ძირითადი ტოტები
არსებობს რამდენიმე წესი რომლის საფუძველზეც ხდება იმ ტოტების მოჭრა, რომლებიც მომავალი ბონსაის ფორმისთვის ხელისშემშლელი იქნება. სურათებზე ნაჩვენებია ტოტების სავარაუდო განლაგება და მონიშნულია ის ტოტები რომლებიც უნდა მოიჭრას:
- ერთი წერტილიდან გაზრდილი ტოტებიდან მხოლოდ ერთ-ერთი უნდა დარჩეს. წინა მხარეს არსებული ტოტი, რომელიც მიმართულია პირდაპირ დამკვირვებელზე უნდა მოიჭრას.
- მოხრილი ტოტი, რომელიც წინა ხედზე ხის ტანს კვეთს.
- ერთმანეთის თავზე ახლოს განლაგებული ტოტებიდან მხოლოდ ერთ-ერთი უნდა დარჩეს.
- საპირისპირო მხარეებზე განლაგებული ტოტები ერთი დონიდან არ უნდა იზრდებოდეს. ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი უნდა მოიჭრას.
- ძირითად ტოტებს შორის ყველა წვრილი ტოტი უნდა მოიჭრას.
- მსხვილი ტოტების მოჭრისას უნდა გაითვალისწინოთ კიდევ ერთი ნიუანსი: თუ ხის ტანი მოხრილია, ძირითადი ტოტი უნდა იზრდებოდეს გამოზნექილი ადგილიდან გარეთ.
იმისათვის რომ უკეთესად წარმოვიდგინოთ თუ როგორ უნდა შეირჩეს ტოტების განლაგება და რაოდენობა, განვიხილოთ სტილი CHOKAN.
მთელი სიმაღლის ქვედა 1/3-ზე ტოტები მთლიანად მოცილებულია. საპირისპირო მხარეს განლაგებული ტოტები არ იზრდება ერთი დონიდან, ძირიდან უახლოესი ტოტი ყველა დანარჩენზე მსხვილია და გრძელი. ყოველი შემდეგი ტოტი განლაგებულია წინა ტოტის საპირისპირო მხარეს, ოდნავ მაღლა და წინამდებარე ტოტზე მოკლეა. კენწერო და ხის ძირი ერთ ვერტიკალურ ხაზზეა განლაგებული. სასურველია ბონსაის უკანა მხარეს ორი ან სამი ტოტი ჰქონდეს, რაც გარკვეულ სივრცულ ილუზიას ქმნის. ქვედა ტოტები დაბლა უნდა იყოს დახრილი, ისე როგორც ბუნებაში მდგარ ასაკოვან ხეებს აქვთ.
მეორე რიგის ტოტები
მცენარეზე დარჩა მხოლოდ ის ძირითადი მსხვილი ტოტები რომლებიც აუცილებელია მომავალი ბონსაისთვის. ამის შემდეგ ვიწყებთ მეორე რიგის ტოტების გასხვლას. თითოეული მეორე რიგის ტოტი სასურველ ზომაზე უნდა დამოკლდეს და მიეცეს ისეთი ფორმა, რომელიც დააკმაყოფილებს ამა თუ იმ სტილს. აქაც არსებობს გარკვეული წესები, რომლების დაცვაც სასურველია ბონსაის სწორი ფორმირებისთვის. პირველ რიგში, უნდა მოიჭრას ყველა ის ტოტი რომელიც აშკარად ზემოთ ან ქვემოთ არის მიმართული.
იმ შემთხვევაში თუ მეორე რიგის ტოტები ერთმანეთშია გადახლართული, კარგად უნდა გაერკვეთ, თუ რომელი მათგანი დატოვოთ, დანარჩენი კი უნდა შეაკრიჭოთ. იმისთვის რომ ბონსაის ტანის ნაწილი კარგად გამოჩნდეს, იმ მსხვილ ტოტებზე რომლებიც ქვედა ნაწილშია განლაგებული, უნდა შეაჭრათ ყველა მეორე რიგის ტოტი რომელიც ტანთან ახლოს იზრდება.
თუ სურათს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მეორე რიგის ტოტებიც გარკვეულ პრინციპით უნდა იქნეს განლაგებული ძირითად ტოტზე. ტოტის წვეროზე მხოლოდ რამდენიმე ფოთოლი და ყლორტია. მათი რაოდენობა და სიგრძე თანაბრად იმატებს ხის ტანისაკენ. სასურველია, რომ საპირისპირო მხარეს განლაგებული ტოტების, ხის ტანიდან დაშორება მონაცვლეობითი იყოს: თუ ტანთან ყველაზე ახლო ტოტი მარცხენა მხარეს არის, შემდეგი, ოდნავ მოშორებით, მარჯვენა მხარეს უნდა იზრდებოდეს და ა.შ. თუ ძირითადი ტოტი მოხრილია, მეორე რიგის ტოტი მოხრის ადგილიდან გარეთ უნდა იზრდებოდეს.