ბლოგი

როგორ დავიწყოთ ნერგის ფორმირება (III ნაწილი)

გასხვლის ტექნიკა

ფოთოლმცვივანი ხეები
   მსხვილი ტოტების მოჭრა ხდება ტანთან რაც შეიძლება ახლოს, ისე რომ არ დარჩეს პატარა გამონაშვერიც კი. ამისთვის გამოიყენება სპეციალური, ტოტების მოსაჭრელი მაკრატელი. აესთი მაკრატლის საჭრისი ისეა გაკეთებული რომ, ტოტის მოჭრის შემდეგ ტანზე არანაირი გამონაშვერი არ რჩება.
ასეთი ინსტრუმენტის არქონის შემთხვევაში, ტოტი გადაჭერით ჩვეულებრივი სეკატორით და გადაჭრის ზედაპირი დაამუშავეთ ბასრი დანით. რაც უფრო გლუვია და კარგადაა დამუშავებული გდაჭრის ზედაპირი მით უფრო სწრაფად ხდება დაზიანებული ადგილის შეხორცება.. ტოტის დამოკლებისას გადაჭრა ხდება კვირტთან ან განშტოებასთან.


   კვირტთან გადაჭრა კეთდება კვირტის შემდეგ, კვირტთან ძალიან ახლოს. თუ გადაჭრა ისე გაკეთდა რომ, კვირტის შემდეგ ტოტის რაღაც ნაწილი დარჩა, ეს ადგილი აუცილებლად გახმება.

არასწორი გადაჭრა  და სწორი გადაჭრის ადგილი

ირიბი ჩაჭრა იწყება კვირტის დასაწყისის ოდნავ მაღლა, კვირტის განლაგების მოპირდაპირე მხარეს და მთავრდება კვირტის დაბოლოებასთან. თუ გადაჭრა გაკეთდა კვირტის დასაწყისზე დაბლა, ეს კვირტი აღარ განვითარდება.

1,2,3 არასწორი გადაჭრა კვირტთან; 4 სწორი გადაჭრა

თუ ტოტი სისქეში სულ რამდენიმე მილიმეტრია, გადაჭერით ტოტის ზრდის მიმართულების პერპენდიკულარულად კვირტის დაბოლოებასთან

პატარა დიამეტრის ტოტის გადაჭრა

   განშტოებასთან გადაჭრა . ტოტის გადაჭრისას ყურადღება უნდა გამახვილდეს გადაჭრის კუთხეზე.  გადაჭრა არ უნდა მოხდეს ძალიან დამრეცად, ისე რომ დარჩენილი ტოტის დასაწყისი დაზიანდეს. გადაჭრის შემდეგ არ უნდა დარჩეს პატარა გამონაშვერიც კი.

   ტოტების შეჭრისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საჭრელ ინსტრუმენტებს. ინტრუმენტები სუფთა უნდა იყოს, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კარგად ალესილი. ბლაგვი ინსტრუმენტით გადაჭრილ ადგილზე შეხორცება ძალიან ცუდად მიმდინარეობს და ადგილი შეიძლება მცენარის დაავადების მიზეზიც კი გახდეს. როდესაც ტოტს გადაჭრით, “ჭრილობა” აუცილებლად მაშინვე უნდა დამუშავდეს საბაღე მალამოთი.

 

წიწვოვანი მცენარეების გასხვლა
   წიწვოვანი მცენარეების გასხვლას ოდნავ განსხვავებული მიდგომა ჭირდება. ფოთოლმცვივანი ხეების ფორმირებისას, სიმშვიდის პერიოდში, ყველა მსხვილი ტოტი შეიძლება სასურველ სიგრძეზე დამოკლდეს ისე, რომ მათზე არცერთი მეორე რიგის ტოტი თუ განვითარებული კვირტიც კი არ დარჩეს. გაზაფხულზე, დამატებითი, გვერდითა თუ მძინარე კვირტებიდან ახალი, მრავალრიცხოვანი ამონაყარი წარმოიქმნება. წიწვოვან მცენარეებზე ანალოგიური მეთოდით გასხვლის შემდეგ ახალი ამონაყარი არ წარმოიქმნება და მცენარე ხმება. გასათვალისწინებელია ისიც რომ, უმრავლესობა წიწვოვანი ჯიშები საკმაოდ ნელა იზრდება ფოთოლმცვივან ხეებთან შედარებით. ამ თავისებურების გამო წიწვოვან მცენარეებზე ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი სასურველ ადგილას ახალი ამონაყარის განვითარებაა.

   პირველადი გასხვლის დროს, შეძლებისდაგვარად ეცადეთ მცენარეზე დატოვოთ ძლიერი, კარგად განვითარებული ტოტები. თითოეული მსხვილი ტოტის მოჭრა სასურველია მოხდეს ორ ეტაპად: თავიდან ტოტი გადაჭერით ისე, რომ ტანზე 2-3 სანტიმეტრი ტოტის ნაწილი დარჩეს. მხოლოდ ერთი სეზონის გასვლის შემდეგ შეაჭერით ტოტის დარჩენილი ნაწილი. ფოთოლმცვივანი ხეებისგან განსხვავებით, ზოგიერთ წიწვოვანებზე გადაჭრის ადგილის დამუშავება საბაღე მალამოთი აუცილებელი არ არის. გადაჭრის ადგილიდან ხდება ფისის გამოდინება, რომელიც თავისთავად იცავს მცენარეს მავნებლებისგან და სოკოვანი დაავადებისაგან.


ტოტების სიგრძეში დამოკლება ხდება ან განშტოებასთან ან წიწვების ზრდის ადგილებში. იქ სადც წიწვები ზრდას იწყებს, განლაგებულია გვერდითა კვირტები. ტოტის დაბოლოების გადაჭრის შემდეგ ეს კვირტები იწყებს განვითარებას.

 

გასხვლის დრო

  დაწყებით სტადიაში, როდესაც ბონსაის ფორმირებას იწყებთ, მსხვილი ტოტების მოჭრა-დამოკლება, ასევე წვრილი ტოტების გასხვლა ხდება მცენარის სიმშვიდის პერიოდში, შემოდგომის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე, კვირტების გაშლამდე. ამ პერიოდში ზრდის წერტილებში ენერგიის მარაგის გადაადგილება მინიმალურია და ენერგიის ძირითადი ნაწილი დაუხარჯავია. ვეგტაციის დაწყების შემდგ ეს მარაგი თანაბრად გადანაწილდება ზრდის ყველა დარჩენილ წერტილში. რადგან ეს წერტილები გასხვლის შემდეგ შემცირებულია მათ ზრდაზე უფრო მეტი ენერგია გადანაწილდება. შედეგად ვღებულობთ მრავალრიცხოვან, ძლიერ ამონაყარს.

ტოტის განვითარება სიმშვიდის პერიოდში გადაჭრის შემდეგ

  გაზაფხულის ბოლოს პრაქტიკულად მთელი მარაგი გადანაწილებულია. ამიტომ ამ პერიოდში გასხვლისას ვღებულობთ უფრო სუსტ ამონაყარს. ახალ ამონაყარზე კვანძებს შორის მანძილი უფრო პატარაა, რაც მინიატურული მცენარის ფორმირებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ვეგეტაციის პერიოდში გადაჭრილი ტოტის განვითარება

   აქედან გამომდინარე ახგალზრდა მცენარეები რომელთა ფორმირება დაწყებით სტადიაშია, სასურველია გაისხლას გვიანი შემოდგომიდან ადრე გაზაფხულის ჩათვლით, სანამ კვირტები გაშლას დაიწყებს. ხოლო თუ ჩავთვლით რომ, მცენარე საკმაოდ განვითარებულია და ვარჯი აკმაყოფილებს თქვენ მოთხოვნებს, შეგიძლიათ მცენარის გასხვლა გაზაფხულის ბოლოს გააკეთოთ.