ძალიან ხშირად, ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების გამო ხის რაღაც ნაწილი ზიანდება. ასეთი რამ ხეს მეხის დაცემის , ხანგრძლივი გვალვის შემდეგ ემართება. ტოტები იმტვრევა თოვლის სიმძიმის და ძლიერი ქარისაგანაც, ან დაავადებები და მავნებლები იწვევენ ხის გარკვეული ადგილების გახმობას.
მკაცრ კლიმატურ პირობებს გადარჩენილი, დაზიანებული ხეების ილუზიის შესაქმნელად ბონსაის ფორმირებისას გამოიყენება ერთი მეტად სპეციფიკური მეთოდი. ტოტზე ან ტანის შერჩეულ ნაწილზე ქერქის მოშორებით “მკვდარი მერქნის” ეფექტის შექმნა.
“მკვდარი მერქნის” ეფექტის შექმნა შეიძლება აუცილებლობით იყოს გამოწვეული. მაგალითად, გაუფრთხილებლობით ან სხვა მიზეზით ბონსაის რომელიმე ტოტი შეიძლება გახმეს. შესაძლებელია ეს ტოტი მთლიანად მოჭრათ, ან სწორედ ფორმირებისას, გამხმარი ტოტიც კი გამოიყენოთ ბონსაის ლამაზი შესახედაობის შესანარჩუნებლად. კიდევ ერთი, როდესაც საკმაოდ დიდი ნერგის ფორმირებას ვიწყებთ, სიმაღლის შემცირება და ზედმეტად დიდი ტოტის ბონსაის ჩაფიქრებულ ზომებთან “მორგება”, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ “მკვდარი მერქნის” მეთოდის შექმნითაა შესაძლებელი. მაგრამ ძირითადად, “მკვდარი მერქნის” ეფექტი ბონსაის “დაბერების” მიზნით გამოიყენება. ქერქგაცლილი, გამხმარი ნაწილები მინიატურულ მცენარეზე ასაკოვანი და მკაცრ გარემო პირობებში გადარჩენილი ხის შეხედულებას აძლევს. ამ ეს მეთოდები ბონსაის კულტურაში იაპონური ტერმინებით დამკვიდრდა JIN, SHARI, SABAMIKI.
JIN არის ტექნიკა, რომელიც გამოიყენება ტოტზე ან ხის კენწეროზე “მკვდარი მერქნის” ეფექტის მისაღებად. ტოტს მთელ სიგრძეზე ეცლება ქერქი. ამის გამო ტოტი მალევე ხმება, მცენარის დანარჩენი ნაწილი კი ჩვეულებრივად განაგრძობს განვითარებას. ხის კენწეროზე JIN ეფექტის შექმნა, საშუალებას იძლევა მაღალი ხე პროპორციულად დამოკლდეს სიმაღლეში, ისე რომ არაბუნებრივი არ იყოს და ბონსაის ვიზუალური მხარე არ გააფუჭოს. ქერქის აცლა უფრო იოლი და მოსახერხებელია, როდესაც ტოტი ცოცხალია (არ არის გამხმარი).
SHARI მეთოდის დროს ქერქი ეცლება ხის ტანს. ქერქის აცლა ხდება ზედაპირული ფესვების დასაწყისიდან, ვერტიკალურად, ტანის გარკვეულ სიმაღლემდე. (შესაძლებელია ქერქი აეცალოს მსხვილი ზედაპირული ფესვის რაღაც ნაწილსაც). აცლილი ქერქი არ უნდა იყოს სწორი გეომეტრიული ფორმის.
შეარჩიეთ სასურველი ადგილი SHARI-ს გასაკეთებლად. წინასწარ ცარცით მონიშნეთ ადგილი, სადაც ქერქის მოშორებას აპირებთ. ცარცით მონიშვნა გაგიადვილებთ თვალნათლივ დაინახოთ ხის ტანის ის ნაწილი რომელიც მომავალში ქერქის გარეშე დარჩება. არასწორად გაკეთების ყოველგვარი რისკი რომ გამოვრიცხოთ, პირველ რიგში ააცალეთ მხოლოდ მცირე ზოლი, მისი გაფართოება ყოველთვის შესაძლებელი იქნება. ჯერ ბასრი დანით ან საჭრისით ქერქი ჩაჭერით იმ კონტურზე რომელიც ცარცით იქნა შემოხაზული, ზომაზე მეტი ქერქი რომ არ ააცალოთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ: თუ რომელიმე ტოტს ქერქის თუნდაც პატარა ზოლი არ ექნება, რომელიც მას ხის ტანს აკავშირებს, ეს ტოტი აუცილებლად გახმება
ეს პროცესი საკმაო გულმოდგინებას და სიფრთხილეს მოითხოვს. არასოდეს აჩქარდეთ, აჯობებს ნაწილ-ნაწილ, გააზრებულად შეასრულოთ სამუშაო. უმჯობესია რამდენიმე კვირა, ან თუნდაც ერთი წელის განმავლობაში, ფრთხილად და დაკვირვებით ჩაატაროთ ეს სამუშაო, ვიდრე სიჩქარით საერთოდ დააუშნოოთ მცენარე.
როდესაც სასურველი ადგილი ქერქისგან მთლიან განთავისუფლდება, შესაძლებელია ტანის “დაღარვა” საჭრისებით ისე, რომ ტანის ზედაპირი ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენით დაზიანებულ მერქანს დაემსგავსოს. აუცილებელია ზედაპირი დამუშავდეს ზუმფარის ქაღალდით. ზედაპირზე ქერქის და მერქნის რბილი ქსოვილები არ უნდა დარჩეს.
SABAMIKI – ქერქის აძრობის შემდეგ გამოჩენილი მერქანზე კეთდება ჩაღრმავება, ხელოვნური ფუღურო. მერქნის დამუშავება იწყება ხის ტანის ძირიდან, ყველაზე ფართო ადგილას და ვიწროვდება ზედა ნაწილზე. ალბათ ყველას უნახავს ასაკოვან ხეზე გაჩენილი ფუღურო. სწორედ ასეთი ეფექტის ხელოვნურ შექმნის მეთოდს ეწოდება SABAMIKI.
მუშაობისას სპეციალური საჭრისები საქმეს გაგიიოლებთ, რომლებსაც ხის მხატვრული დამუშავებისას ხმარობენ. ასევე პატარა დრელი, რომელსაც მოქნილი დამაგრძელებელი უკეთდება. სხვადასხვა დაბოლოებები საშუალებას მოგცემთ ქერქის აძრობის შემდეგ იოლად დაამუშაოთ ხის მერქანი.
სამივე შემთხვევაში, სამუშაოების დამთავრების შემდეგ, დამუშავებული ადგილი აუცილებლად უნდა დაიფაროს სპეციალური დამცავი სითხით. ამისთვის გამოიყენება კირი-გოგირდის ნარევი. ეს ნარევი დალპობისაგან და დაავადებისაგან იცავს ქერქგაცლილ ადგილს. ასეთი, უკვე გამზადებული, ნარევი მხოლოდ ბონსაის სპეციალიზებულ მაღაზიებში იყიდება.
მისი დამზადება სახლის პირობებშიც შესაძლებელია:
- 50 გრამ ჩაუმქრალ კირს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი.
- იგივე რაოდენობის წყალში ჩაყარეთ 120 გრამი გოგირდის ფხვნილი.
- ორივე ნარევი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და ადუღეთ 1 საათის განმავლობაში.
- გოგირდის სპეციფიკური, არასასიამოვნო სუნის გამო, ამ ნარევს ოთახში ნუ გააკეთებთ.
კირი-გოგირდის ნარევით დამუშავება ქერქის მოშორებისთანავეა საჭირო. ეს სითხე უფრო კარგად აღწევს ნედლ ხეში. დასამუშავებელი ადგილი, სითხის წასმამდე, აუცილებლად დაასველეთ სასხურებლით. თუ ნარევი შემთხვევით მოხვდა არასასურველ ადგილას (მცენარის ტანზე, ტოტზე ან ფესვზე) უმჯობესია მაშინვე ქსოვილის ნაჭრით მოაშოროთ. კირი-გოგირდის ხსნარით დამუშავება პატარა ფუნჯით ხდება. თვითონ სითხე ყვითელი ფერისაა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მონაცრისფრო-თეთრ შეფერილობას მიიღებს და “მკვდარი მერქანი” ბუნებრივად გამოიყურება მინიატურულ მცენარეზე. ქერქგაცლილი ზედაპირის დამუშავება ამ სითხით, ყოველ 6 თვეში ერთხელ არის საჭირო.
კირი-გოგირდის ნარევს გაშრობამდე, საკმაოდ მძაფრი, არასასიამოვნო სუნი აქვს. ამიტომ სამუშაოები სახლში არ გააკეთოთ. ასევე საჭიროა გარკვეული უსაფრთხოების დაცვაც: იმუშავეთ ხელთათმანებში და დამცავი სათვალით.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოს შესასრულებლად, საუკეთესო დრო შემოდგომა ან ადრე გაზაფხულია. “მკვდარი მერქნის” მეთოდის მიღება, წმინდა ესთეტიკური თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია. ძალიან რთულია გამოუცდელი მოყვარულისთვის სწორად შეასრულოს ყველაფერი. შეასრულოს სამუშაო ისე, რომ არ დააზიანოს მცენარე და რაც მთავარია, საბოლოო შედეგი არ იყოს არაბუნებრივი და უშნო. რამე შეცდომის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია ხშირად ათვალიეროთ გამოცდილი სპეციალისტების მიერ შექმნილი ბონსაის სურათები და კარგად გაერკვეთ ყველა ნიუანსში.
JIN მეთოდი ჩვეულებრივ მხოლოდ წიწვოვან ხეებზე გამოიყენება. ფოთოლმცვივან ხეებზე ქერქგაცლილი ტოტი მალევე ლპება, წიწვოვანებზე კი გამხმარი ადგილები ინარჩუნებს ფორმას და დროთა განმავლობაში, თუ სწორედ არის შესრულებული, ბუნებრივად გამოიყურება. SABAMIKI და SHARI კი შესაძლებელია ორივე სახეობის ხეებზე წარმატებით შესრულდეს.
ფოთოლმცვივან ხეებზე კირი გოგირდის ნარევის სუფთა სახით გამოყენება სასურველი არ არის. თუ წიწვოვან მცენარეებზე თეთრი ფერი საკმაოდ ეფექტურია, ფოთოლმცვივან ხეებზე პირიქით, თეთრად დაფარული “მკვდარი მერქანი” საკმაოდ არაბუნებრივად გამოიყურება. ბონსაის სპეციალიზებულ მაღაზიებში იყიდება სპეციალური სითხე ფოთოლმცვივანი ხეებისთვის. შეიძლება კირი გოგირდის ნარევში რამდენიმე წვეთი წყალში ხსნადი საღებავის შავი პიგმენტი დაუმატოთ, ფერის გასამუქებლად.