fbpx

ბლოგი

წიწვოვანი ბონსაი

ბონსაის ფორმის სრულყოფა და მინიატურული ზომის შენარჩუნება (წიწვოვანი მცენარეები)

ფორმირების პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ, (შეჭრილია ყველა არასაჭირო ძირითადი და მეორე რიგის ტოტები, მავთულის საშუალებით ტოტები დაფიქსირებულია სასურველ პოზიციაში) საჭიროა  ვარჯის სრულყოფაზე და მინიატურული ზომის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ. ფორმის და ზომის შესანარჩუნებელი გასხვლა ბონსაის სიცოცხლის მთელი პერიოდის განმავლობაში სჭირდება.
   არც ერთი ნერგი არ მიიღებს ჩვენთვის სასურველ ფორმას პირველივე გასხვლის და მავთულის კარკასის გაკეთების შემდეგ. ყოველთვის აღმოჩნდება ისე, რომ ბონსაის რომელიმე ნაწილზე ტოტები არასაკმარისად ხშირი იქნება ან რომელიმე ტოტი  სასურველი სიგრძის არ იქნება. ძალიან ძნელია თავიდანვე განისაზღვროს რა დრო დასჭირდება ამა თუ იმ ნერგს “სრულყოფილი” ფორმის მისაღწევად. ეს მცენარის ზრდის თავისებურებაზე და მომუშავე ადამიანის გამოცდილებაზეა დამოკიდებული. ამიტომ ყოველთვის მოგიწევთ წლიდან წლამდე მოთმინებით დაელოდოთ მცენარის განვითარებას და შესაბამისად იმოქმედოთ იმისათვის, რომ თქვენთვის საურველ შედეგი მიიღოთ.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი მცენარის ზრდის თავისებურებაში არის ის რომ, მცენარის ზოგიერთი ნაწილი დომინირებს ზრდის პროცესში და უკეთესად ვითარდება. ბუნებაში მცენარე ძალიან ცოტა ენერგიას ხარჯავს ვარჯის შიდა ტოტების განვითარებაზე, ის კონცენტრირებულია გადაანაწილოს ძირითადი რესურსი სიმაღლეში და სიგანეში გაზრდაზე. ბონსაისთვის კი ნერგი თანაბრად განვითარება და  ვარჯის სასურველი ფორმის შენარჩუნება გვჭირდება. ამიტომ, მცენარის გარკვეულ ადგილებში თუ ზრდის დომინირება არ შევზღუდეთ, ძალიან მალე დაირღვევა ჩვენთვის სასურველი პროპორცია, ზომა და ფორმა.

   შეუძლებელია ერთი ან ორი გასხვლით საბოლოოდ გადავჭრათ ეს პრობლემა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხის ზოგიერთ ადგილას კვლავ გამოჩნდება ახალი ამონაყარი და გასხვლის პროცესი ისევ გასამეორებელი იქნება.

   წიწვოვანი მცენარეების ზრდის ტემპი საგრძნობლად ნაკლებია ფოთოლმცვივან ხეებთან შედარებით, ამიტომ ფორმის შენარჩუნებისთვის შესასრულებელი სამუშაოები შედარებით იშვიათი სიხშირით კეთდება, მაგრამ ეს პროცესი უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს.
წიწვოვანი მცენარეები საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან წიწვების ფორმის, ზომის და ზრდის თავისებურებით. გასხვლის შემდეგ ყველა განსხვავებული სახეობა სხვადასხვანაირ თვისებას ავლენს. 
ზოგიერთ წიწვოვან მცენარეებზე ტოტის დაბოლოებაზე რამდენიმე კვირტი ერთდროულად წარმოიქმნება.

ასეთ დროს საჭირო ხდება გარკვეული რაოდენობის კვირტების მოშორება. ძლიერი ზრდის ადგილებში დატოვეთ მხოლოდ 1-2 კვირტი, საშუალო ზრდის ადგილებში 2-3, სუსტი ზრდის ადგილებში კი საშუალება მიეცით ყველა კვირტს თავისუფლად განვითარდეს.
ფორმის შესანარჩუნებლად, გაზრდილი ტოტების დამოკლება, პატარა მაკრატლით ხდება.

კანადური ნაძვი. ტოტის გადაჭრა გვერდითა კვირტთან
და იგივე ტოტი გადაჭრის შემდეგ

ასევე შესაძლებელია ე.წ “ამოხრახნის მეთოდის” გამოყენება.

წიწვების “ამოხრახნა”

იმ ტოტზე, რომლის ზრდის შეზღუდვა გვინდა, ახალ ამონაყარს აცლიან გაზრდას დაახლოებით 3 სანტიმეტრამდე. საჩვენებელი და ცერა თითით იჭერენ მის დაბოლოებას, შემდეგ დატრიალებით “ამოხრახნიან” ახალი ამონაყრის სიგრძის 2/3-ს.

რა სიხშირით უნდა გავაკეთოთ ფორმის შესანარჩუნებელი გასხვლა? 

   რა თქმა უნდა, აუცილებელია შევინარჩუნოთ მცენარის მინიატურული ზომა და დახვეწილი ფორმა, მაგრამ ამავე დროს, ზედმეტი “გულმოდგინებით”, რამე ზიანი არ უნდა მივაყენოთ ბონსაის.
   ბონსაი ისხვლება რეგულარულად, თუმცა აუცილებელია გარკვეული ბალანსის დაცვა. გასხვლის შემდეგ მცენარე ახალ ამონაყარს იკეთებს, რაც მისი სტრუქტურის განახლებას უწყობს ხელს. ასევე ახალი ამონაყარი მცენარის ჯანმრთელი განვითარების მაჩვენებელია. მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ რომ ყოველი გასხვლა გარკვეული “სტრესია” მცენარისთვის და ენერგიის საკმაო მარაგს აცლის მას. ამიტომ მცენარეს უნდა მიეცეს გარკვეული პერიოდი ზრდისთვის, იმდენი რომ აღიდგინოს ენერგია შემდეგი განვითარებისთვის. როდესაც ბონსაის ულამაზესი ეგზემპლარების სურათებს ნახულობენ, ჩნდება აზრი, რომ ბონსაის ასეთი შესახედაობა მთელი წლის განმავლობაში აქვს. სინამდვილეში, ბონსაის გამოფენა და სურათის გადაღება ხდება მაშინ როდესაც ის იდეალურ მდგომარეობაშია, მაგრამ ეს მდგომარეობა არ არის მუდმივი. ყველა ბონსაის უნდა ჰქონდეს თავისუფლად ზრდის პერიოდი, და ის ლამაზი შესახედაობა ამ დროის განმავლობაში დროებით იკარგება.

  ყველა სახეობას გასხვლის სხვადასხვა პერიოდი და სიხშირე აქვს.  ზოგიერთი მათგანი შეიძლება 2-3 თვის განმავლობაში ხელუხლებელი დავტოვოთ, ზოგი კი 3-4 კვირაში ერთხელ უნდა გავკრიჭოთ. ნელა მზარდი წიწვოვანი მცენარეების გაკრეჭა, შესაძლოა, წელიწადში მხოლოდ ერთხელაც საკმარისი იყოს.
   ბევრი სპეციალისტი, პირველადი ძლიერი გასხვლის შემდეგ, 2-3 წელი (შეიძლება მეტი ხნითაც) საერთოდ არ ეხება ნერგს, აძლევს თავისუფალი ზრდის საშუალებას. თავისუფალი ზრდა ხელს უწყობს, ტოტების, ტანის, ფესვების გამსხვილებას და კარგ განვითარებას. ამ პერიოდისთვის ნერგი ჩარგულია ან ღია გრუნტში ან რამე დიდ ჭურჭელში. გარკვეული პერიოდის შემდეგ (ნერგი სასურველ ზომამდე განვითარდა), თავიდან კეთდება ძლიერი გასხვლა.
   იმის ზუსტი გაგება თუ რა დროით უნდა მივცეთ ხეს თავისუფალი ზრდა, რა ზომაზე დავამოკლოთ ტოტები, რა სიხშირით გავსხლათ ბონსაი გაზაფხულზე და ზაფხულში, საკმაოდ რთული გასაგებია და დამოკიდებულია თითოეული ჯიშის სპეციფიკაზე. ძალზედ გამოცდილი სპეციალისტიც კი, როდესაც მისთვის უცნობ ჯიშზე იწყებს მუშაობას იგივე სიძნელეებს აწყდება. მხოლოდ თითოეული ხის თვისებების კარგი შესწავლა იძლევა საშუალებას სწორი მიმართულებით წარვმართოთ ბონსაიზე მუშაობა.