იოსე უე (寄せ植え)
იოსე უე სტილი პატარა ტყის მინიატურული მოდელია. ხეების ასეთი ჯგუფი ნებისმიერ კლიმატურ ზონაში შეიძლება ვნახოთ.
ამ სტილის ბონსაის გაკეთებას თავისი პლუსი აქვს. იოსე უეს შექმნისას შეიძლება გამოვიყენოთ 2-3 წლის ნერგები. დამწყებ მოყვარულებს, რომლებსაც ეჩქარებათ თავიანთი ნამუშევრის შედეგის ნახვა, შეუძლიათ ამ სტილში დაიწყონ მუშაობა. ამ სტილისთვის ის ნერგებიც კი გამოდგება, რომლებსაც ტოტები კარგად არ აქვთ განვითარებული, ხარვეზები ჯგუფში მდგარმა სხვა ხეების ტოტებმა იოლად შეიძლება დაფაროს.
სასურველია შეირჩეს ერთი ჯიშის ხეები, პატარა ფოთლებით ან წიწვებით. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ”შერეული ტყის” გაკეთებაც. მაგრამ ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ისეთი ჯიშების შერჩევა რომლებსაც თანაბარი ზრდის ტემპი და დაახლოებით მაინც ერთნაირი ზომის ფოთლები ექნებათ. მინიატურული ზომების გამო, ფოთლის ზომებში კონტრასტული სხვაობა ამ სტილს არამიმზიდველს ხდის. არ გამოდგება წიწვოვანი და ფოთოლმცვივანი ხეების კომბინაციაც.
ასევე მნიშვნელოვანია ნერგების რაოდენობა. იოსე უეს შესაქმნელად მცენარეების კენტ რაოდენობას ირჩევენ.
ამ სტილისთვის ოვალური ან მართკუთხა, შედარებით დაბალი და გრძელი კონტეინერი გამოდგება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნერგების განლაგებას კონტეინერში: ყველაზე მაღალი, მსხვილი ტანის მქონე ნერგი კონტეინერში წინა პლანზე უნდა მოთავსდეს, შედარებით მცირე ზომისა კი უკანა პლანზე უნდა ჩაირგეს.
პირველ რიგში მოამზადეთ ნერგების საჭირო რაოდენობა და შესაფერისი კონტეინერი. ნერგების განაწილებისას კონტეინერში, გაითვალისწინეთ, რომ ყველა ხის ტანი კარგად უნდა ჩანდეს, ნუ ჩარგავთ ნერგებს ერთ ხაზში და მოერიდეთ ყოველგვარ სიმეტრიას. ამ სტილში ხეები შეიძლება გაიყოს ორ, სხვადასხვა ჯგუფადაც, ისე რომ მათ შორის ცარიელი სივრცე დარჩეს. ასევე შესაძლებელია, ხეების ჯგუფი განლაგდეს კონტეინერში ოდნავ ამაღლებულ ადგილას, “ბორცვზე”. თუ ხეების ორი ჯგუფია, შეიძლება ორივე შემაღლებულ ადგილზე იყოს, მათ შორის სივრცე კი კონტეინერის კიდის დონეზე დარჩეს. ან ერთი ჯგუფი განლაგდეს “ბორცვზე” მეორე კი ”დაბლობზე”. გასხვლით უნდა დაარეგულიროთ ცალკეული ნერგების სიმაღლეები ისე, რომ ხეების ჯგუფის საერთო ფორმა არასიმეტრიული სამკუთხედი იყოს.
კარგად განვითარებულ მცენარეებს ფესვები ყველა მიმართულებით აქვთ გაზრდილი. ამის გამო ჩარგვისას შეიძლება სიძნელეები წარმოშვას: მცენარეები კონტეინერში საკმაოდ ახლოს არიან განლაგებული ერთმანეთთან და ხშირ შემთხვევაში ფესვები ხელს შეგიშლით ნერგები თქვენთვის საჭირო ადგილას მოთავსებისთვის. ამისთვის ჯერ კარგად ჩამოყალიბდით, თუ რომელი ნერგი რა ადგილას უნდა იყოს. შემდეგ იმ მხარეს, სადაც სავარაუდოდ ფესვები ხელს შეგიშლით, ჩამოჭერით ფესვების ის რაოდენობა რამდენიც ნერგის თავისუფლად მოთავსებისთვის იქნება საჭირო. ეცადეთ. რომ მცენარეს იმაზე მეტი ფესვები არ შეაჭრათ, რაც აუცილებელია მისი ნორმალური განვითარებისათვის. კარგი იქნება თუ კონტეინერს სადრენაჟე ხვრელების გარდა დამატებით პატარა ნახვრეტებს გაუკეთებთ. ამ სტილში ერთის მაგივრად რამდენიმე ხე უნდა მოათავსოთ, ხვრელების დამატებითი რაოდენობა გაგიადვილებთ ნერგის სასურველ ადგილას მავთულით დაფიქსირებას.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ცალკეული ნერგების ფესვები ერთმანეთში გადაიხლართება. ამის შემდეგ ამ სტილის გადარგვა, ფესვების შეკრეჭა, მიწის გამოცვლა, გასხვლა-ისევე კეთდება როგორც ჩვეულებრივ ბონსაის შემთხვევაში
კაბუდაჩი (株 立)
ამ სტილის გასაკეთებლად ნერგს აძლევენ თავისუფალი ზრდის საშუალებას, სანამ ხის ტანი გარკვეულ ზომამდე არ გამსხვილდება. ადრე გაზაფხულზე, კვირტების ზრდის დაწყებამდე, ხეს მთლიანად ჭრიან ზედაპირულ ფესვებთან ახლოს, ისე რომ მიწის ზედაპირზე მხოლოდ პატარა კუნძი დარჩეს. გაზაფხულზე ხის ტანზე დარჩენილი მძინარე კვირტები მრავალრიცხოვან ამონაყარს წარმოქმნის. გარკვეულ ზომამდე გაზრდის შემდეგ დატოვეთ მხოლოდ ის ყლორტები რომლებსაც საჭიროდ მიიჩნევთ მომავალი ბონსაის ფორმირებისთვის. კაბუდაჩი სტილის ამ მეთოდით გაკეთება, მხოლოდ ფოთოლმცვივანი ხეებისთვის გამოდგება.