დათესვით მიღებული ნერგი
დავუშვათ გვაქვს ნერგი, რომელიც დათესვის შედეგად მივიღეთ. გვიან შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე გადავაჭრათ კენწერო, დავტოვოთ 3-4 კარგად განვითარებული კვირტი.
გადაჭრის შემდეგ დარჩენილი კვირტებიდან ახალი ამონაყარი დაიწყებს ზრდას. ახალ ამონაყარს ერთი ზრდის სეზონის განმავლობაში ვაცლით თავისუფლად განვითარებას. შემდეგ სეზონზე ისევე ვაჭრით კენწეროს და იმ ტოტის დაბოლოებას, რომელიც საგრძნობლად გაიზრდება სიგრძეში. 3-4 წლის შემდეგ მივიღებთ ნერგს, რომელსაც შედარებით კარგად განვითარებული ვარჯი ექნება, (ტოტები იზრდება სხვადასხვა მიმართულებით, გარკვეულ ზომამდე გაუმსხვილდა ტანი, კარგად განუვითარდება ფესვები). ეს შესაძლებლობას მოგვცემს დავიწყოთ მცენარის, ჩვენთვის სასურველ სტილში ფორმირება. გამოცდილ სპეციალისტს უკვე წინასწარ აქვს განსაზღვრული თუ რა სტილის იქნება მომავალი ბონსაი, დამწყებებმა აჯობებს იმისდა მიხედვით გააგრძელონ მუშაობა თუ როგორ განვითარდება გასხვლის შემდეგ ამონაყარი. შესაძლებელია მცენარეს რამდენიმე წელიწადი თავისუფალი ზრდის საშუალება მივცეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ მისი ფორმირება. ასეთივე მოქმედებების ჩატარებაა საჭირო როდესაც ნერგი მიღებულია კალმით.
დათესვის შედეგად მიღებული ნერგი სასურველია გამოვიყენოთ პატარა ზომის ბონსაის გასაკეთებლად. საშუალო ან დიდი ზომის ბონსაის გაკეთებას საგრძნობლად დიდი დრო დასჭირდება.
ნაყიდი ნერგი
სანერგეში ნაყიდი მცენარე რამდენიმე წლისაა და გარკვეული რაოდენობის ტოტები უკვე კარგად აქვს განვითარებული. ყიდვის შემდეგ საგულდაგულოდ უნდა დათვალიერდეს ნერგი და განისაზღვროს რა ზომის და სტილის იქნება მომავალი ბონსაი, დადგინდეს თუ რომელი იქნება პირითი, შესახედი მხარე. წინა ხედის შერჩევაში, ძალიან ხშირად, გადამწყვეტ როლს მსხვილი ფესვები თამაშობს (მომავალი ბონსაის ზედაპირული ფესვები). სანერგეებში, როგორც წესი, მცენარეები პლასტმასის კონტეინერებში ჩარგული იყიდება. ამოიღეთ კონტეინერიდან და ფრთხილად დაიწყეთ მიწის მოშორება ზედაპირიდან, სანამ მსხვილი ფესვები არ გამოჩნდება. მიწის მოსაშორებლად გამოიყენეთ სამკაპი, წაწვეტებული ჯოხი, პატარა ჯაგრისი. ყველა წვრილი ფესვი რომელიც მსხვილი ფესვების ზემოთ იქნება შეაჭერით. იშვიათია შემთხვევა როდესაც ნერგზე მსხვილი ფესვები თანაბრად არის ტანის გარშემო განაწილებული. ამიტომ სასურველი იქნება თუ შესახედ მხარეს ისე აირჩევთ, საიდანაც მსხვილი ფესვების განლაგება ყველაზე ბუნებრივად და ლამაზად გამოჩნდება. ნერგის წინასწარ დათვალიერებას და რაც მთავარია, მომავალი ფორმის განსაზღვრას როგორც წესი საკმაოდ დიდი დრო მიაქვს, რამდენიმე საათი ან შესაძლოა ერთი კვირაც კი. ნურასოდეს აჩქარდებით, მომავალი ბონსაის ფორმის წინასწარ კარგად გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია სასურველი შედეგის მისაღწევად. იმის შემდეგ, როდესაც ყველაფერი კარგად იქნება მოფიქრებული ვიწყებთ ნერგის გასხვლას.
პირველადი გასხვლა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ბონსაის ის პირველადი “ჩონჩხი”, ძირითადი ფორმა, რომლის საფუძველზეც ბონსაის შემდგომი ფორმირება მოხდება. თავდაპირველად მცენარეზე ვაჭრით ყველა არასაჭირო მსხვილ ტოტს და დარჩენილ ტოტებს სასურველ ზომამდე ვამოკლებთ.