ეს ბონსაი ჩემი პირველი ნამუშევარია, მასზე მუშაობა 1990 წელს დაიწყო. ის თუთის ნაყოფიდან არის გაზრდილი, რომელიც ვაკე-საბურთალოს გაზზე ვიპოვე და შემდეგ დავრგე. ხეზე მუშაობის ასე დაწყება ბონსაის ხელოვნებაში ხანგრძლივ და შრომატევად პროცესად მიიჩნევა. ფორმირების საწყის ეტაპზე, კულტურის შესწავლის პროცესში, ამ თუთამ რამდენიმე რადიკალური სტრუქტურული ცვლილება განიცადა, სანამ საბოლოო სახეს მიიღებდა.

ეს თუთა შესრულებულია მოიოგი (模様木) სტილში. ამ სტილისთვის დამახასიათებელია ტანის ერთი ან რამდენიმე მოხრა, სადაც ყოველი მომდევნო მიმოხრა პროპორციულად მცირდება წვეროსკენ. მოიოგის წესის მიხედვით, ხის წვერო ბონსაის ტანის დასაწყისის პერპენდიკულარულად, ცენტრალურ ღერძზე მდებარეობს, რაც კომპოზიციის ვიზუალურ ბალანსს უზრუნველყოფს.

თუთა, გამძლე ხეა და მალეც იზრდება, დამყოლია ფორმირებისას გასხვლის და ფოთლების შეკრეჭის დროს, რაც წლების განმავლობაში ფოთლის საგრძნობლად დაპატარავების საშუალებას იძლევა. მისი ბოტანიკური თავისებურებები ნებისმიერი ზომის ლამაზი ბონსაის შექმნის საშუალებას იძლევა.
ბონსაის ვიზუალი ზამთრის პერიოდშიც ძალიან მნიშვნელოვანია. ფოთოლცვენის შემდეგ ხილული ხდება ხის სტრუქტურა — ტოტების წყობა და განლაგება, იმაზე რაზეც ბონსაის სპეციალისტი წლები მუშაობს.
