ეს ბონსაი იშიცუკის (石付) სტილშია შესრულებული, რაც კლდეზე ჩაჭიდებულ,გაზრდილ ხეს ნიშნავს. ღვია პირდაპირ ქვაშია ჩარგული. ასეთი ფორმა იმეორებს ბუნებაში, კლდოვან ადგილებში წიწვოვანი ხეების ზრდის წესს.
ბუნებაში ხეები ასეთ ფორმას არახელსაყრელი გარემო პირობების გამო იღებენ: როდესაც ნიადაგი ცოტაა და ფესვები მხოლოდ კლდის ნაპრალებში ეძებენ საყრდენს, ხე იძულებულია რელიეფს მოერგოს. ძლიერი ქარი, თოვლის წონა და მუდმივი დახრილობა ხეს აიძულებს, გვერდით ან ქვემოთ მიმართული ვარჯი განავითაროს, რათა წონასწორობა შეინარჩუნოს.

ეს ჩემი პირველი ბონსაია, რომელიც ასეთ დიდ მასშტაბში გავაკეთე. მუშაობა საკმაოდ რთული და შრომატევადი იყო, რადგან სანამ ფორმირებას დავიწყებდი ნაყიდი ნერგი ძალიან დიდი იყო. 12 წლის განმავლობაში მას რამდენჯერმე შევუცვალე ფორმაც და დახრის კუთხეც.

ასეთი დიდი ბონსაის ყურებისას ჩნდება სიმძიმის, მასიურობისა და ხანდაზმულობის განცდა. რაც ბუნებაში განმარტოებით მდგარი ძველი ხის ვიზუალურ ეფექტს ქმნის.
ღვია მარადმწვანე და ძალიან გამძლე მცენარეა. მას პატარა წიწვები და ხშირი ტოტები აქვს, ბუნებაში ეს ჯიში რამდენიმე საუკუნეს ცოცხლობს. სათანადო მოვლის პირობებში, ბონსაის სიცოცხლის ხანგრძლივობაც ანალოგიურია, .იგი კარგად უძლებს ფესვებისთვის განკუთვნილ პატარა სივრცეს, მავთულით ფორმირებას და ზოგადად შეკრეჭას.
