ნახევრად გამხმარი ნერგიდან ბონსაიმდე

ეს ურთხელი ერთ-ერთია, დიდ ქოთანში ჩარგული  ხუთი მცენარიდან,  ეგრეთ წოდებული კასეტა. მისი სიმაღლე ერთი მეტრი იყო.  მცენარეს დიდი გზა აქვს გავლილი, ის ჩვენთან იტალიის სანერგიდან არის ჩამოტანილი. ჩამოსვლიდან, დაახლოებით ერთ თვეში, მცენარეებმა გახმობა დაიწყეს. მხოლოდ ერთ მათგანს შერჩა  რამდენიმე მწვანე ტოტი.

ბონსაი წიწვოვანი
ურთხელი, ბონსაი

ხუთი წლის წინ  თებერვლის ბოლოს, გადავწყვიტე მცენარის გადასარჩენად ის, სხვა, უფრო დიდ ქოთანში გადამერგა და მეცადა მისგან ბონსაის შექმნა.  გადარგვამდე მთლიანად გადავჭერი ზედა გამხმარი ნაწილი, და შევაკრიჭე ყველა მკვდარი ტოტი. აღმოჩნდა, რომ მცენარეებს ფესვები ფაქტობრივად არ ჰქონდა. სავარაუდოდ,  ქოთანში ჩარგვისას იმაზე მეტი ფესვი შეაჭრეს ვიდრე მცენარის გამოკვებისთვის არის საკმარისი.

გადარგვის შემდეგ 1 წლის განმავლობაში ორჯერ მივეცი ფესვების ზრდის სტიმულატორი, და რეგულარულად, 2 კვირაში ერთხელ ვუმატებდი „ორგანიკა“-ს.  2 წლის განმავლობაში ხელი არ მიხლია, ველოდებოდი მცენარის „მოძლიერებას“.  2015 წლის ოქტომბრის ბოლოს პირველად ვცადე ფორმირება, გავკრიჭე და მავთული დავახვიე. შემთხვევით ვიპოვე შესაბამისი ზომის საკმაოდ ლამაზი ბონსაის კონტეინერი და 2016 წლის მარტში ამ კონტეინერში ჩავრგე. ამავე წლის ივლისში (მავთულის კარკასის გაკეთებიდან რვა თვის შემდეგ) მავთულები შევხსენი.  წელიწადში ერთხელ ვკრეჭდი გაზრდილ ტოტებს. სამწუხაროდ  ბონსაის ზოგიერთმა ტოტმა მავთულის მოხსნის შემდეგ არ შეინარჩუნა ფორმა.

2018 წლის სექტემბრის ბოლოს ხელმეორედ დავახვიე მავთული. 2019 წლის მაისამდე ალბათ აღარ შევეხები, იმედია ხე ამ ფორმას შეინარჩუნებს  და ლამაზი ბონსაი გამოვა.