ბლოგი

ხეები ბონსაისთის. (ნაძვი და ღვია)

ნაძვი (ლათ. Picea)

ნაძვი მარადმწვანე ტანმაღალი (20-30 მეტრი) ხეა, ფიჭვისებრთა ოჯახი. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა აღმოსავლური ნაძვი (ლათ. Picea orientalis). ასევე გავრცელდა ევროპული ნაძვი (ლათ. Picea excelsa),ჰიმალაური ნაძვი (ლათ. Picea morinda),. ნაძვი 15-20 წელი ნელა იზრდება, შემდეგ კი საკმაოდ სწრაფად. ნაძვი ჩრდილის ამტანი, ყინვაგამძლე მცენარეა, ცოცცხლობს 250-300 წელი

ბონსაის სტილები ნაძვისთის: ჩიოკანნი (直幹),შაკანი (斜幹), მოიოგი (模様木), ჰან-კენგაი (半懸崖), იოსე უე (寄せ植え)
სტატია ბონსაის სტილების შესახებ 

ადგილმდებარეობა: ნაძვი მოათავსეთ ნახევრადჩრდილში. ზაფხულის ცხელდ დღეებში მოარიდეთ შუადღის მზის პირდაპირ სხივებს. საკმაოდ ყინვაგამძლეა, -10C გრადუსამდე, ყინვისგან დაცვა არ ესაჭიროება.

სასუქი: ყოველ სამ კვირაში ერთხელ ვეგეტაციის პერიოდში.

მორწყვა: მიწა ნოტიო უნდა იყოს, არა წყლით გაჟღენთილი. ზამთარში მორწყვა იშვიათად. მაგრამ არ დაიშვება მიწის მთლიანი გამოშრობა.

გადარგვა: 10 წლამდე ასაკის ნაძვი გადარგეთ 2 წელიწადში ერთხელ. გადარგვა ხდება ადრე გაზაფხულზე, სანამ კვირტები გაიშლება. გადარგვისას შეაჭერით არსებული ფესვების მოცულობის მაქსიმუმ მესამედი. უფრო ასაკოვანი ნაძვის გადარგვა ხდება 4-5 წელიწადში ერთხელ. ნაძვი ბონსაი სასურველია შესაფერის ზომასთან შედარებით უფრო ღრმა კონტეინერში ჩარგოთ.

გასხვლა: მსხვილი ტოტები შეაჭერით შემოდგომით. კვირტები ვითარდება წინა წელს გაზრდილი ტოტებზე და განლაგებულია დაბოლოებებზე. იმ ტოტებს რომლებიც არ გინდათ რომ სიგრძეში გაიზარდოს, შემოდგომით მოაცალეთ კვირტები. ფორმის შესანარჩუნებლად, როდესაც ახლადამოსული წიწვების კონა სიგრძეში 3-4 სანტიმეტრს მიაღწევს შეაკრიჭეთ ან “ამოახრახნეთ” სიგრძის 2/3. გაკრეჭვის გარეშე წიწვების ძირითადი რაოდენობა მხოლოდ ტოტის დაბოლოებაზე გაიზრდება, დანარჩენი ნაწილი თითქმის წიწვების გარეშე დარჩება.

მავთულის დახვევა: მავთულის დახვევა ხდება მხოლოდ გვიან შემოდგომით ან ზამთარში. გაზაფხულ-ზაფხულში დახვევისას შეიძლება ტოტი დაზიანდეს. ნაძვს საკმაოდ ელასტიური ტოტები აქვს. სასურველ პოზიციაში დაფიქსირსირებლად მსხვილ ტოტებზე მავთული 5-6 თვე მაინც უნდა დარჩეს. შესაძლოა უფრო დიდხანსაც. ძალიან ხშირად დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჭირო ხდება მავთულის კარკასის მოხსნა და ხელმეორედ დახვევა ერთი წლის შემდეგ.

გამრავლება: დათესვა ხდება გაზაფხულზე. კალმით გამრავლება გვიან ზაფხულში, მაგრამ ძალიან დიდი დრო უნდა სანამ გაფესვიანდება. ადრეულ ასაკში ნელი ზრდის გამო, ბონსაის გასაკეთებლად, საუკეთესო საშუალება სანერგეში ყიდვაა.

ნაძვს  ცუდი რეპუტაცია აქვს ბონსაის ფორმირებისთვის: რთულია მავთულის დახვევით ტოტები სასურველ პოზიციაში დააფიქსირო. ასევე სირთულეს წარმოადგენს კარგი განშტოების მიღება. ძალიან ხშირად, ნერგის ფორმირება უშედეგოდ მთავრდება. თუმცა გამოცდილი სპეციალისტები, ნაძვის თავისებურებების გათვალისწინებით, მაინც ახერხებენ ლამაზი ეგზემპლარის მიღებას.

ღვია (ლათ. Juniperuc sabina)

ღვია, მარადმწვანე, წიწვოვანი პატარა ხე ან ბუჩქი, კვიპაროზისებრთა ოჯახი. სიმაღლე 6-10 მეტრი, ნაცრისფერი ქერქით. ზრდა და ტანის გამსხვილება საკმადო ნელა მიმდინარეობს. წიწვები სიგრძეში 1-2 სანტიმეტრია, ზოგჯერ ხისტი და ეკალივით წვეტიანი. სხვადასხვა ჯიშებზე წიწვების ფერი შეიძლება იყოს მწვანე, ცისფერი, მონაცისფრო და მოყვითალოც კი. ცოცხლობს 600-3000 წელი. არ არის მომთხოვნი გრუნტისადმი. ფესვთა სისტემა ძლიერი და ღრმად იზრდება მიწაში. საქრთველოში გავრცელებულია სახეობები: გრძელწიწვიანი ღვია (Juniperus oblonga), კაზაკური ღვია (Junipeus sabina) დაბალი გართხმული ბუჩქია, სიმაღლეში 1,5 მეტრი; ქონდარა ღვია (Juniperus pygmaea) გვხვდება მხოლოდ აჭარაში, ალპურ და სუბალპურ ზონებში; შავი ღვია (Juniperus foetidissima) , მრავალნაყოფა ღვია (Juniperus polycarpous). არის კიდევ ერთი სახეობა, გართხმული ღვია (Juniperus procumbens). ამ ჯიშის ნერგის ყიდვა შეძლება მცენარეების სპეაციალიზირებულ მაღაზიებში. გართხმული ღვია ფაქტიურად იდეალურია ისეთი სტილებისათვის როგორიცაა, კენგაი (懸崖), ჰან-კენგაი (半懸崖), იშიცუკი (石付)

ღვიას რამდენიმე დადებითი მხარე აქვს, საინტერესო ბონსაის მოყვარულისთვის: გაზრდის სიმარტივე, იოლად დამყოლი ფორმირებისთვის, კარგად იტანს გაკრეჭას და მავთულით დახვევას. პატარა ზომის წიწვების გამო კი მათგან ნებისმიერი ზომის ბონსაი შეიძლება მივიღოთ.

ბონსაის სტილები ღვიასთვის : კენგაი (懸崖), ჰან-კენგაი (半懸崖), იშიცუკი (石付), ფუკინაგაჩი (吹 き 流 し), ბანკანი (蟠幹)

ადგილმდებარეობა: ღვია მოათავსეთ მზიან ადგილას. უყვარს მშრალი გარემო. კარგად იტანს მზის პირდაპირ სხივებს, საკმაოდ ყინვაგამძლეა, მაგრამ მკაცრი ყინვების პერიოდში კარგი იქნება თუ თავს დავიზღვევთ და ფესვებსა დაიცავთ.

მორწყვა: ღვია არ მიეკუთვნება იმ მცენარეებს რომლებსაც ბევრი წყალი უნდა. ამიტომ მორწყეთ კონტეინერში მიწის გამოშრობის შემდეგ. ასევე არ არის რეკომენდირებული გარემოს მაღალი ტენიანობა.


სასუქი: ყოველ 3 კვირაში ერთხელ, გაზაფხულიდან სექტემბრის ბოლომდე.

გადარგვა: 3-4 წელიწადში ერთხელ, ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ზამთრის დასასრული, ადრე გაზაფხული. გადარგვისას შეაჭერით ფესვების 1/3. არ დაიშვება ფესვების გარეცხვა.

გასხვლა: ტოტების მოჭრა ხდება გაზაფხულზე ან შემოდგომაზე. როგორც ვთქვით, ღვია საკმაოდ ნელა იზრდება. ამიტომ, ნუ ეცდებით ზრდის მიმართულების შეცვლას ტოტების შეკრეჭვით, უმჯობესია ეს მავთულის დახვევით გააკეთოთ. ფორმის შესანარჩუნებელი გაკრეჭა, ზოგიერთ ჯიშს, ზრდის მთელ პერიოდში ესაჭიროება, ახალი ამონაყარი უნდა ამოიპუტოს. ამოპუტვა დაიწყეთ ამონაყარის გამოჩენიდან 1 თვის შემდეგ. ეცადეთ მოაცილოთ ვარჯის შიდა გამხმარი წიწვები და ტოტები.

მავთულის კარკასი: სასურველია ზრდის სეზონის პერიოდში გაუკეთდეს, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. მავთული ღვიაზე 4-5 თვე უნდა დარჩეს.

გამრავლება: ღვია ძირითადად დათესვით მრავლდება. შეიძლება ასევე მისი გადაწვენით და კალმით გამრავლება. ზრდის ტემპი საკმაოდ დაბალია, დიდ დროს წაგართმევთ სანამ სასურველი ზომის ნერგს მიიღებთ. უმჯობესია სანერგეში ყიდვა.