ცხოვრების განსხვავებული წესი, ტრადიციული მხატვრობა, მებაღეობა, ფილოსოფია და ალბათ კიდევ მრავალი სხვა ფაქტორი გახდა საფუძველი ბონსაის, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი სახეობის განვითარებისა იაპონურ კულტურაში.
მინიატურული ხეების ქოთანში გაზრდის საუკუნოვანი ტრადიცია არსებობს ჩინეთში, საიდანაც სავარაუდოდ “სათავეს” იღებს ბონსაის კულტურა, მსგავსი ხელოვნება არსებობს კორეაშიც. მაგრამ თანამედროვე ბონსაის ესთეტიკა და პოპულარიზაცია უდავოდ ამომავალი მზის ქვეყანას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში, ყველა კონტინენტზე, წარმოიშვა გარკვეული “ვარიაციები”, ყველგან და ყველაფერში მაინც იგრძნობა იაპონელი ოსტატების ტრადიციის გავლენა. და ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იაპონელებმა შექმნეს ამ კულტურაში არ ბონსაის სტილები.
მოყვარულისთვის ძირითადი ამოსავალი წერტილი ბონსაის სტილების კარგად გაგებაა. საუკუნეების მანძილზე მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებაში ჩადებულია ბონსაის შექმნის მნიშვნელოვანი მეთოდები და ესთეტიკური ორიენტირი. ბონსაის სტილებში მოცემულია ხის ტანის ფორმა, ტოტების და ფესვების განლაგება, ასევე ხეების რაოდენობა კონტეინერში, რაც საკმაოდ მოსახერხებელს ხდის არსებული ესკიზის მომავალ ბონსაისთან დაკავშირებას. სტილების გაგება ეხმარება ადამიანს შერჩეული ნერგისგან დაგეგმოს მომავალი ბონსაის ფორმირების მიმართულება. “სტანდარტული” სტილები რა თქმა უნდა ეხმარება ბონსაის მოყვარულს, მაგრამ არ წარმოადგენს რამე მკაცრად განსაზღვრულ მიმართულებას საბოლოო შედეგის მისაღწევად. სტილების სისტემა უფრო შემოქმედებითი დახმარებაა ვიდრე აუცილებლად და მკაცრად განსაზღვრული ფორმა.
ბონსაის ესთეტიკის მთავარი მიზანი სრულფასოვანი ასაკობრივი, ბუნებრივი შეხედულების, პროპორციული დეტალებით შექმნილი მინიატურული მცენარეა. მოყვარული აკეთებს ფორმირებას, ხაზს უსვამს ან აძლიერებს მცენარის შეხედულებით ასაკს. ასევე ქმნის წინა “ფასადს”, რომელი მხრიდანაც შემდგომში ბონსაის დათვალიერება ხდება. მაგრამ, შესაძლოა რომელიმე სხვა მხრიდან დანახული იგივე მცენარე არაბუნებრივად ულამაზოდაც კი გამოჩნდეს.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ფესვების, ტანის, და ვარჯის ვიზუალური ბალანსის დაცვა.
ბალანსი მცენარის დეტალების მართებული განლაგებით მიიღება, ეს ქმნის სტაბილურ, მშვიდ ფორმას და ეფექტს თითქოს მცენარე მყარად დგას ათწლეულების განმავლობაში.. (მაგალითად სტილები “ჩიოკანნი” და “მოიოგი”).
დინამიკური ბალანსი ,რომელიც იქმნებაა სიმეტრიული ფორმებით, არასტაბილური და მოძრავი ეფექტის შექმნით, თითქოს მცენარე სტიქიას ებრძვის (მაგალითად “ჰან-კენგაი”, “კენგაი” და “ფუკინაგაჩი” სტილები). ესთეტიკურად ღირებული ბონსაის ყურებისას ჩნდება ფიზიკური წონის, მასიურობის, ხანდაზმულობისა და თუნდაც “სიამაყის”გრძნობაც კი. როგორსაც ბუნებაში განმარტოებით მდგარი დიდი ხნის ხე რომ იწვევს ადამიანში.
ტანის, ვარჯის და ზედაპირული ფესვების ფორმების მანიპულაციით მიიღება სასურველი ვიზუალური ბალანსი. ვარჯში არსებული “ცარიელი ადგილები” შესაბამისობაშია ბონსაის მთლიან ფორმასთან. სიცარიელე და უკანა მხარეს გაშლილი ტოტები გარკვეულ სივრცულ ილუზიას ქმნის. სიცარიელის და ტოტების ერთობლივი თანაფარდობა უფრო ეფექტურს ხდის ბონსაის ვიზუალურ სახეს.
მნიშვნელოვანი ფაქტორი პროპორცია ხის ელემენტებს შორის:
- ყველა ძირითადი ელემენტი კომპაქტურად არის განლაგებული ხის ტანთან;
- არ არის შეუსაბამო დიდი ზომის წიწვები ან ფოთლები;
- არ არის ტანზე უფრო მსხვილი ტოტები;
- არ არის არაპროპორციულად დიდი ნაყოფი ან ყვავილი;
- არ არის ტოტების და ფესვების განლაგების მკაცრი სიმეტრია;
- გვერდებზე და უკან განლაგებული ტოტები არასოდეს იზრდება ერთ დონეზე;
- წინა, შესახედ მხარეს, მეორე რიგის ტოტი ყოველთვის ნაკლებია, ხის ტანი კარგად რომ გამოჩნდეს;
- ხავსის გარდა არცერთი მცენარე არ იზრდება კონტეინერში;
- თუ კომპოზიცია ქვებით კეთდება, მიწის, ქვების და ხავსის გარდა არანაირი საგანი არ უნდა იდოს კონტეინერის ზედაპირზე.
მაგრამ ამ დროს, ბონსაის შექმნა არ არის ზუსტი მეცნიერება ან რამე მექანიზმი, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს თუ ყველა დეტალი წინასწარ შედგენილი ნახაზის მიხედვით იქნება გაკეთებული. ბონსაის ფორმირების რამდენიმე ძირითადი პრინციპი შეიძლება შეიცვალოს ან საერთოდ უგულებელყოფილი იქნას ისე, რომ მცენარის ძირითადი ესთეტიკა (ვიზუალური ეფექტი) არ დაზარალდეს. ბონსაის შედევრების კარგად დაკვირვებისას, ძალიან ბევრ შემთხვევაში, აუცილებლად აღმოაჩენთ ასეთ მაგალითებს. სპეციალისტი, რომელიც ბონსაის ფორმირებაზე მუშაობს, უკვე გამოცდილების და ინტუიციის ხარჯზე აღწევს შედეგს და არ ფიქრობს წეს-კანონებზე.
ადამიანი ბონსაიზე სერიოზულად მუშაობის გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, პირველ რიგში კარგად უნდა იგრძნოს რა არის ბონსაი. უნდა მიხვდეს იმას რომ, ბონსაი არ არის უბრალოდ პატარა ხე, რომელიც ქოთანში იზრდება. არ არის კომპიუტერული თამაში, რომელსაც შეწყვეტს, მაშინ, როდესაც მოსწყინდება და გააგრძელებს, როდესაც თამაშის სურვილი ხელახლა გაუჩნდება. არც დეკორატიული ნივთია, თუნდაც ძალიან ლამაზი, რომლის დანიშნულებაც მხოლოდ ინტერიერის გალამაზებაა. ბონსაის მოყვარულმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პატარა მცენარეს ყოველდღიური ყურადღება სჭირდება და ულამაზეს, “სრულყოფამდე” მიყვანილ ფორმის შექმნას ხანგრძლივი დრო ესაჭიროება.