ამ მინიატურულ ლანდშაფტზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო. კომპოზიცია 6 გართხმული ღვიისგან შედგება. საიკეი ეს არის ქვების, მიწის, წყლის, ბალახოვანი მცენარეების, ხავსისა და პატარა ხეების გამოყენებით მინიატურული ლანდშაფტის შექმნა.
ამ კომპოზიციაში გამოყენებულია ესპანეთიდან ჩამოტანილი ქვები, ე.წ. Woodenstone, რომლებსაც გაქვავებული ხის ფაქტურა აქვთ, თუმცა ის ბუნებრივი ქვებია. საიკეის შექმნისას კომპონენტები განლაგებულია გარკვეული პროპორციების დაცვით, რათა შეიქმნას მთიანი რელიეფის, ბორცვიანი მდელოს ან სანაპიროს ილუზია. თავად ხეების პროპორციები დაახლოებით ისეთია, როგორიც კლასიკურ ბონსაის შემთხვევაში.
საიკეის სტილი იძლევა ხეების თავისუფალი არჩევანის საშუალებას (როგორც ფოთოლმცვივანი, ისე წიწვოვანი). დასაშვებია 2-3 წლის ნერგების გამოყენებაც. მოცემულ ეგზემპლარში ხეების რაოდენობა ლუწია, რაც საიკეის შემთხვევაში მიღებული პრაქტიკაა და მას მინიატურული ტყის (Yose-ue) სტილისგან ასხვავებს.
როგორც წესი ასეთ კომპოზიციაში არ გამოიყენება მსხმოიარე ხეები. ბუნებრივი ლანდშაფტის იმიტაციის გასაძლიერებლად ხანდახან სპეციალისტები ბალახოვან მცენარეებსაც იყენებენ, რაც ხაზს უსვამს გარემოს მასშტაბურობას.
