fbpx

ბლოგი

ბონსაი

არის თუ არა მცენარე ”ცოდო” ბონსაისთვის?

   არის თუ არა  მცენარე ”ცოდო” ბონსაისთვის?  ვერ ვიტყვი რომ, ხშირად მაგრამ ეს კითხვა ჩემთვის დაუსვამთ. რამდენიმე ხნის წინ აქაც დასვეს ეს კითხვა. მავთულით დაგრეხა, ფესვების და ტოტების მოჭრა, პატარა ქოთანი,  ეს ხომ მცენარეს წვალებაა. ”შენ რომ ფეხები და ხელები მოგაჭრა კარგი იქნება?”, ”კომპრაჩიკოსი ხომ არ ხარ?”, ასეთი შეკითხვაც გამიგია.  არ ვიცი რამდენად ადეკვატურია ან ტოლფასი მცენარის და ადამიანის (ან სხვა ცხოველის) გაიგივება. 

   გასხვლა და მავთულით ფორმირება მარტო ბონსაისთვის არ გამოიყენება. ვისაც მებაღეობასთან ან მევენახეობასთან რამე შეხება ჰქონია ეცოდინება, რომ ყველა მსხმოიარე კულტურა ყოველწლიურად ისხვლება გადარგვა და ფესვების შეკრეჭაც ჩვეულებრივი მოვლენაა. გლეხი რომელიც ვენახს უვლის და ღვინოს აწარმოებს ამ მეთოდებს მოსავლიანობის გაზრდისთვის იყენებენ, ბონსაის კულტურაში კი ფორმის მისაღებად, ანუ უბრალოდ მიზანი და მასშტაბებია სხვადასხვა.

ვერსალის სასახლის პარკი
ვერსალის სასახლის პარკი

   თუ ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის ბაღ-ვენახი უცხო შეიძლება იყოს, მაშინ ის მაინც ექნება ნანახი, თბილისში, ადრე გაზაფხულზე როგორ აჭრიან ჭადრებს ყველა ტოტს, რომ ახალი , უფრო ხშირი  ამონაყარი მიიღონ. ამას ვარჯის გაახალგაზრდავებას ეძახიან. ასევე ევროპული ბაღების მაგალითიც მოყვანაც შეიძლება. ხეებს და ბუჩქებს სწორი გეომეტრიული ფორმა, სიმეტრია და გარკვეული კანონზომიერება აქვთ ფორმაში. არამგონია, ვინმეს ეგონოს, რომ ეს მცენარეები თავისით, გასხვლის გარეშე იღებენ ასეთ ფორმებს.

   ”ცოდო ხომ არაა?”-არ ვიცი რატომ არ უჩნდება ადამიანს ასეთი კითხვა, როდესაც სტაფილოს ან ოხრახუშს მიირთმევს. იქნებ დედამიწასაც სტკივა როდესაც ხნავენ ან ასფალტს აგებენ, ვინ იცის. თუ ”შეცოდებაზე” ვიტყვით რამეს, არამგონია, ღორი თავისი ნებით ეცმებოდეს მწვადისთვის შამფურს, ან ინდაური სიხარულით ხტებოდეს საცივში, ან ბატკანს სიამოვნებდეს ჩაქაფულში ბანაობა, მაგრამ არასოდეს შემხვედრია რამე ”გულისამაჩუყებელი” კომენტარი საცივის ან ჩაქაფულის კულინარიულ რეცეპტებზე.  წარმომიდგენია რა ტრაგედიაა ასეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც ბონსაის შექმნა სისასტიკედ მიაჩნია ჩვეულებრივ კაფეში ყოფნა, რადგან დიდი ალბათობით “მოკლულ” ხეზე, სკამზე, დასვამენ , ხელში ასევე მოკლული ხისგან დამზადებული მენიუს მიაწვდიან და  უამრავი მოკლული ცხოველისგან დამზადებულ კერძებს შესთავაზებენ. ალბათ ეს ხალხი ყველა კაფე-რესტორანსის მიმართაც მტრულად არის განწყობილი.

სურათები 1991 წელს გამოცემული წიგნიდან ”მსხმოიარე ხეების გასხვლა
სურათები 1991 წელს გამოცემული წიგნიდან ”მსხმოიარე ხეების გასხვლა”

   ნამდვილად არ ვიცი რამდენად დამაჯერებელია ჩემი არგუმენტები, მაგრამ 30 წლის მანძილზე, რაც ბონსაის გაკეთებას ვცდილობ, არასოდეს გამჩენია აზრი რომ, ბონსაიზე მომუშავე ადამიანი რამე განსაკუთრებულ და გამოუსწორებელ სისასტიკეს ჩადიოდეს ბუნების მიმართ.