ბუნებაში გაზრდილ ხეებს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ის მცენარეებია განსაკუთრებით ლამაზი და თვალშისაცემი რომელთა ასაკი რამდენიმე ათწლეულს აღწევს. ბონსაის შექმნის მიზანიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სულ პატარა ნერგს მივცეთ ის მიმზიდველობა და სილამაზე რაც ხანდაზმულ ხეებს გააჩნია. თუმცა ბონსაის რეალურ ასაკს არ აქვს რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა. უმეტეს შემთხვევაში წლოვანებაზე საერთოდ არ ხდება ყურადღების გამახვილება (გარდა იმ ხეებისა რომლებსაც რამდენიმე საუკუნოვანი ისტორია აქვს). თუ სადმე მითითებულია ბონსაის ასაკი, ეს მხოლოდ პირობითია და შეფასება შეხედულებით, გარეგნული ნიშნებით ხდება.
ბონსაის ნამდვილი ენთუზიასტი ცდილობს გააკეთოს ხე უნიკალური და განუმეორებელი, ხე, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე, თითქოს ათწლეულების მანძილზე იზრდება და სხვადასხვა ბუნებრივმა მოვლენებმა თავისი კვალი დაამჩნიეს მის განვითარებას. ბონსაის “სრულყოფილი, ასაკოვანი” ფორმის შექმნა არც თუ ისე იოლი საქმეა. სასურველი შედეგის მიღება მხოლოდ წლების მანძილზე მუშაობით და ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებული მეთოდების გამოყენებით ხდება. ეს მეთოდები საშუალებას გვაძლევს ხელოვნურად “დავაბეროთ” მცენარე და დავხვეწოთ მისი ფორმა. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ სპეციფიკური და რთული შესასრულებელია. ამიტომ რჩევა იქნება, ამ თავში აღწერილ მეთოდებს მხოლოდ იმ ადამიანმა მიმართოს რომელსაც უკვე გარკვეული გამოცდილება დაუგროვდა რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ.
მსხვილი ტანი
ხის მსხვილი ტანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ეფექტური ბონსაის მისაღებად. კარგად განვითარებული ზედაპირული ფესვები და მსხვილი ტანი, უფრო ხანდაზმულ შეხედულებას აძლევს პატარა მცენარეს. არსებობს პირობითი პროპორცია: ბონსაის სიმაღლე, ტანის ყველაზე მსხვილი ადგილის დიამეტრს, მაქსიმუმ ათჯერ უნდა აღემატებოდეს. დავუშვათ ხის ტანის დიამეტრი ფესვებთან, 4 სანტიმეტრია, მაშინ ბონსაი სიმაღლეში მაქსიმუმ 40 სანტიმეტრი უნდა იყოს. ამიტომ, ბონსაის ფორმირების საწყის ეტაპზე უმჯობესი იქნება პირველ რიგში იზრუნოთ ზედაპირული ფესვების და მსხვილი ტანის განვითარებაზე, შემდეგ კი ვარჯის ფორმირებაზე.
ხის ტანი მცენარის ზრდის პროპორციულად მსხვილდება. როდესაც მცენარე პატარა ჭურჭელში იზრდება ტანის გამსხვილების პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. თუ თქვენი აზრით, ხის ტანის სისქე არ შეესაბამება სიმაღლეს, უმჯობესია ნერგი რამდენიმე წლით ღია გრუნტში დატოვოთ ჩარგული. დიდ სივრცეში ფესვების შეუზღუდავი ზრდისას მცენარე უფრო სწრაფად ვითარდება, რის შედეგადაც ხის ტანიც მსხვილდება. თავისუფალი ზრდის პერიოდში უმჯობესია მცენარე არ გავსხლათ. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ტანი უკვე საკმარისად გამსხვილდა, დაამოკლეთ ტოტები,ამოიღეთ გრუნტიდან, შეაკრიჭეთ ფესვები სასურველ ზომამდე და ჩარგეთ კონტეინერში.
თუ საშუალება არ არსებობს რომ ნერგი სადმე ღია გრუნტში გაზარდოთ, მაშინ გამოიყენეთ რამე დიდი ზომის ჭურჭელი. სანამ ფესვები და ტოტები თავისუფლად იზრდება, ხის ტანიც შესაბამისად იმატებს სისქეს. როდესაც ფესვები მთლიანად შეავსებს ჭურჭელს, ამის შემდეგ ტანის გამსხვილების პერიოდი შესამჩნევად მცირდება.
ასევე, ტანის გამსხვილებას ხელს უწყობს ფესვებთან ახლოს გაზრდილი ტოტები. ბონსაიზე მუშაობის საწყის სტადიაში ნუ შეკრეჭთ ამ ტოტებს მიუხედავად იმისა რომ ეს ტოტები ბონსაის მომავალი ფორმისათვის არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს. როდესაც გადაწყვეტთ რომ ხის ტანი საკმარისად გამსხვილდა და ნერგი მზადაა კონტეინერში გადასარგავად, მხოლოდ ამის შემდეგ შეაჭერით ისინი.
მცენარის ღია გრუნტში ან დიდ კონტეინერში გაზრდის მეთოდს უარყოფითი მხარეც გააჩნია: ტოტები თავისუფლად იზრდება და მსხვილდება. სასურველ ზომაზე დამოკლების შემდეგ, გადაჭრის ადგილის ქერქით დაფარვა წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ეს ადგილი ფაქტობრივად არასოდეს “გაქრება” და ყოველთვის დაეტყობა მცენარეს.
ეს მეთოდი შეიძლება როგორც ფოთოლმცვივან ისე წიწვოვან მცენარეებზე გამოვიყენოთ. მაგრამ უკეთესია ისეთ ჯიშები შეირჩეს, რომლებიც სწრაფად იზრდება და მძინარე კვირტებიდან ახალი ამონაყრის განვითარებას შეძლებს.
არსებობს ტანის ძირის გამსხვილების კიდევ ერთი მეთოდი: ნერგზე, სავარაუდო ზედაპირული ფესვების ქვემოთ, ვახვევთ მსხვილ მავთულს და მჭიდროდ ვაფიქსირებთ. შემდეგ ვრგავთ კონტეინერში, ან რამე დიდ ჭურჭელში.
ადგილი, სადაც მავთულია შემოხვეული მიწით უნდა დაიფაროს. გარკვეული პერიოდის შემდეგ შემოხვეული მავთულის ზედა ნაწილი გამსხვილდება. ამის შემდეგ ფრთხილად შემოაცალეთ მიწა და შემოხსენით მავთული. თუ დაგაგვიანდათ და მავთული ისე ჩაერჭო ტანში რომ მისი მოხსნა ვეღარ მოახერხეთ, დაელოდეთ გადარგვის სეზონს და ფესვები შემოხვეული მავთულის ადგილას გადაჭერით.
ვარჯი
რამდენიმე წლიანი გასხვლების შემდეგ, მცენარეს უფრო ხშირი და მრავალფეროვანი ტოტების სისტემა უვითარდება. მაგრამ კარგად უნდა მიაქციოთ ყურადღება ფოთლების და მეორე რიგის ტოტების რაოდენობას. არ არის საჭირო რომ ბონსაი რაღაცით “მოვლილი ბუჩქის” შთაბეჭდილებას ტოვებდეს. კარგად ფორმირებულ მცენარეზე სასურველია ჩანდეს ტანის ფორმა და მსხვილი ტოტების განლაგება. შეიძლება ვარჯი ისეთი ხშირი იყოს, რომ მხოლოდ ტანის ქვედა ნაწილი და ზედაპირული ფესვები ჩანდეს. მაგრამ, ბონსაი უფრო ეფექტურად გამოიყურება როდესაც ფორმირებულ, მსხვილ ტოტებს შორის გარკვეული თავისუფალი სივრცე ჩანს. ასეთი ბონსაი უფრო ”ხანდაზმული” მცენარის ილუზიას ქმნის. ასეთი ეფექტის შექმნა წვრილი ტოტების ფორმირებით მიიღწევა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ფოთოლმცვივან მცენარეს მეორე რიგის ტოტები კარგად აქვს ფორმირებული, ის ისეთივე ლამაზი სანახავია ზამთრის პერიოდში, როგორც წელიწადის სხვა დროს. ფოთოლგაცვენილ ხეებს განსხვავებული, თავისებური სილამაზე აქვთ.