fbpx

ბლოგი

ბონსაების საგამოფენო სივრცე

ჩვენი სივრცე

  ჩემი პირველი ბონსაები ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსის აივანზე იყო. იქიდან გამომდინარე, რომ სულ რამდენიმე ხე მქონდა, მათ განსათავსებლად განსაკუთრებული სივრცე არც მჭირდებოდა. წლების განმავლობაში ახალ და ახალ ხეებზე ვმუშაობდი. რამდენიმე წელიწადში კი გაზრდილი კოლექცია აივანზე აღარ მეტეოდა. ერთადერთი გამოსავალი, სადაც მათ განთავსებას შევძლებდი, ჩემი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი იყო. იქ მუშაობა ჩემთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა, რადგან სამსახურიდან დაბრუნებულს შორს წასვლა არ მიწევდა და გზაში დრო არ მეკარგებოდა.

ბონსაები მიცკევიჩის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე

სახურავზე რამდენიმე წელი ვიმუშავე, თუმცა მალევე ძლივსღა ვატევდი ჩემს ბონსაებს. სწორედ ამიტომ, როდესაც სანერგე კომპანიამ, („ევროპლანტ ჯორჯია“), რომელიც წერეთელზე გამოფენის ტერიტორიაზე მდებარეობდა, მათთან გადასვლა შემომთავაზა, მარტივად დავთანხმდი.
   ახალმა სივრცემ საშუალება მომცა, კიდევ უფრო გამეზარდა ჩემი კოლექცია და ახალი გამოწვევებიც მიმეღო. იმ ტერიტორიაზე თავს კარგად ვგრძნობდი, ამას ისიც ემატებოდა, რომ სანერგეში ყოველთვის გამოჩნდებოდა ჩემთვის საინტერესო ნერგი. შესაბამისად ნერგის საშოვნელად შორს წასვლა აღარ მჭირდებოდა.

ბონსაები ზამთარში, გამოფენის ტერიტორიაზე

  მიუხედავად ამისა, ჩემს სამუშაო ადგილს საგამოფენო სივრცეს ვერ დაარქმევდი. დიდწილად არც ვფიქრობდი ხეების ლამაზად განლაგებაზე, რადგან ამისთვის, არც ფინანსები და არც დრო მქონდა. აქედან გამომდინარე სტუმარდ მოსული ადამიანისთვის, რთული იყო უმეტესობა ბონსაის აღქმა. (ზოგი შეუსაბამო სიმაღლეზე იდო, ხეები ერთი მეორეს ეფარებოდნენ და ა.შ.) არადა, ბონსაი დასათვალიერებლად განცალკევებულ ადგილას უნდა განთავსდეს, რათა მისი ესთეტიკა სრულიად აღქმადი იყოს.

  ამ პრობლემის გამოსწორებაზე ჩემმა უმცროსმა შვილმა დაიწყო ზრუნვა. თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვეძებდით ჩვენთვის შესაფერის სივრცეს. სხვადასხვა კომპანიები და სანერგეებიც გვთავაზობდნენ ჩვენი კოლექციის მათ ტერიტორიაზე განთავსებას. საბოლოოდ მაინც გვერჩივნა ეს სივრცე დამოუკიდებლად, ჩვენი გემოვნებით მოგვეწყო.

  2021 წელს, იანვარში, ჩვენ ბონსაებთან ახლოს, კვლავ „ექსპო ჯორჯიის“ ტერიტორიაზე, თავისუფალი აღმოჩნდა საბჭოთა პერიოდში აშენებული სათბური. შენობა სათბურის ნანგრევს უფრო ჰგავდა. თავიდანვე მივხვდით, რომ რთული იქნებოდა ამ სათბურის წესრიგში მოყვანა. ყველაფერი საკუთარი ძალებით უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენს მეგობრებსაც ვკითხეთ აზრი ამ სათბურის შესახებ და მათაც დაინახეს ამ ადგილის საგამოფენო სივრცედ გადაკეთების პერსპექტივა. ასე მივიღეთ გადაწყვეტილება იქ გადასვლის თაობაზე. შენობა სამომავლოდ ბონსაის შემსწავლელი კურსების საკლასო ოთახადაც გამოდგებოდა. ზამთარშივე გადავწყვიტეთ ამ ადგილის ქირაობა და მის მოწესრიგებას შევუდექით.

სათბური
ჩვენი სივრცე სანამ მის მოწყობას დავიწყებდით

  მოწესრიგებაში ძალიან დამეხმარნენ ჩემი შვილები და მათი მეგობრები. მათი დახმარების გარეშე საგამოფენო სივრცის მოწყობა შეუძლებელი იქნებოდა. ნახევარ წელიწადში ჩვენს სათბურს ის სახე მივეცით, როგორიც ახლა აქვს. ბონსაის შემსწავლელი კურსებიც წარმატებით ტარდება. სათბური როგორც საგამოფენო ასევე კომფორტულ სამუშაო ადგილადაც გადაიქცა.

  მიხარია, რომ სტუმრების უმრავლესობას მოსწონს ჩვენი სივრცე. კიდევ დაგვრჩა გასაკეთებელი დეტალები, რომ ადგილი  სრულიად მოწყობილად ჩაითვალოს და იმედია, ამ ყველაფერს უახლოეს მომავალში გავართმევთ თავს.

ჩვენი სივრცე ახლა
ჩვენი სივრცე ახლა