ბონსაის მოვლა (უთხოვარი)

ადგილმდებარეობა

  უთხოვარი ოთახის მცენარე არ არის, ამიტომ წელიწადის უმეტეს დროს გარეთ უნდა იყოს. დადგით განათებულ ადგილას ოღონდ ჩრდილში, არ უყვარს როდესაც მზის პირდაპირი სხივები ხვდება, განსაკუთრებით ზაფხულში. მეტი ეფექტურობისთვის ბონსაი განცალკევებულად უნდა იდგეს, შეარჩიეთ ისეთი ადგილი სადაც მინიატურული მცენარე კარგად გამოჩნდება, არ იქნება “დაჩრდილული” სხვა ნივთებით. პირველ რიგში ბონსაი ისე უნდა მოთავსდეს რომ დამკვირვებელმა გარკვევით შეძლოს წინა, მცენარის ყველაზე ეფექტური, მხარის დათვალიერება.

მორწყვა

ბონსაის რეგულარული და გულმოდგინე მორწყვა სჭირდება.
ბუნებაში, მცენარის ფესვები ღრმად იზრდება მიწაში. თუ მოხდა ისე რომ წვიმა რაღაც პერიოდის განმავლობაში არ მოვიდა, ღრმად გამდგარი ფესვების დახმარებით მცენარე მაინც მოახერხებს მისთვის საჭირო წყლის და საკვები ნივთიერების მიღებას. შეზღუდულ პირობებში ბონსაის არანაირი საშუალება არ აქვს თვითონ არეგულიროს ფესვების საჭირო მიმართულებით ზრდა. ბონსაი ძალიან მცირე რაოდენობის მიწაში იზრდება, ამის გამო უფრო მეტადაა დამოკიდებული მორწყვაზე ვიდრე ბუნებაში მზარდი ხე.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში წყლის მოძრაობა და შემდეგ ფოთლების საშუალებით აორთქლება მცენარის ტემპერატურასაც არეგულირებს და იცავს მას გადახურებისგან. სანამ მიწა სველია მცენარეს შეუძლია ძალიან მაღალი ტემპერატურის პირობებშიც კი განაგრძოს ნორმალურად განვითარება. წყლის ნაკლებობის მცენარეს გახმობის მიზეზი ხდება.

ბონსაის მორწყვა
ბონსაის მორწყვა

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში წყლის მოძრაობა და შემდეგ ფოთლების საშუალებით აორთქლება მცენარის ტემპერატურასაც არეგულირებს და იცავს მას გადახურებისგან. სანამ მიწა სველია მცენარეს შეუძლია ძალიან მაღალი ტემპერატურის პირობებშიც კი განაგრძოს ნორმალურად განვითარება.

მორწყვის რაოდენობა და სიხშირე

ბონსაის მორწყვის სიხშირე დამოკიდებულია გარემო პირობებზე, მიწაზე კონტეინერში და თვითონ მცენარის სახეობაზე. ბონსაის მორწყვა ჭირდება არა მკაცრად განსაზღვრული პერიოდულობით, არამედ საჭიროების მიხედვით. მაგალითად, გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში, მორწყვა დღეში ერთხელ შესაძლებელია საკმარისი არ აღმოჩნდეს. არსებობს კიდევ ერთი მცდარი აზრი, თითქოს მორწყვა დღის იმ პერიოდში როდესაც სიცხეა მცენარისთვის საზიანოა. ზაფხულში, დღის მზიან პერიოდში ხანდახან აუცილებელიც კი არის ბონსაის მორწყვა. ამიტომ ნუ შეიმუშავებთ რამე გრაფიკს, დაახლოებით ასეთს: ”ბონსაი აუცილებლად უნდა მოირწყას დღეში ერთხელ, საღამოს”.

უთხოვარს ნაკლები სინესტე ესაჭიროება, მაგრამ მიწის აბსოლუტური გამოშრობა ერთი დღითაც კი, ძალიან ხშირ შემთხვევაში, მცენარის გახმობის მიზეზი ხდება. აუცილებლად შეამოწმეთ მიწის მდგომარეობა ყოველ დღე და მორწყეთ მაშინ როდესაც ამის აუცილებლობა გაჩნდება. პირველ რიგში დააკვირდით ხავსს. ადვილი შესამჩნევი როდესაც მისი ზედაპირი მშრალია, ფერს იცვლის,
მოსარწყავად იხმარეთ ჩვეულებრივი ონკანის წყალი. მიაქციეთ ყურადღება რომ მორწყვის შემდეგ მიწა კარგად დასველდეს მთელ სიღრმეზე, თორემ შეიძლება მხოლოდ ზედაპირი დასველდეს, სიღრმეში კი მიწა მშრალი იყოს.
გაზაფხულზე და ზაფხულში მცენარეს უფრო მეტი წყალი ესაჭიროება, ვიდრე გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში. ზამთარში შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ თვეში ერთხელ მორწყათ მცენარე (ნუ მორწყავთ ბონსაის ყინვების პერიოდში).

ასევე მნიშვნელოვანია დღის რომელ პერიოდში უნდა მოვრწყათ ბონსაი. გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა მაღალია, სასურველია მორწყვა ისეთნაირად მოახერხოთ რომ მიწა კონტეინერში ღამის განმავლობაში ნოტიო იყოს. მორწყეთ საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ. თუ მხოლოდ დილით ან შუადღეს დაასხამთ წყალს, მიწა მალე გამოშრება და ფაქტობრივად მთელი ღამის განმავლობაში მცენარე მშრალ გრუნტში იქნება. შემოდგომით, როდესაც მზე უკვე ისეთი მცხუნვარე აღარ არის შეგიძლიათ ბონსაი დღის ნებისმიერ დროს მორწყათ.
რაც შეეხება გადაჭარბებულ მორწყვას. როდესაც მიწა მუდმივად სველია ფესვების გარშემო, მცირდება ჟანგბადის რაოდენობა მიწაში. რაც შემდგომში წვრილი ფესვების გაფუჭებას იწვევს. გაფუჭებული ფესვები იწყებს ლპობას, და თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, ნელ-ნელა ფესვების სისტემის დიდი ნაწილი დალპება. შედეგად, ჯერ ხე სუსტდება და თუ სიტუაცია არ გამოსწორდა იღუპება. ამიტომ, როდესაც ბონსაის კარგად მორწყავთ, აცალეთ მიწას ნელ-ნელა გამოშრეს, მხოლოდ ამის შემდეგ მორწყეთ ხელახლა.
მიწის ზედმეტი დასველება შეიძლება გადაუღებელმა წვიმებმაც გამოიწვიოს. მაგრამ თუნდაც ერთკვირიანი გადაუღებელი წვიმები ზიანის მომტანი არ იქნება მცენარისთვის. საშიშია როდესაც, მუდმივად, მთელი სეზონის განმავლობაში მიწა წყლით არის გაჟღენთილი.

არის კიდევ ერთი შეცდომა რაც მორწყვისას ემართებათ. ზაფხულში, ხანმოკლე წვიმის შემდეგ კონტეინერში მიწის მხოლოდ ზედაპირი სველდება, სიღრმე კი მშრალია. თუ არ ხართ დარწმუნებული რომ მიწა მთლიანად კარგად არის დასველებული, ბონსაი ჩვეულებრივ მორწყეთ. ასეთ შემთხვევაში ზედმეტი მორწყვა ზიანის მომტანი არ იქნება.

ბონსაის მოვლა ზამთარში

ზამთარში ხეები სიმშვიდის მდგომარეობაში იმყოფება და გაზაფხულამდე მისი აქტიური განვითარება დროებით შეჩერებულია. სიმშვიდის პერიოდი ისევე აუცილებელია მცენარის სიცოცხლისუნარიანობისთვის როგორც აქტიური ზრდის პერიოდი. ამიტომ,ზამთარში ბონსაის სითბოში შემოტანა, მხოლოდ იმ მოტივით რომ მას “შეძლება შეცივდეს”, მცენარისთვის დამღუპველია. რა თქმა უნდა, თუ მას 1-2 დღით ოთახში შემოვიტანთ, ინტერიერის გასალამაზებლად, ეს ზიანის მომტანი არ იქნება. მაგრამ თუ მთელი ზამთარი სითბოში იქნება, ის აუცილებლად გახმება.

ბონსაი
ნაძვის ტყე თოვლში

თბილისის პირობებში ბონსაი არ მოითხოვს რამე განსაკუთრებულ პირობებს გამოზამთრებისათვის.მაგრამ თუ ტემპერატურა მთელი დღის განმავლობაში ძალიან დაბალია (-10 და ქვემოთ), აუცილებელია მცენარის ყინვისგან დაცვა. განსაკუთრებით ეს ფესვებს ეხება. ბონსაის ფესვები არ არის ღრმად მიწაში ჩაფლული და ამის გამო შეიძლება გაიყინოს. ამ პერიოდში დროებით შეიძლება სადმე ისეთ ადგილას მოვათავსოთ სადაც ასეთი ძლიერი ყინვა არ იქნება.

ბონსაის დაცვა ზაფხულში

30C-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე, თუ განსაკუთრებული ზომები არ მივიღეთ ბონსაის დასაცავად, მცენარე შეიძლება დაზიანდეს, ან საერთოდ გახმეს. თუ როგორ გაუძლებს მცენარე არანორმალურად მაღალ სიცხეს, ეს დამოკიდებულია თვითონ მცენარის სიცხის ამტანუნარიანობაზე და მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივობაზე დღის განმავლობაში.

ბონსაის განსაკუთრებულად დიდი ყურადრება სჭირდება ზაფხულში

ფოთოლმცვივან ხეზე ადვილად შესამჩნევია სიცხის გავლენა.მცენარის გაგრილდება ხდება ფოთლებიდან, წყლის აორთქლების საშუალებით. მაღალი ტემპერატურის დროს მცენარე მალე კარგავს სითხეს. როდესაც ბონსაის სიცხეში არასაკმარისი რაოდენობის წყალი მიეწოდება, ფოთლის ტემპერატურამ შეიძლება კრიტიკულ ზღვარს მიაღწიოს. ფოთლების ჭკნობა არის წყლის ნაკლებობის პირველი სიმპტომი. ძლიერი სიცხის დროს მცენარე შეიძლება დროზე ადრე გადავიდეს სიმშვიდის მდგომარეობაში (როგორც შემოდგომით). ფოთლები ფერს იცვლის და ცვივა, ჯერ ვარჯის შიდა და ქვედა ფოთლები, შემდეგ დანარჩენი. როდესაც ბონსაის მზის პირდაპირი სხივები ხვდება, კონტეინერში მიწაც საკმაოდ ხურდება. მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება ფესვების დაზიანებაც გამოიწვიოს. ასეთ პირობებში მცენარე ნაკლებად მედეგი ხდება დაავადებების და მავნებლების წინააღმდეგ. თუმცა ეს პროცესები წიწვოვან მცენარეზე რთული შესამჩნევია, რადგან მისი წიწვები ასეთ ‘სიგნალს’ არ იძლევიან. სწორედ ამიტომ წიწვონამ მცენარეებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ ზაფხულში.

მცენარეს შეუძლია საკმაოდ კარგად გადაიტანოს ძალიან მაღალი ტემპერატურა თუ მას ფუნქციონერებისთვის ნორმალური პირობებს შეუქმნით. არის რამდენიმე მარტივი მეთოდი ძალიან მაღალი ტემპერატურისაგან ბონსაის დასაცავად. მოარიდეთ შუადღის მზის პირდაპირ სხივებს, ან გაუკეთეთ რამე საჩრდილობელი. არ დადოთ ბონსაი ისეთ ზედაპირზე რომელიც მზისგან საკმაოდ ხურდება: ქვა, ბეტონი, ლითონი; ეცადეთ გაზარდოთ ტენიანობა ბონსაის გარშემო: შეასხურეთ წყალი უფრო ხშირად, მორწყეთ ტერიტორია მის გარშემო. მიაქციეთ ყურადღება რომ მიწა კონტეინერში მთლიანად არ გამოშრეს. მორწყვა შუადღისას კიდევ ერთი ხერხია ფესვების გაგრილებისთვის.

სასუქი

ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, გარდა ნახშირბადის(C), წყალბადის(Н) და ჟანგბადისა(O) რომელსაც მცენარე ჰაერით და წყლით იღებს, მცენარისთვის აუცილებელია მიწიდან მიიღოს მაკრო და მიკრო ელემენტები. მაკროელემენტებია: აზოტი(N), ფოსფორი(P), კალიუმი(K), კალციუმი(Ca), მაგნიუმი(Mg). აგრეთვე საჭიროა სხვადასხვა მიკროელემენტები ძალიან მცირე დოზით: რკინა(Fe), სპილენძი(Cu), თუთია(Zn), მოლიბდენი(Mo), ბორი(B). მანგანუმი(Mn), ნატრიუმი (Na) და კიდევ სხვა ელემენტები. ყველა ამ ელემენტის მცენარის არსებობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ეს განსაკუთრებით მაკროელემენტებს ეხება. თითოეულ მათგანის სიჭარბე ან ნაკლებობა საგრძნობ ზეგავლენას ახდეს მცენარის განვითარებაზე, მაგალითად: აზოტი საჭიროა მცენარის ზრდის რეგულაციისათვის, ფოთლებისთვის და მსხმოიარობისათვის. აზოტის უკმარისობა მალევე შესამჩნევი ხდება ზრდის შენელებით. სიჭარბე იწვევს ახალი ყლორტების ზრდის გახანგრძლივებას. აზოტით მდიდარი სასუქის დამატება არ ხდება ვეგეტაციის პერიოდის მეორე ნახევარში. ფოსფორი. ხელს უწყობს მცენარის განვითარებას, ფესვების ზრდას. აძლიერებს მცენარის ამტანუნარიანობას გვალვასა და ყინვის მიმართ. კალიუმი უზრუნველყოფს მცენარის ამტანობას სტრესების მიმართ(ძალიან მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, ტენის სიჭარბე ან ნაკლებობა). კალიუმის ოპტიმალური რაოდენობა აძლიერებს კვირტების გამოზამთრების უნარს, მცენარის ამტანობას სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ.კალციუმი. აუცილებელია ნივთიერების ნორმალური ცვლისათვის მცენარეში. კონტეინერში მიწის სიმცირის გამო საკვები ნივთიერება მალე იწურება. ამიტომ ისეთი სასუქის რეგულარული დამატება, რომელიც ყველა ამ ელემენტს შეიცავს, ისევე აუცილებელია როგორც მორწყვა. დამატებითი საკვების გარეშე მცენარე სუსტად ვითარდება, ფოთლები და წიწვები უფერულდება, უფრო იოლად ზიანდება დაავადებისგან.

ბონსაისთვის შეიძლება გამოიყენოთ როგორც ორგანული ისევე მინერალური სასუქი, ოღონდ არ შეიძლება მათი ერთმანეთში არევა და ისე დამატება. არსებობს სასუქი სპეციალურად ბონსაისთვის, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო ელემენტს. ასეთი სასუქი შეიძლება იყოს როგორც თხევადი ასევე მყარი, გრანულების სახით. თხევადი სასუქი გარკვეული დოზით იხსნება წყალში და მიღებული ხსნარით ჩვეულებრივად ირწყვება მცენარე. თხევად სასუქს მცენარე საკმაოდ სწრაფად ითვისებს, ამიტომ მისი დამატება წიწვოვანებზე ყოველ 3 კვირაში ერთხელ ხდება. გრანულირებული სასუქს მოქმედების უფრო ხანგრძლივი ვადა აქვს. ასეთი სასუქი ან მიწაში ერევა ან სპეციალურ პატარა ჭურჭელში ჩაყრილი ზემოდან იდება მიწაზე. ყოველი მორწყვის დროს გარკვეული რაოდენობა იხსნება წყალში და ნელ-ნელა კვებავს ბონსაის. ბონსაისთვის სპეციალური სასუქი ინტერნეტის საშუალებით შეგიძლიათ გამოიწეროთ.

თუ ვერ შეძელით ასეთი სასუქის მოძიება, შეგიძლიათ გამოიყენოთ კომბინირებული სასუქი, რომელიც მებაღეობის ან ყვავილების მაღაზიაში იყიდება. როგორც წესი, ასეთ სასუქი მცენარეებისთვის საჭირო ყველა ელემენტს შეიცავს. ბონსაისთვის სასურველია გამოიყენოთ ისეთი, რომელიც წყალში კარგად იხსნება. ასეთი სასუქის გამოყენება უფრო მოსახერხებელია. პაკეტებზე ყოველთვის აწერია შემადგენლობა პროცენტებში(NPK) და რა რაოდენობის წყალში უნდა გაიხსნას. სასუქის დამატებისას,დიდი სიფრთხილე გმართებთ, კარგად განსაზღვრეთ საჭირო დოზა, რადგან ზედმეტმა რაოდენობამ მცენარის გახმობა შეიძლება გამოიწვიოს. სასურველია NPK-10-10-10 და მიკროელემენტებს შეიცავდეს.

ჩვეულებრივ, სასუქის დამატება იწყება ადრე გაზაფხულზე, მარტიდან და მთავრდება შემოდგომით, სექტემბრის ბოლოს.

სამთო ქიმიასთან შეგიძლიათ შეიძინოთ სასუქი “კრისტალონი 20-20-20”. 1 ჩაის კოვზი გახსენით 1,5 ლიტრ წყალში

წყლის შესხურება

წყლის შესხურება აუცილებელია როგორც ფოთოლმცვივანი ასევე წიწვოვანი მცენარეებისთვის. დაიწყეთ შესხურება მაშინ როდესაც თბილი ამინდები დადგება, გაზაფხულიდან და გააგრძელეთ ფოთოლცვენის პერიოდის დაწყებამდე. ზაფხულში სასურველია შესხურება ყოველდღიურად გაკეთდეს, რასაკვირველია წვიმიან ამინდში ამის გაკეთება არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს. ბონსაის წყალი მორწყვის დროს შეასხურეთ.

ალექსანდრე მესხი ბონსაის მორწყვა

ზოგიერთი, წყალში ხსნადი სასუქი, ასვე განკუთვნილია ფოთლებზე შესხურებისთვის. ეს ხელს უწყობს ხასხასა, ჯანმრთელი ფოთლების განვითარებას და ფოთლები ისე იოლად აღარ ავადდება. ასევე არსებობს ფოთლების მკვებავი წყალში ხსნადი სითხეები, რომლის შესხურებაც საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა. წყალში გახსნილი სასუქით ან მკვებავით შესხურება, თუ აუცილებელია, კვირაში ერთხელ გააკეთეთ, ან იგივე პერიოდულობით, როგორითაც სასუქი შეგაქვთ მიწაში.

დაავადება და მავნებლები

როგორც ყველა მცენარეს , ბონსაისაც ემართება დაავადება და ესევა მავნებლები. ამიტომ უმჯობესია პროფილაკტიკის გაზაფხულიდან შემოდგომამდე , თვეში ერთხელ შეწამვლა. რიდომილ გოლდი, სტრობსტარი, აქტელიკი, სამივე პრეპარატი ერთად გახსენით წყალში საჭირო დოზით და შეასხურეთ. არასდროს შეწამლოთ ბონსაი დახურულ სივრცეში.

ka_GEKA