ვაზი (ლათ. Vitis) ვაზისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარს მიეკუთვნება და მოიცავს დაახლოებით 70 სახეობას, რომლებიც ძირითადად თბილი და ზომიერი კლიმატის რეგიონებში გვხვდება. ცნობილია ვაზის 4000-მდე ჯიში, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ბოტანიკური, აგრონომიული და სამეურნეო ნიშან-თვისებებით.საქართველოში 500-მდე ადგილობრივი ჯიშია.
ბუნებრივად მოზარდი ვაზი მხვიარაა, საყრდენზე დამაგრებას კი ულვაშებით ახერხებს. მისი ქერქი ყავისფერია და დროთა განმავლობაში ზოლებად სცილდება ღეროს.
ვაზის კულტივირება უძველესი დროიდან იწყება, მაგრამ ბონსაის სამყაროში ვაზი საკმაოდ იშვიათი და ნაკლებად პოპულარული არჩევანია. როგორც წესი, ბონსაის სპეციალისტები ვაზს არ განიხილავენ ამ კულტურისთვის შესაფერისს მცენარედ. ამის მიზეზი მისი რთული ფორმირებაა – ვაზის სტრუქტურიდან გამომდინარე, თითქმის შეუძლებელია მისგან კლასიკური ესთეტიკის მქონე ბონსაის მიღება. აქედან გამომდინარე ძალიან, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ინტერნეტ სივრცეშიც კი, გაგიჭირდებათ ვაზისგან შექმნილი ლამაზი ბონსაის ნახვა.
თუმცა ჩვენთვის, საქართველოში მცხოვრებთათვის, ვაზი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ამიტომ, წლების წინ გადავწყვიტეთ გვეცადა ვაზის ბონსაების შექმნა და ამ ეტაპზე ათამდე ვაზის ბონსაიზე ვმუშაობთ. მათი უმეტესობა იმერეთიდან, ჩვენი მშობლიური ბაღდათიდანაა. ვაზების უმეტესობა რომლებზეც ვმუშაობთ ჩვენთან მეღვინეებისთვის როგორც წესი, გადაბერებულად ითვლება და ამიტომ კაფავენ კიდეც.
ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ნამუშევრებიდან საუკეთესოებად სწორედ ვაზის ბონსაები მიმაჩნია, თუმცა ფაქტი ისაა რომ ისინი როგორც წესი, ყველაზე დიდ ყურადღებას და მოწონებას იმსახურებენ ქართველი აუდიტორიის თვალში.
წელს პირველად ვაზის ღვინოც დავწურეთ, არა მგონია განსაკუთრებულად გემრიელი ღვინო გამოვიდეს, რადგან მეღვინეობის დიდი გამოცდილება არ მაქვს. თუმცა ყველაფერი ხდება და შეიძლება სასიამოვნოდაც გაგვაოცოს იმ 400 მილილიტრმა ცოლიკაურმა, რაც ჩვენი ბონსაისგან გამოვიდა.