ჩემ შესახებ

   მინიატურული ხეებით პირველად 13 თუ 14 წლის ასაკში დავინტერესდი, სულ რამდენიმე წუთიანი სატელევიზიო რეპორტაჟის ნახვის შემდეგ. საკმაოდ უცნაური და საინტერესო მომეჩვენა თუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ხე ისე გაზარდო პატარა ქოთანში, რომ  იყოს რამდენიმე  სანტიმეტრი სიმაღლის , ბუნებრივად ლამაზი და ყველაზე უცნაური, ისხამდეს ჩვეულებრივ ნაყოფს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე სერიოზულად შემესწავლა ბონსაი. სამწუხაროდ, საქართველოში ვერც ლიტერატურა ვიპოვე და ვერც ადამიანი, რომელსაც შეეძლო თუნდაც მცირე ინფორმაცია მოეწოდებინა, თუ  როგორ გამეზარდა ბონსაი. მხოლოდ 1990 წელს, ინდოელი ავტორის, რუსულად ნათარგმნი წიგნის ყიდვის შემდეგ დავიწყე ბონსაიზე მუშაობა. თავიდან ბონსაის კეთება ჩემივე დარგული თუთის ჯიშის ხისგან დავიწყე. აივანზე მხოლოდ ოთხი მცენარე მქონდა, მოგვიანებით , ხანგრძლივი ძიების შემდეგ კიდევ რამდენიმე წიგნის ყიდვა მოვახერხე, ინფორმაცია კვლავ მწირი იყო, რადგან 90-იანი წლების საქართველოში ბონსაისთვის ნამდვილად ცოტას თუ ეცალა.

   წლების შემდეგ ინტერნეტმა გაცილებით მეტი საშუალება მომცა გამოცდილი სპეციალისტების ნამუშევრებისა და მუშაობის მეთოდების გაცნობის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო უამრავი ფოტომასალა, რომლებიც ინტერნეტსაიტებზეა გამოქვეყნებული. ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ, ბუნებრივია, მეტი შესაძლებლობები მომცა,რათა ბონსაების ხარისხი გამეუმჯობესებინა და რაოდენობაც გამეზარდა. როდესაც აივანზე ვეღარ ვტევდი ხეებს, ჩემი სახლის, მრავალსართულიანი კორპუსის სახურავზე გადავინაცვლე და ბონსაები დიდ თაროებზე განვათავსე.

ბონსაები წლების წინ, კორპუსის სახურავზე

 ბონსაის გაზრდას არ სჭირდება სპეციალური განათლება, ყველა ადამიანს რომელსაც სურვილი, ცოტა ფანტაზია და მოთმინების უნარი აქვს შეუძლია გარკვეული საწყისი ინფორმაციის მიღების შემდეგ დაიწყოს მუშაობა. მაგრამ თუ ბონსაის მოყვარულს უნდა, რომ მართლაც განუმეორებელი სილამაზის მინიატურული მცენარე გაზარდოს კარგად უნდა შეისწავლოს ფორმირების მეთოდები, გაითვალისწინოს სხვა სპეციალისტების გამოცდილება, გულმოდგინედ ათვალიეროს ბონსაის შედევრების სურათები, ბუნებაში გაზრდილი ლამაზი ხეები და რაც ყველაზე მთავარია, დაუთმოს დიდი დრო ბონსაის შექმნაზე მუშაობას.

   ბონსაის მოყვარულები შეიძლება პირობითად ორ ჯგუფად დავყოთ: ისინი ვისაც უკვე “გამზადებული” ბონსაის ყიდვა უნდათ და ვისაც სურვილი აქვს თვითონ გაზარდოს ბონსაი. ეს ვებგვერდი ორივე ჯგუფის ადამიანებისთვის  სასარგებლო იქნება. თუნდაც ბონსაის ისეთი მოყვარული, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებს იმუშაოს ბონსაის შექმნაზე, აუცილებელია კარგად ერკვეოდეს რა არის ბონსაი, ისწავლოს მისი მოვლის მეთოდები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბონსაი რამდენიმე თვეში დაკარგავს სილამაზეს, ან გახმება.

   საუკუნეების წინ ჩინეთში დაბადებული მინიატურული ხეების შექმნის ტრადიცია, ახლა უკვე მთელ მსოფლიოშია პოპულარული. საქართველოში ბონსაის შესახებ ინფორმაცია ცოტა ადამიანს თუ აქვს და ხშირ შემთხვევაში ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ამ ვებგვერდის შექმნის  მიზანი საქართველოში ბონსაის უკეთ გაცნობისა და პოპულარიზაციის მცდელობაა. ოცდათორმეტწლიანი მუშაობის შემდეგ თავს უფლება მივეცი დაინტერესებული ადამიანებისთვის საკუთარი გამოცდილება გამეზიარებინა. ბონსაის შესასწავლად რა თქმა უნდა საკმარისი არ არის მხოლოდ თეორიის გაცნობა. მონდომებული მუშაობის გარეშე შეუძლებელია სერიოზული შედეგის მიღწევა. ბონსაის გაზრდა არ არის ისეთი რთული, როგორც ეს დამწყებ ენთუზიასტს შეიძლება მოეჩვენოს. საჭიროა მხოლოდ მონდომება, ყურადღება და განსაკუთრებით დიდი მოთმინება, რადგან ლამაზი ბონსაის მიღება მხოლოდ რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ არის შესაძლებელი.

ka_GEKA