ბონსაის მოვლა (დაავადებები და მავნებლები)

დაავადებები და მავნებლები

   ყველა ბაღის ან ოთახის მცენარის მსგავსად, ბონსაისაც უჩნდება დაავადებები და ესევა სხვადასხვა მავნე მწერები. მცენარის მდგომარეობის კონტროლი ბონსაის მოყვარულის ყოველდღიური საზრუნავია, განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში. ამ დროს აქტიურდებიან მავნებლები და უფრო დიდი რისკია მცენარის სხვადასხვა დაავადებით დაზიანების. ამიტომ აუცილებელია მუდმივი ყურადღება, მავნებელმა მწერებმა ან დაავადებამ გამოუსწორებელი ზიანი რომ არ მიაყენოს მცენარეს.
მცენარეების დაავადების პირველი მიზეზი მათი არასწორი მოვლაა:

  • არაშესაფერისი ადგილმდებარეობა
  • არასაკმარისი ან ზედმეტი მორწყვა,
  • ზედმეტი ან ნაკლები სასუქი,
  • არასწორად შერჩეული მიწის ნარევი,
  • ცუდი დრენაჟი,
  • ძლიერი ქარი.

თუ ყველაფერს სწორად დაიცავთ და მცენარეს მაინც დაავადდა, გახსოვდეთ, რომ კარგად მოვლილი ბონსაი უფრო იოლად იტანს ყველანაირ სტრესს ვიდრე მოუვლელი, დასუსტებული მცენარე.
დაავადების პირველი ნიშნები ფოთლებზე და წიწვებზე ჩნდება. რეგულარულად ათვალიერეთ როგორც ფოთლების ზედაპირი ასევე უკანა მხარე. დაავადების და მავნებლების ზემოქმედების პირველი სიმპტომებია: ფოთლის ფერის შეცვლა, დახუჭუჭება, ლაქები, თეთრი ნადები, წებოვანი და პრიალა წარმონაქმნები, ფოთლის კიდეების ფერის შეცვლა.
დაავადებებთან და მავნებლებთან ბრძოლა მცენარის დაცვის სპეციალური ქიმიური საშუალებებით ხდება. არ არსებობს რამე ერთი პრეპარატი, რომელიც მცენარის ყველა დაავადების თუ მავნებელი მწერების პრობლემას გადაჭრის. ამიტომ უნდა დადგინდეს დაზიანების მიზეზი და გამოვიყენოთ დაცვის ის საშუალება, რომელიც აუცილებელი იქნება მცენარის გადასარჩენად.
მინიატურული ზომების გამო, მცირე დაზიანებამაც კი შეიძლება  ბონსაის დაუშნოება გამოიწვიოს. ამიტომ, ბუნებაში არსებული მცენარეებისგან განსხვავებით, ბონსაის ყოველდღიური გულმოდგინე დათვალიერება ესაჭიროება. უყურადღებობით დაკარგულმა დრომ გამოუსწორებელი შედეგი შეიძლება გამოიღოს.
პირველ რიგში დაზიანების გამო ჩამოცვენილი ფოთლები აუცილებლად უნდა შეგროვდეს და დაიწვას. ასევე თუ შეამჩნევთ, რომ რომელიმე ფოთოლი მცენარეზე საკმაოდ არის დაზიანებული, უმჯობესია შეაჭრათ და დაწვათ. დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში მცენარე ცალკე მოათავსეთ. მავნებლები და დაავადებები ადვილად გადადის სხვა მცენარეებზე.

 დაავადებები

ნაცარი
ნაცარი სოკოვანი დაავადებაა, რომელსაც  ნაცროვანი სოკო იწვევს. ნაცარი მცენარეებს ზაფხულის დასაწყისიდან უვითარდება. ფოთლებზე, ყლორტებზე, ნაყოფზე ჩნდება ნაცრისფერი ფიფქი. ფოთლები ნაადრევად ყვითლდება და ცვივა. ნაყოფი მაგრდება და სკდება. ინფექცია, ჩვეულებრივ, პირველად იმ ფოთლებზე ჩნდება რომლებიც ყველაზე ახლოსაა მიწასთან და შემდეგ მთელ მცენარეს ედება.


ჟანგა
ჟანგა სოკოებით გამოწვეული დაავადებაა. სიმპტომები: ფოთოლზე ვითარდება პატარა ჟანგისფერი მეჭეჭები. დაავადებულ მცენარეს ერღვევა ნივთიერებათა ცვლა, წყლის ბალანსი. უქვეითდება ფოტოსინთეზის ენერგია.

ჟანგა წიწვოვან და მსხმოიარე მცენარეებზე

ქლოროზი
ქლოროზის დროს ირღვევა ქლოროფილის წარმოქმნის პროცესი და ფოტოსინთეზის აქტიურობა საგრძნობლად მცირდება. ამის შედეგად:
ფოთლის კიდეები ხუჭუჭდება,

  • ფოთლები ნაწილობრივ ან სრულიად კარგავენ მწვანე შეფერილობას
  • ფოთლები დროზე ადრე ცვივა,
  • ახალი ფოთლები უფრო პატარა ზომის იზრდება,
  • ნელდება მცენარის ზრდა.

   დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება, როგორც ინფექციური ასევ არაინფექციური ხასიათის იყოს. ინფექციური ქლორიზი გამოწვეულია ვირუსებით, სოკოებით და სხვა მიკროორგანიზმებით. ამ ინფექციის გადამტანები ხშირ შემთხვევაში მავნებლები არიან (ტკიპები და ბუგრები).
არაინფექციური ქლორიზის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: 

  • არასწორი მორწყვა,
  • არასაკმარისი განათება,
  • მცენარისთვის არაშესაბამისი ჰაერის ტენიანობა, 
  • გარკვეული ელემენტების ნაკლებობა მიწაში (რკინა, მაგნიუმი).

ვერტიცილოზი
ვერტიცილოზი დავადებაა რომელიც აზიანებს ხის ჭურჭელ-ბოჭკოვან სისტემას და იწვევს ჭკნობას. დაავადების გამომწვევი სოკო ვერტიცილიუმია, ის დაზიანებული ფესვებიდან მცენარეში აღწევს და შეიძლება სულ რამდენიმე დღეში გაახმოს ხე. ვერტიცილოზით დაავადებისას პირველ რიგში ყვითლდება ხის ქვედა ნაწილში არსებული ფოთლები, მაგრამ ისინი არ ცვივა. შემდეგ იგივე ემართება ყველა ფოთოლს და შემდეგ ყლორტებიც სუსტდება. ვერტიცელოზი რომ არ ჩამოყალიბდეს საჭიროა დავიცვათ ელემენტარული წესები: ნუ მორწყავთ ბონსაის საჭიროზე მეტად; ნუ შეიტანთ აზოტიან სასუქს ჭარბი დოზით; გადარგვისას ნუ დააზიანებთ ფესვებს.

ფესვების ლპობა
   ყველაზე რთული მაინც ფესვების დაზიანების აღმოჩენაა, რადგან შეუძლებელია ფესვების ყოველდღიური კონტროლი. ფესვების შემოწმება მხოლოდ გადარგვის დროს თუ მოხერხდება. ამიტომ დაზიანების აღმოჩენა მხოლოდ შორს წასული პროცესის შემდეგ არის შესაძლებელი. გადარგვისას კარგად დაათვალიერეთ ფესვები, გაფუჭებული ფესვი მუქი ფერისაა და ადვილად ტყდება. ყველა დამპალი ან დამტვრეული ფესვი აუცილებლად შეკრიჭეთ ბასრი მაკრატლით. მიწა აუცილებლად სუფთა უნდა იყოს, ყოველგვარი მატლების და მწერების გარეშე. ასევე აუცილებელია სადრენაჟე ხვრელების კონტროლი. კონტეინერში წყლის დაგროვება ფესვების ლპობის უმთავრესი მიზეზია.

მავნებლები

მავნებელი მწერები ძალიან პატარა ზომის პარაზიტებია რომლებიც მცენარის ფოთლებით ან მისი წვენით იკვებებიან. პირველ რიგში ესენი სხვადასხვა სახის ბუგრები და ტკიპებია, რომლებიც იმდენად მცირე ზომის არიან, რომ მათი დანახვა ლუპის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია.

აბლაბუდიანი ტკიპა
   ეს მიკროსკოპული პარაზიტი, ზომით 0,5მმ, ბინადრობს ფოთლის ქვედა მხარეს. მცენარეზე ძალიან თხელ აბლაბუდას ქსოვს. დღეში ათამდე კვერცხ დებს, რომლებიც აბლაბუდაზეა მიმაგრებული. აბლაბუდიანი ტკიპა  ფოთლების ზედაპირზე ესობა და  უჯრედის შიგთავსს წოვს. სანერწყვე ჯირყვლები გამოყოფენ ექსტრაქტს, რომელიც აზიანებს ქლოროპლასტებს (უჯრედები, რომლებშიც ფოტოსინთეზი მიმდინარეობს). თავიდან ფოთლებზე მოწითალო ლაქები ჩნდება, შემდეგ ფოთლები მუქდება, ნაადრევად ხმება და ცვივა. აბლაბუდიანი ტკიპას მასიური გამრავლების შემთხვევაში მცენარე იღუპება.

ბუგრები
   ბუგრები ყველაზე გავრცელებული მავნე მწერებია რომლებიც აზიანებენ როგორც ფოთოლმცვივან ისევე წიწვოვან მცენარეებს. ზომით 0,5მმ-დან 6მმ-დე. ძალიან სწრაფად მრავლდება, წელიწადში ოცჯერ მაინც. ბუგრები ფოთლებზე სპეციფიკურ პრიალა, ტკბილ ნადებს ტოვებენ რომლებიც კარგად დაკვირვების შემდეგ ადვილი შესამჩნევიაბუგრები დიდი რაოდენობით ესევა მცენარეს, განსაკუთრებით ახლად ამოყრილ ყლორტებს. ძალიან მალე შეუძლიათ ბონსაის დეკორატიული სახის გაფუჭება, და თუ დროზე არ უმკურნალეთ მცენარეს გაახმობს.
წიწვოვან მცენარეებზე შეიძლება ნახოთ თეთრი ფერის ფიფქივით ნადებები. ეს ბუგრების ერთ-ერთი სახეობაა. ისინი ძალიან სწრაფად მრავლდებიან და ამიტომ ერთ სეზონზეც შეიძლება მთლიანად გაახმოს მცენარე.

მუხლუხო
   მუხლუხო, მისი ზომების, გამო უფრო ადვილი შესამჩნევია ვიდრე ტკიპები ან ბუგრები. დაზიანების პირველი ნიშნებია:

  • ნახვრეტები ფოთლებზე,
  • მოჭმული ფოთლის კიდეები,
  • კონუსურად დახვეული ფოთლები, რომელსაც მუხლუხო “ბუდედ” იყენებს.

ჭიანჭველა
   ჭიანჭველები სხვადასხვა დაავადების გადამტანები არიან. თუ იმ ადგილის სიახლოვეს სადაც ბონსაი გაქვთ, ჭიანჭველების დიდ რაოდენობას შეამჩნევთ, აუცილებლად იხმარეთ ქიმიური საშუალება მათ მოსაშორებლად.
დაავადების თუ მავნებლებისგან მცენარის დაცვა არასპეციალისტისთვის საკმაოდ რთული საქმეა. პირველ რიგში, არც თუ ისე იოლია სწორი დიაგნოზის დასმა, ქიმიური საშუალებები კი რომელიც ამა თუ იმ დაავადებას უშველის და მავნებლებს მოსპობს, წლიდან წლამდე იცვლება. ზემოთ მოყვანილი მავნებლების და დაავადებების ჩამონათვალი რა თქმა უნდა არასრულია. სხვადასხვა სახეობის მცენარეებს განსხვავებული სახის დაავადება აზიანებს. ამიტომ მთავარია არ დატოვოთ მცენარე უყურადღებოდ. რამე საეჭვო სიმპტომის შემჩნევისას დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც შეგირჩევთ მცენარეთა დაცვის ქიმიურ საშუალებას და გულმოდგინედ შეასრულეთ მისი რეკომენდაციები.

ka_GEKA