთხილად, ფოთლების დაუზიანებლად უნდა გაკეთდეს.
გაზაფხულზე ტოტები სწრაფად იზრდება სიგრძეში და მსხვილდება, უფრო დიდი რისკია მავთულის ქერქში ჩაზრდის და მისი დაზიანების. ამიტომ გაზაფხულზე მავთულის დახვევევის შემდეგ უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო.
წიწვოვან მცენარებზე მავთულის დახვევა უმჯობესია შემოდგომაზე გაკეთდეს, ყინვების დაწყებამდე.

ხის ტანის და ტოტების ფორმირების სხვა მეთოდები

ხშირია შემთხვევა როდესაც ტანის ან ტოტის ზრდის მიმართულების შეცვლა უფრო მარტივად  შეიძლება შესრულდეს ვიდრე მავთულის კარკასი გაკეთებაა. მაგალითად ტანის ფორმირება შესაძლებელია რკინის ან ხის ღერძზე დაფიქსირებით. ან მავთული დამაგრდეს კონტეინერზე და მცენარე დაიქაჩოს სასურველი მიმართულებით.

მავთულის დახვევის ალტერნატული ვარიანტები ხის ტანის ფორმირებისთვის

რაც შეეხება ტოტებს. თუ ტოტის დაბლა დახრა გვინდა, შესაძლებელია ის კონტეინერზე ან ფესვზე დამაგრებული მავთულით ან თოკით დავქაჩოთ. ასეთი მეთოდით ტოტის ზრდის მიმართულების შეცვლისთვის, ძალის გამოყენება ხდება საჭირო. ამიტომ, ტოტის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, იმ ადგილას სადაც მავთული უნდა დააფიქსიროთ, ჯერ რამე რბილი სადები გამოიყენეთ (მაგალითად რეზინის ნაჭერი) და შემდეგ ზედ დაამაგრეთ მავთული.

ტოტების დახრა ფესვებზე მავთულის დამაგრებით