ბონსაის სკოლა

   ბონსაის კულტურა საქართველოში გვიან შემოვიდა. ბონსაებზე მართებული ინფორმაცია დღესაც ბევრს არ აქვს, თუმცა ინტერნეტის მეშვეობით უამრავი სანდო წყაროს ნახვა შეიძლება სხვადასხვა ენებზე. 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მე ბონსაიზე მუშაობას ვიწყებდი, ეს ფუფუნება, სამწუხაროდ, არ მქონდა. 10 წლის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე წიგნით ვხელმძღვანელობდი. საქართველოში არავინ იყო ვინც ამ კულტურის გაცნობაში დამეხმარებოდა ან დამაკვალიანებდა მაინც. სწორედ ამიტომ სწავლების პროცესი ძალიან ნელი და შრომატევადი იყო. ბევრი წელი დამჭირდა, რომ ჩაფიქრებული შედეგი მიმეღო.

   ბონსაიზე 30 წლიანი მუშაობის შემდეგ, თავს უფლება მივეცი ჩემი გამოცდილება სხვებისთვის გამეზიარებინა. პირველი მიზეზი ის იყო რომ ქართულ ენაზე, ქართულ ინტერნეტ სივრცეში, არ იძებნებოდა სანდო ინფორმაცია ამ იაპონური კულტურის შესახებ. ჩემი შვილის დახმარებით შევქმენით ვებგვერდი, რომლის უმთავრესი ფუნქციაც შემეცნებითი ხასიათისაა. მას შემდეგ რაც ბონსაი ჩვენს ქვეყანაში შედარებით პოპულარული გახდა, ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი ამ ხელოვნების შესწავლის. ამის გამო დავფიქრდი, რომ ბონსაის სკოლა შემექმნა.

   თავდაპირველად მთავარი პრობლემა შესაბამისი სივრცის არ ქონა იყო. ჩვენი სამუშაო ადგილი არც ვიზუალურად გამოიყურებოდა კარგად და ფუნქციურადაც შეუძლებელი იქნებოდა იქ რაიმე საგანმანათლებლო აქტივობის ჩატარება. 2021 წლის იანვარს საშუალება მოგვეცა, ექსპო-ჯორჯიის ტერიტორიაზე, საბჭოთა პერიოდში აშენებული, უფუნქციო სათბური იჯარით აგვეღო. ამ იდეით თავიდანვე მოვიხიბლეთ, სათბური შესაძლებლობას გვაძლევდა ჩვენი ბონსაები ლამაზად გამოგვეფინა და ამასთან შემსწავლელი კურსებიც ამ სივრცეში ჩაგვეტარებინა. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა სივრცე რომ გაგვესუფთავებინა და გაკვეთილების ჩასატარებლად მოგვეწყო. თუმცა ეს ყველაფერი ამად ნამდვილად ღირდა.

   2021 წლის 13 მარტს პირველი სასწავლო ჯგუფიც ავიყვანეთ. სწავლის პროცესი ძალიან შრომატევადია, ამავდროულად კი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო. მახარებს ისიც რომ თითოეული ჩემი მოსწავლე განსაკუთრებული და საინტერესო ადამიანია. კურსის დასრულების მერეც მათი სტუმრობა ჩვენთან განსაკუთრებით სასიხარულოა.

ბონსაის კურსების პირველი ჯგუფი
ბონსაის კურსების პირველი ჯგუფი

   ბონსაის კურსები ამ კულტურის პოპულარიზაციასაც ეხმარება. რაც უფრო მეტი ადამიანი სწავლობს ამ ხელოვნებას სიღრმისეულად, მით უფრო მალე ვრცელდება სწორი ინფორმაცია ბონსაის შესახებ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი მგონია.

გაკვეთილი ბონსაის სტილებზე
გაკვეთილი ბონსაის სტილების შესახებ

შემოდგომის ახალი კურსი 16 სექტემბერს იწყება. კურსის ხანგრძლივობა 2 თვეა. ამ ჯერზე მხოლოდ ორი, 5 წევრიანი ჯგუფი აგვყავს. პრაქტიკული მასალის სწავლების დროს, 5 ადამიანზე მეტის აყვანა არა ეფექტიანია. კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ინსტაგრამ და ფეისბუქ  გვერდებზე.

   

ka_GEKA