რატომ ღირს ბონსაი ძვირი?

   რატომ ღირს ბონსაი ასე ძვირი? მე ამ კითხვას სხვანაირად დავსვამდი: რატომ არის შეუძლებელი ბონსაი იაფი იყოს? პირველ რიგში, მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, დროა. ის დრო, რომელიც ბონსაის შექმნას სჭირდება. როგორც წესი ლამაზი ბონსაის შესაქმნელად სპეციალისტს მინიმუმ 5-8 წელი ხოლო დახვეწილი ნამუშევრისთვის კი 10-15 წელიც კი ესაჭიროება. ხე ცოცხალი ორგანიზმია, ის პლასტილინი არ არის რომ ოსტატის ხელს უპირობოდ მიჰყვეს. შესაბამისად ყველა ნერგს თავისი ბუნება და ასე რომ ვთქვათ, თავისი ხასიათიც აქვს, რომელთა არ გათვალისწინების შემთხვევაშიც ხე აუცილებლად გაფუჭდება. ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ის დრო და მოთმინებაა, რომელიც სპეციალისტს ტექნიკის დაუფლებაში სჭირდება. რადგან პირველი მცირე შედეგი მხოლოდ რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ დგება. პირადად მე, დაახლოებით 10 წელი დამჭირდა რომ მივმხვდარიყავი სასურველი შედეგი რა ხერხებით უნდა მიმეღო. ნებისმიერი ხის ფორმირებაც სპეციფიკური საქმეა. წინასწარ ვერ განსაზღვრავ ხე როგორ მოიქცევა. ფორმირების ყველა ეტაპზე კი მუდმივი ყურადღება და შესწორებებია საჭირო. შეუძლებელია ბუნებაში ორი იდენტური ბონსაი არსებობდეს. აქედან გამომდინარე ყველა ხეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

თუთა
ჩემი პირველი ბონსაი, მისი ფორმირება 31 წლის წინ დავიწყე.

   ბონსაის სპეციალისტის ყურადღება ფორმირების ეტაპის დასრულების შემდეგაც არ დუნდება. პატარა უყურადღებობამაც კი შეიძლება ხე გაახმოს. მაგალითად დაგვიანებულმა მორწყვამ ამდენი წლის შრომა წყალში ჩაყაროს. ფორმის შესანარჩუნებელი შეკრეჭა მუდმივად საჭიროა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხე ფორმას და იმ სილამაზესაც დაკარგავს, რისთვისაც ამდენი წელი და მოთმინება დაიხარჯა. მინიატურული ხის ფასს ისიც ზრდის რომ ბონსაის შესაქმნელი საჭირო ნივთები იაფი არასდროს ღირს. ხარისხიანი, სპეციალური ქოთანი თუ ინსტრუმენტი, როგორც წესი გაცილებით უფრო ძვირია ვიდრე, იმავე დონის სხვა საბაღე ინსტრუმენტი ან კერამიკული ნაკეთობა.

სიმაღლე: 60 სმ
ნეკეერჩხალზე რომელზეც 7 წელი ვმუშაობ

დაწყებით ეტაპზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია იაფი, შედარებით დაბალი ხარისხის ნივთებით გარკვეული შედეგის მიღება. თუმცა იაფიანი ნივთები ვერ იქნება გამძლე, ვერც საუკეთესო მასალისგან დამზადებული. ამით ფორმირების პროცესი რთულდება და საბოლოოდ ეს ბონსაის ვიზუალზეც აისახება.

   ბოლო წლებში ბონსაი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ის სასტატუსო ნივთადაც იქცა. განვითარებულ ქვეყნებში უამრავი ადამიანი, მათ შორის ცნობილი ხალხი, ბონსაის საკუთარი დახვეწილი და უნიკალური გემოვნების ხაზგასასმელად ყიდულობს..

რობერტ დაუნი უმცროსი
ცნობილი მსახიობი რობერტ დაუნი უმცროსი ბონსაის მორწყვისას

პოპულარობის მეორე მხარე კი ის არის რომ ბაზარზე უამრავი მცენარე გაჩნდა, რომელსაც ბონსაიდ ყიდიან. თუმცა მათ ამ იაპონურ კულტურასთან არანაირი კავშირი აქვს. ბონსაის კი მხოლოდ იმიტომ უწოდებენ რომ იგი პატარაა და ქოთანშია. ეს ხეები, როგორც წესი, კომერციულად დამზადებული მასობრივი პროდუქტია და ჩვეულებრივ, საბაღე მაღაზიებში იყიდება. შესაბამისად მათი ფასი გაცილებით დაბალია, ხოლო ბონსაის მოყვარულთათვის ნაკლებად ღირებულიც, არასათანადო ფორმირების გამო.  აქედან გამომდინარე სპეციალისტი რომელიც გადაწყვეტს საკუთარი ნამუშევრის გაყიდვას, როგორც წესი საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს. თუ ინტერნეტში მოიძიებთ გასაყიდად გამოტანილ ბონსაის ლამაზ ეგზემპლარებს, მათი ფასი საშუალოდ 1200-დან 15000 $-მდე მერყეობს. თუმცა კოლექციონერები გაცილებით დიდ თანხას იხდიან, ტრადიციული, უნიკალური ბონსაის შესაძენად.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბონსაი იაფი ვერასდროს ეღირება და ამაში ცუდი არაფერია, რადგან უნიკალური ნაკეთობები, რომლებზეც დიდი დრო და ენერგიაა დახარჯული იაფი თითქმის არასდროს ღირს.