ბლოგი

ბონსაის ყიდვა

ბონსაის ყიდვა

   ძალიან ბევრ ქვეყანაში ბონსაი სპეციალიზირებულ მაღაზიებში ან პერიოდულად მოწყობილ გამოფენებზე იყიდება. საქართველოში  ბონსაის შეძენა, საბაღე მაღაზიებშია შესაძლებელი. ძირითადად ეს ევროპაში კომერციული მიზნით დამზადებული პატარა ზომის ფიკუსები ან ჩინური თელაა. ეს ჯიშები მხოლოდ ოთახის ბონსაისთვის გამოდგება. ამდროს, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეს მცენარეები ბონსაის ნამდვილი შემფასებლისთვის ნაკლებადაა ღირებული (არასათანადო ფორმირების გამო). თუ ინტერნეტში  მოიძიებთ გასაყიდად გამოტანილ მცენარეებს ნახავთ, რომ ეს ტენდენცია მარტო საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. ანალოგიური რამ  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ხდება. თუმცა ასეთი მცენარის შეძენასაც აქვს დადებითი მხარე: მოყვარული, რომელმაც კარგად იცის ფორმირების ტექნიკა, ასეთი ხისგან 1-2 წელიწადში საკმაოდ ლამაზი ბონსაის მიღებას შეძლებს.

   ყიდვისას აუცილებლად კარგად დააკვირდით ბონსაის. ძალიან ხშირად, მაღაზიაში არასწორი ადგილმებარეობის და მოვლის გამო მცენარე საკმაოდ დასუსტებულია. პირველ რიგში ყურადღება ფოთლებს მიაქციეთ, შეყვითლებული ან ფერდაკარგული ფოთლების დიდი რაოდენობა უკვე მიუთითებს მცენარის სისუსტეზე. ახლადამოსული ყლორტები არ უნდა იყოს არაბუნებრივად გრძელი და კვანძებსშორის მანძილი ყველგან თანაბარი უნდა იყოს. მცენარეზე არ უნდა იყოს გამხმარი ტოტები. თუ მცენარე წიწვოვანია, გაყავისფერებული წიწვები უკვე მიუთითებს იმაზე, რომ მცენარეს გარკვეული პრობლემები აქვს. მაღაზიაში შეიძლება არასწორი ინფორმაცია მოგაწოდონ მცენარის მოვლაზე. ამიტომ  უმჯობესია დააზუსტოთ მცენარის სახეობა და ლათინური დასახელება, შემდეგ კი სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით თავად  დაადგინოთ კონკრეტულ ჯიშს რა პირობები ესაჭიროება ნორმალური განვითარებისთვის.
ნაკლებად სარისკოა, თუ ბონსაის ყიდვას  სპეციალისტთან გადაწყვეტთ , რომელიც თავად მუშაობს მინიატურული ხეების შექმნაზე. ასეთი პიროვნება დაწვრილებით მოგაწოდებთ მოვლისთვის საჭირო ყველანაირ ინფორმაციას.

   რა ღირს ბონსაი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, რადგან შეფასება საკმაოდ სუბიექტურია. მაღაზიებში გასაყიდად გამოტანილი ბონსაის ფასი შედარებით იაფია. ისეთი ბონსაი კი რომელიც მართლა ღირებულია, საქართველოში ძალიან იშვიათია. სპეციალისტი რომელიც გადაწყვეტს თავისი ნამუშევრის გაყიდვას, როგორც წესი, საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს. ამის მიზეზი ბონსაის შექმნაზე დახარჯული დიდი დროა. თუ ინტერნეტში მოიძიებთ, გასაყიდად გამოტანილ ბონსაის ლამაზი ეგზემპლარების ფასი საშუალოდ 500-დან 10 000 ამერიკულ დოლარამდეა. მაგრამ როგორც წესი იაპონელი კოლექციონერები გაცილებით დიდი თანხას იხდიან ტრადიციული უნიკალური ბონსაის შესაძენად. 

ძვირადღირებული ბონსაი
1,3 მილიონ ამერიკულ დოლარად გაყიდული ბონსაი

   ყველაზე ძვირად ღირებული ბონსაი, იაპონური თეთრი ფიჭვი, 2011 წლის 18-21 ნოემბერს იაპონიაში გამართულ ბონსაის გამოფენაზე 100 000 000 იაპონურ იენად გაიყიდა (დაახლოებით 1 300 000 დოლარი)
როგორც ამბობენ ის 300 წლისაა. სადმე ბუნებაში ანალოგიური ასაკის ამავე ჯიშის ხეში არავინ გადაიხდის ამხელა თანხას.
ბონსაი მხოლოდ მისი ასაკით არასდროს ფასდება. ეს ხე ბონსაის კულტურაში შედევრია ,ფაქტობრივად, იდეალური ნამუშევარი. ის კლასიკური ბონსაის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

 

   როდესაც ბონსაის ყიდვას გადაწყვეტთ, ზუსტად უნდა იცოდეთ შეძლებთ თუ არა მისი ნორმალური განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნას. ასევე კარგად უნდა იცოდეთ ხართ თუ არა მზად იმისთვის, რომ პატარა მცენარეს ყურადღება არ მოაკლოთ და მართებულად მოუაროთ.