ბლოგი

ბონსაი მესხი

ბონსაის გადარგვა

პირველი ჩარგვა კონტეინერში

 

გადარგვა ბონსაი
დიდი ჭურჭლიდან კონტეინერში პირველად გადარგვა

   დიდი ჭურჭლიდან ან გრუნტიდან კონტეინერში პირველად გადარგვა ერთი შეხედვით არც თუ ისე რთულია, მაგრამ ჩვენ საქმე  მინიატურულ მცენარესთან გვაქვს, რომლის თითოეულ პატარა დეტალსაც კი გადამწყვეტი მნიშვენელობა აქვს. გადარგვის დაწყებამდე უნდა შევარჩიოთ შესაფერისი კონტეინერი და უნდა ვიცოდეთ რა რაოდენობის ფესვების შეკრეჭა მოგვიწევს, რომ ნერგი ზუსტად ისე მოთავსდეს კონტეინერში როგორც ჩავიფიქრეთ. ძალიან ხშირად, კონტეინერში პირველად გადარგვის დროს, ყველაფერი ზუსტად ისე არ გამოდის როგორც დაგეგმილი იყო. შესაძლოა ვერ მოხერხდეს საჭირო რაოდენობის ფესვების შეკრეჭა კონტეინერში მოსათავსებლად, ან მიხვდეთ რომ ლამაზი ბონსაის მისაღებად საჭირო ხდება მცენარის ფორმის და ზომის სერიოზული კორექტირება. ყოველივე ამისთვის მზად უნდა იყოთ, ეცადეთ მოძებნოთ შექმნილი სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსავალი.
გადარგვის დასაწყებად მოვამზადოთ შესაბამისი კონტეინერი, საჭირო რაოდენობის მიწა, ინსტრუმენტები და დამხმარე მასალები. პირველ რიგში, მორწყვისას მიწა რომ არ გამოირეცხოს, კონტეინერის სადრენაჟე ხვრელები უნდა დაიფაროს მეტალის ან პლასტმასის წვრილი ბადით. კონტეინერის მიწით შევსებისას ბადე თავის ადგილიდან რომ არ დაიძრას, საჭიროა დავაფიქსიროთ მავთულის საშუალებით.

 

გადარგვა ბონსაი
ბადის დასამაგრებელად გამზადებული მავთული და სადრენაჟე ხრელებზე დაფიქსირებული პლასმასის ბადე

   გადარგვის შემდეგ, სანამ მცენარე კარგად გაფესვიანდება, აუცილებლია ბონსაი მყარად დამაგრდეს კონტეინერში. ამისათვის, სადრენაჟე ნახვრეტებში ქვემოდან ამოვუყაროთ მავთული, რომლის მეშვეობითაც ახალგადარგულ მცენარეს დავაფიქსირებთ. ეს მავთული მხოლოდ დროებით კეთდება, როდესაც მცენარე კარგად გაფესვიანდება, მავთული უნდა მოვხსნათ. თუ სადრენაჟე ხვრელი მხოლოდ ერთია, ან ჩათვლით რომ სადრენაჟე ხვრელებიდან ვერ შეძლებთ მავთულის თქვენთვის საჭირო პოზიციაში გატარებას, მაშინ უმჯობესია დასაფიქსირებელი მავთულისთვის, კონტეინერში, დამატებითი პატარა ხვრელები გაკეთდეს. ამის შემდეგ, კონტეინერის ფსკერზე 1-1.5 სანტიმეტრის სიმაღლეზე ვყრით წვრილ ღორღს, დრენაჟის გასაუმჯობესებლად და მხოლოდ ამის შემდეგ მიწის პირველი ფენას.

   შემდეგი ეტაპი: ვირჩევთ ადგილს კონტეინერში, სადაც მცენარე უნდა მოთავსდეს. მართკუთხა და ოვალური კონტენერში მცნარე ირგვება კონტინერის სიგრძის 1/3-ის და სიგანის 1/2-ის გადაკვეთის წერტილში. სტილი SHAKAN-ის შემთხვევაში, დახრა უნდა იყოს კონტეინერის 2/3-ს მხარეს. სტილებში CHOKAN და MOYOGI ქვედა, ყველაზე გრძელი ტოტი უნდა განთავსდეს კონტეინერის სიგრძის 2/3 ნაწილის ზემოთ.

Untitled

  მრგვალ, მრავალკუთხა და კვადრატულ კონტეინრში მცენარე თავსდება ცენტრში. ბონსაი ცენტრში ირგვება აგრეთვე მაღალ კონტეინერში, HAN-KENGAI და KENGAI სტილების შემთხვევაში
როდესაც გადარგვას დაგეგმავთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ გრუნტის ტენიანობა, რომელშიც მცენარეა ჩარგული. ცუდია როდესაც გრუნტი ძალიან სველია. ასეთ დროს საკმაოდ რთულია ფესვებიდან ზედმეტი მიწის მოშორება. ამიტომ, გადარგვის, წინ რამდენიმე დღე, ეცადეთ მცენარე არ მორწყათ. გადრგვა, როგორც წესი, სიმშვიდის პერიოდში ხდება და მცენარეს არანაირი ზიანი არ მიადგება თუ მას რამდენიმე დღის განმავლობაში არ მორწყავთ.

   როგორ ამოვიღოთ მცნარე დიდი ჭურჭლიდან. პირველ რიგში შეაჭერით ის ფესვები რომლებიც მიწის ბოლქვის გარეთ არის გამოსული. შემდეგ დაიწყეთ მიწის მოშორება. ამისთვის გამოიყენეთ სამკაპა და წაწვეტებული ჯოხი. წაწვეტებული ჯოხი ადგილ-ადგილ ზემოდან ჩაარჭვეთ მიწაში. ამით მიწას ნელნელა გააფხვიერებთ, რაც საშუალებას მოგცემთ უფრო იოლად მოაშოროთ მიწა ფესვებს.

   კარგად განსაზღვრეთ რა ზომის მიწის და ფესვების ბოლქვი უნდა შევუნარჩუნოთ მცენარეს იმისთვის, რომ ის თქვენს მიერ შერჩეულ კონტეინერში ჩაეტიოს. გააკეთეთ ისე რომ, ზედმეტი მიწის მოშორების და ფესვების შეკრეჭის შემდეგ, კონტეინერში საკმარისი ადგილი იყოს ახალი მიწისთვის. ამის გაკეთება პირველივე ცდაზე შეიძლება არ გამოვიდეს. ამიტომ როდესაც გარკვეულ რაოდენობის მიწას და ფესვებს მოაშორებთ, ჩადეთ მცენარე კონტეინერში, დააკვირდით, განსაზღვრეთ კიდევ რა რაოდენობის მიწის და ფესვების მოშორება დაგჭირდებათ, რომ მცენარე ზუსტად ისე “მოერგოს” კონტეინერს როგორც ჩაფიქრებული გაქვთ. ამის გასაკეთებლად შეიძლება რამდენიმე ცდა კიდევ დაგჭირდეთ.

   მიწის მოშორება ხდება ძალიან ფრთხილად. წვრილი ფესვები, რომლებიც უზრუნველყოფენ მცენარეს საკვები ნივთიერებით, იოლად ზიანდება. მართალია კონტეინერში ჩარგვის წინ, ფესვების გარკვეული რაოდენობა უნდა შევაჭრათ, მაგრამ გაუფრთხილებლობით და სიჩქარი შეიძლება ის ფესვებიც დავაზიანოთ რომელიც აუცილებელია მომავალი ბონსაისთვის. მიწის მოშორების შემდეგ დარჩენილ ფესვებს ვამოკლებთ ისე, რომ მიწის ბოლქვის გარეთ სულ რამდენიმე მილიმეტრით დარჩეს გამოშვერილი. მსხვილი ფესვების შეკრეჭვისას გამოიყენეთ კარგად ალესილი მაკრატელი, რადგან გადაჭრის ადგილი გლუვი უნდა იყოს. აუცილებლად შეაჭერით ყველა გაფუჭებული ფესვი. მსხვილი ფესვი ისე უნდა გადაჭრათ, რომ გადაჭრის ადგილი ქვემოთ იყოს მიმართული. ახალი წვრილი ფესვები გადაჭრის ადგილზე ასე უკეთესად გაიზრდება. როდესაც საჭირო რაოდენობის ფესვები შეკრეჭილია, ვიწყებთ მცენარის მოთავსებას კონტეინერში. იმ ადგილას სადაც მცენარე უნდა ჩაირგას, ვაკეთებთ ბორცვივით პატარა ამაღლებას მიწისგან. ვდებთ ზემოდან მცენარეს და აქეთ-იქით ნახევრად წრიული მოძრაობით ფრთხილად ვაწვებით, ამაღლებული მიწა თანაბრად რომ განაწილდეს ფესვების ქვეშ. შემდეგ, ხვრელებში გაყრილ მავთულს ვახვევთ მცენარის ტანზე ან რომელიმე დიდ ფესვზე და მყარად ვაფიქსირებთ.

   ყურადღება უნდა მიექცეს კონტეინერში ჩარგვის სიღრმესაც. მცენარის არც ძალიან ღრმად უნდა ჩაირგას და არც ისე, რომ ზედაპირული ფესვები კონტეინერის კიდიდან საკმაოდ მაღლა დარჩეს.

Untitled
1,2 არასწორი ჩარგვა, 3 სწორი ჩარგვა

 

   შემდეგ ვიწყებთ კონტეინერში თავისუფალი ადგილის მიწით შევსებას. ბოლქვის ქვეშ სიცარიელე რომ არ დარჩეს, საჭიროა წვეტიანი ჯოხით მიწა ბოლქვის გარშემო კარგად ჩაიჩხვლიტოს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ფესვებს შორის არ დარჩეს სიცარიელე, რამაც შემდგომში შეიძლება ფესვების გარკვეული რაოდენობის გაფუჭება გამოიწვიოს.

 

   სხვადასხვა მიზეზების გამო, გადარგვისას საჭირო ხდება ფესვების მთლიანად გათავისუფლება მიწისგან. მიწის მთლიანად მოშორების გასაადვილებლად შესაძლებელია ფესვები წყლის ჭავლით გაირეცხოს. კონტეინერის მომზადება (ღორღი, ბადე სადრენაჟე ხვრელებზე დასამაგრებელი მავთული, პირველი ფენა მიწა), ანალოგიურად ხდება, როგორც მცენარეზე რომელსაც მიწის ბოლქვი შენარჩუნებული აქვს. მცენარის ფესვების სასურველ ზომამდე დამოკლების შემდეგ, ფრთხილად განაცალკევეთ ერთმანეთში გადახლართული ფესვები, გაშალეთ ყველა მიმართულებით და ჩადეთ კონტეინერში შესაფერის ადგილას. დააფიქსირეთ ნერგი მავთულით და შეავსეთ კონტეინერი მიწით. როდესაც მთლიანად შეავსებთ კონტეინერს, ვიღებთ წაწვეტებულ ჯოხს და ფრთხოლად, ნელნელა ვჩხვლეტთ ფესვების ზემოდან და გარშემო.

   წიწვოვან მცენარეებზე, ფესვებიდან მიწის მთლიანი მოშორება და წყლის ჭავლით გარეცხვა, როგორც წესი არ კეთდება, ამან შესაძლოა მცენარის გახმობა გამოიწვიოს. როდესაც ყველაფერს დაამთავრებთ მცენარე უნდა მოირწყას. ამისათვის უნდა ჩავდოთ მცენარე უფრო დიდ და ღრმა ჭურჭელში ვიდრე კონტეინერია და დავასხათ იმდენი წყალი რომ კონტეინერის ზედაპირი დაფაროს. წყლის ზედაპირზე ჰაერის ბუშტულები დაიწყებს ამოსვლას. 2-3 წუთის შემდეგ ბუშტულების ამოსვლა შეწყდება. ეს იმის მაჩვენებელია რომ მიწა კონტეინერში მთლიანად დასველდა. ამოვიღოთ მცენარე წყლიდან და მოვათავსოთ ქარისგან და მზისგან დაცულ ადგილას. არასოდეს დატკეპნოთ მიწა მორწყვის შემდეგ.

 

Untitled
პირველი მორწყვა გადარგვის შემდეგ

   თუ ახლადგადარგული მცენარე საკმაოდ დიდია და მძიმე, მაშინ აიღეთ სარწყავი, რომლიდანაც წყლის ნაკადი წვრილად გადმოედინება და უხვად მორწყეთ მცენარე. გადარგვისას, დიდი ყურადღება მიაქციეთ ფესვების შეკრეჭას. ძალიან მნიშვნელოვანია დაიცვათ ბალანსი ფესვების რაოდენობასა და ვარჯს შორის. ფესვების რაოდენობის შემცირებას ნუ ეცდებით მხოლოდ იმის გამო რომ მცენარე თქვენს მიერ შერჩეულ კონტეინერში არ ეტევა. ზემეტი რაოდენობის ფესვების შეკრეჭამ შეიძლება მცენარე ვეღარ უზრუნველყოს საკმარისი საკვები ნივთიერებით.

   განსაკუთრებით დიდი სიფრთხილეა საჭირო წიწვოვანი მცენარეების გადარგვისას. ფოთოლმცვივან მცენარეებთან შედარებით წიწვოვანები უფრო ძნელად იტანს დიდი რაოდენობით ფესვების შეკრეჭას. საერთოდ მიღებულია რომ გადარგვისას წიწვოვან მცენარეზე არსებული ფესვების მოცულობის მხოლოდ 1/3 უნდა შეაჭრათ. მაგრამ ეს არ არის რაღაც აუცილებელი დოგმა, რომლის დარღვევაც არ შეიძლება. გამოცდილი სპეციალისტი თვალით ატყობს თუ რა რაოდენობის ფესვების შეკრეჭა შეიძლება ამა თუ იმ სიტუაციაში. თუ აუცილებელია ფესვების დიდი რაოდენობით შეკრეჭა, ეცადეთ რომ ვარჯის მოცულობაც პროპორციულად შეამციროთ. კონტეინერში შეიძლება უკვე ფორმირებული მცენარე გადავრგათ, ან გადავრგათ ნერგი და კარგად გაფესვიანების შემდეგ, როდესაც მცენარე უკვე მყარად დგას, დავიწყოთ მისი ფომირება.

კონტეინერიდან კონტეინეში გადარგვა

   გარკვეული პერიოდის შემდეგ საჭირო ხდება ბონსაის ხელახლა გადარგვა. ასეთი აუცილებლობა გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით:

  • მიწა გამოიფიტა და მასში აღარ არის საკმარისი საკვები;
  • მცენარეს გაეზარდა ფესვები იმ რაოდენობით, რომ მათთვის უკვე აღარ არის საკმარისი სივრცე განვითარებისთვის;
  • ბონსაი გაიზარდა, მისი ფორმა და გაბარიტები უკვე აღარ შეესაბამება კონტეინერის ზომებს.

 

ფესვებმა მთლიანად შეავსო კონტეინერი.
ფესვებმა მთლიანად შეავსო კონტეინერი.

 

   პირველ ორ შემთხვევაში, თუ მცენარის ზომა საშუალებას გვაძლევს, შეიძლება ბონსაი იგივე კონტეინერში ხელახლა ჩავრგოთ ფესვების შეკრეჭის და მიწის გამოცვლის შემდეგ. პერიოდი როცა ბონსაის გადარგვა აუცილებელი ხდება ყველა მცენარეს ინდივიდუალური აქვს. წიწვოვანი ხეების ფესვები ფოთოლმცვანებზე უფრო ნელა იზრდება. მათი გადარგვა ხდება 3-5 წლის შემდეგ. ზოგიერთი ფოთოლმცვივანი მცენარის ფესვები ისე მალე ავსებს კონტეინერს რომ მათი გადარგვა ყოველ წელს არის აუცილებელი. საერთოდ ახალგაზრდა ხეებს (10 წლამდე ასაკის) უფრო მალ-მალე სჭირდება გადარგვა ვიდრე ასაკოვნ მცენარეებს.

   თუ შეატყობთ რომ ბონსაი ისე განვითარდა რომ კონტეინერის ზომა უკვე აღარ არის მცენარის პროპორციული, მაშინ საჭიროა შეარჩიოთ არსებულზე უფრო დიდი ზომის კონტეინერი და მასში გადარგოთ ბონსაი. ამ შემთხვევაშიც, კონტეინერის გამოცვლის პერიოდი თავად მცენარის ზრდის თვისებებზეა დამოკიდებული. კონტეინერიდან კონტეინერში გადარგვაზე ზუსტად იგივე პროცედურის ჩატარებაა საჭირო რაც კონტეინერში პირველად ჩარგვისას ხდება.

 გადარგვის დრო


   მცენარების გადარგვა ხდება გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე, სიმშვიდის პერიოდში. თუ ბონსაის გვიან შემოდგომაზე გადარგეთ, მაშინ ძირითადი საზრუნავი მცენარის ზამთრის ყინვებისაგან და ქარისგან დაცვა იქნება. თუ ადრე გაზაფხულზე გადარგავთ, მაშინ გარკვეული პერიოდის განმავლობაში აუცილებლად მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. კვირტების ზრდის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, ბონსაი ცოტახნით (1 საათი) მზეზე გაიტანეთ. ამის შემდეგ ყოველდღე გაზარდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა. ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ უკვე იმ ადგილას დადოთ, სადაც ის მუდმივად იქნება მოთავსებული.
უმეტესი სახეობის წიწვოვანი მცენარეების გადარგვა ადრე გაზაფხულზე ხდება, როდესაც ახალი კვირტები განვითარებას დაიწყებს.

ხავსი


გადარგვის შემდეგ აუცილებლია ვიზრუნოთ კონტეინერში მიწის ზედაპირის მოწესრიგებაზე. მიწის ზედაპირი უნდა მოსწორდეს და გასუფთავდეს. ზოგი სპეციალისტი ცდილობს ზედაპირი რამე დეკორატიული ფენით დაფაროს. ამისთვის წვრილად დამტვრეულ სხვადასხვა ქვებს ან მარმარილოს ხმარობენ. მაგრამ ჩემი აზრით, ბონსაისთვის ყველაზე შესაფერისი ხავსით დაფარული მიწის ზედაპირია. ხავსი საკმაოდ მიმზიდველად და ბუნებრივად გამოიყურება კონტეინერში, მორწყვისას არ უშლის ხელს წყლის მოხვედრას მიწაში. ამავდროულად ხელს უწყობს სინესტის შენარჩუნებას და იცავს ზედაპირიდან მიწის გადარეცხვას, როგორც მორწყვისას ასევე წვიმიან ამინდში.
რადგან კონტეინერში მიწა მუდმივად (მეტნაკლებად) სველია, ზედაპირი ხშირად თავისთავად იფარება ხავსით. მაგრამ, ზედაპირის ხავსით დაფარვა “ხელოვნურადაც” არის შესაძლებელი. ხავსის მოძებნა შეიძლება ტენიან და ჩრდილიან ადგილბში: იზრდება შენობის კედლებზე, ქვებზე ან ასფალტზე. დანის პირით ფრთხილად მოხსენით ხავსი და შეძლებისდაგვარად მოაშორეთ ზედმეტი მიწა. გამოყენებიდან რამდენიმე წუთით ადრე, შეგროვებული ხავსი ჩაალაგეთ რამე ჭურჭელში და დაასხით წყალი. სველი ხავსით ზედაპირის დაფარვა უფრო იოლია. პატარ-პატარა ნაჭრები ფრთხილად დაალაგთ მცენარის გარშემო, ერთმანეთთან ახლოს ისე რომ მათ შორის ადგილი არ დარჩეს, თან ოდნავ დააწექით. არავითარ შემთხვევაში არ დაფაროთ ზედაპირული ფესვები ხავსით.

   ასევე შესაძლებელია შეგროვებული ხავსი 2-3 კვირით ჩრდილში გაახმოთ. წვრილად დაფშვნათ, შეურიეთ მიწის მცირე რაოდენობა და ძალიან თხელ ფენად მოაყაროთ მიწის ზედაპირს. რეგულარური მორწყვისას, სულ 1-2 კვირაში ხავსი ისევ “გაცოცხლდება”.