ბლოგი

ღვია

ბონსაის სხვადასხვა სტილების შექმნის თავისებურება. კომპოზიცია ქვაზე. იშიცუკი (石付) და სეკიძიეძიუ (石 上 樹)

   კომპოზიცია ქვაზე შეიძლება დავყოთ ორ სხვადასხვა სახეობად: იშიცუკი (石付) – როდესაც ფესვები მთლიანად ქვაშია, და სეკიძიეძიუ (石 上 樹) – როდესაც მცენარის ფესვები ქვაზე გარედან არის შემოხვეული.
როგორც ყველა სტილი, ასევე კომპოზიცია ქვაზეც  ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს. მცენარის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ პირველი ტოტი ახლოს უნდა იყოს ფესვებთან. სხვა სტილებში, ქვედა ტოტის დაშორება ფესვებიდან მცენარის სიმაღლის 1/3-ს შეადგენს, იშიცუკი და სეკიძიეძიუ სტილის შემთხვევაში ეს სივრცე ქვამ უნდა შეავსოს. ქვის და მცენარის პროპორციული შესაბამისობა მთლიანად შემსრულებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ამ სტილის კარგად გასააზრებლად უმჯობესი იქნება ბონსაის გამოცდილი სპეციალისტების მიერ შექმნილი ნიმუშები გულმოდგინედ დაათვალიეროთ.
   ქვას  ნახვრეტები, ნაწიბურები და ჩაღრმავები უნდა ქონდეს, უნდა ეტყობოდეს რომ ბუნებრივმა მოვლენებმა დიდი ზეგავლენა იქონიეს მის ”ჩამოყალიბებაში”. მოკლედ, ამ სტილისათვის შერჩეული ქვა რაღაცით კლდეს უნდა მოგვაგონებდეს. რიყის ქვა ან ხელოვდურად დამუშავებული, გლუვზედაპირიანი ქვა ბონსაის ამ სტილისთვის არანაირად არ გამოგვადგება. 

იშიცუკი (石付)

   ამ სტილის შესაქმნელად ქვაში  ამოღრმავება უნდა იყოს, სადაც შემდგომში მიწა  ჩაიყრება და  მცენარე ჩაირგვება. ასეთი ქვის მოძებნა ცოტა რთული საქმეა. თუ საკმარისი ადგილი არ არის მცენარის ჩასარგავად, მოგვიწევს ამოღრმავების ჩვენი ხელით გაკეთება, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმეა. თუ შეატყობთ, რომ მცენარე სტაბილურად ვერ მაგრდება ქვაზე, მოგიწევთ  დამატებითი ხვრელების გაკეთება, სადაც შემდგომში სპილენძის მავთულს გაატარებთ და მყარად დააფიქსირებთ მცენარეს. ასევე აუცილებელია ქვას სადრენაჟე ხვრელი გაუკეთდეს. ამოღრმავების ყველაზე დაბალ წერტილში ქვა  მთელ სიღრმეზე უნდა გაიხვრიტოს.
   ქვა სტაბილურად უნდა იდგეს ზედაპირზე, თუ რამე ნაწიბური ქვის ძირზე ხელს უშლის სადგამზე მის ნორმალურად მოთავსებას, აუცილებლად მოამტვრიეთ ის. ამ სტილის ბონსაის  ქვაზე უფრო ფართე, დაბალ კონტეინერში ათავსებენ. კონტეინერი ივსება გარეცხილი ქვიშით, წვრილი ღორღით, ან ზღვის კენჭებით. შესაძლებელია ასევე კონტეინერი წყლით შეივსოს, ასეთ კომპოზიცია ”კუნძულის” შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ ქვის ფორმა ამის საშუალებას გვაძლევს შესაძლებელია ამ სტილისთვის კონტეინერი საერთოდ არ გამოვიყენოთ,

   ზოგჯერ ქვაში შეუძლებელია საჭირო სიდიდის ამოღრმავების გაკეთება, რომელიც საკმარისი იქნება მცენარის ნორმალური ზრდისათვის. ასეთ შემთხვევაში ქვაში კეთდება დამატებითი გამჭოლი ხვრელი ფესვების გასატარებლად.

   გადარგვისას ფესვები მთლიანად თავისუფლდება მიწისაგან. ფრთხილად, რამე წვრილი ღეროს დახმარებით, გაატარეთ ფესვები ხვრელში. ხვრელი მიწით აუცილებლად უნდა შეივსოს. ძალიან წვრილი ფრაქცია, (მშრალი მიწით უფრო ადვილია პატარა ხვრელების შევსება), ცოტა-ცოტა დააყარეთ ხვრელს და იმავე წვრილი ღეროს დახმარებით ეცადეთ მთლიანად შეავსოთ სიცარიელე. ამ შემთხვევაში, ქვა  მიწით სავსე დაბალ კონტეინერში იდგმება. მცენარე საკვებ ნივთიერებას უკვე კონტეინერში არსებული მიწისგან აიღებს.


სეკიძიეძიუ  (石 上 樹)

   ამ სტილისათვის საჭიროა მცენარე რომელსაც გრძელი ფესვები აქვს. მცენარის ფესვები მთლიანად გაათავისუფლეთ მიწისგან და  მცენარე ქვაზე მოათავსეთ. ყველა, მსხვილი ფესვი, შეძლებისდაგვარად თანაბრად გაანაწილეთ ქვის გარშემო. კარგი იქნება თუ ფესვების სიგრძე ქვის სიმაღლეზე მეტი იქნება. ეცადეთ ფესვები გააყოლოთ ქვაში არსებულ ღარებს და ნაწიბურებს. შემდეგ ქვის გარშემო გაშლილი ფესვები, თოკის შემოხვევით დააფიქსირეთ. შემდეგ თხელი ფიცრებისგან შეჭედეთ ყუთი ქვის გარშემო, რომელიც ქვაზე ცოტათი დიდი იქება. ამის შემდეგ ყუთი მთლიანად შეავსეთ მიწით. ასეთ მდგომარეობაში მოხვედრილი ფესვები დროთა განმავლობასი მჭიდროდ ეკვრის ქვას.
   ერთი წლის შემდეგ, გაზაფხულზე, ხის ყუთის მესამედი შემოაცალეთ. მორწყვისას მიწა ნელნელა თვითონ ჩამოირეცხება და გამოჩნდება ქვაზე შემოხვეული ფესვები. კიდევ ერთი წლის შემდეგ ხის ყუთის კიდევ ერთი მესამედი მოაშორეთ და კიდევ ერთი წლის შემდეგ მცენარე და ქვა მთლიანად გაანთავისუფლეთ ყუთისაგან. ამის შემდეგ მცენარე ჩადგით კონტეინერში. ამ სტილისთვის სასურველია დაბალი კონტეინერი გამოიყენოთ. კონტეინერში ჩდგმისას ეცადეთ, რომ წვრილი ფესვები ქვის ქვეშ არ მოყვეს. მიწის ზედაპირზე დარჩენილი ყველა წვრილი ფესვი შეაკრიჭეთ, დატოვეთ მხოლოდ კარგად განვითარებული მსხვილი ფესვები.

   ახლადგამოჩენილი ფესვები აუცილებლად უნდა დავიცვათ მზისგან. თიხნარზე წყლის დამატებით ღებულობენ ცომისებურ მასას და ამ მასით ფარავენ ფესვებს. მორწყვის და შესხურებების შემდეგ ეს მასა ირეცხება ფესვებიდან, ამიტომ ერთი სეზონის განმავლობაში მოგიწევთ ამ პროცედურის რამდენჯერმე განმეორება. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ფესვები გამსხვილდება და ქერქით დაიფარება.
იშიცუკი სტილისაგან განსხვავებით, ამ სტილისთვის აუცილებელია გამოჩენილი ფესვები საკმაოდ მსხვილი იყოს. შეიძლება ფესვები იმ პერიდში გამსხვილდეს სანამ ხის ყუთით იქნება შემოფარგლური, მაგრამ უკეთესია ისეთი მცენარე შეირჩეს რომელსაც 3-4, კარგად განვითარებული, მსხვილი ფესვი უკვე აქვს. ასეთი ნერგით უფრო ნაკლებ დროში შეძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი წიწვოვანი მცენარე ვერ ეგუება მიწისგან ფესვების მთლიანად გასუფთავებას.


ამ სტილის ბონსაის განსაკუთრებული ყურადღება ზამთრის ყინვის დროს და ზაფხულის ცხელ დღეებში სჭირდება. ზაფხულში, თუ მზის პირდაპირი სხივები ხვდება მცენარეს, ქვის ზედმეტმა გადახურებამ შეიძლება ფესვების გახმობა გამოიწვიოს. თუ მცენარეს ვერ არიდებთ მზის პირდაპირ სხივებს, გააკეთეთ საჩრდილობელი.  კარგი იქნება, თუ დღეში რამდენიმეჯერ ფესვებს  და ქვას წყლის შესხურებით გააგრილებთ . მიწის მთლიანად მოშორების შემდეგ, ერთი-ორი სეზონი, ზამთარში, გაყინვის თავიდან ასაცილებლად ფესვები აუცილებლად შეფუთეთ.
   ამ სტილის ბონსაის მისაღებად ფოთოლმცვივანი ხეები გამოიყენეთ, წიწვოვან მცენარეებზე, მიწისგან ფესვების მთლიანი გათავისუბლება სასურველი არ არის.