ბლოგი

თეთრი თუთა

რა არის ბონსაი?

   ბონსაი–(盆栽) იაპონური სიტყვაა, ”ბონ”- პატარა ქოთანი, ”საი”-მცენარე, (პატარა ჭურჭელში ჩარგული მცენარე). ბონსაი არის მინიატურული ხეების, სპეციალური ტექნიკით გაზრდის იაპონური ხელოვნება. ამ ტექნიკის საშუალებით ხე პატარა ზომის რჩება და ეძლევა ბუნებრივი, სრულყოფილი, ასაკოვანი ხის შეხედულება.

   ბონსაი არ არის მხოლოდ მებაღეობა. ბონსაიზე მუშაობა ითხოვს დიდ ყურადღებას, დროს, მოვლის ცოდნასა და რაც მთავარია მოთმინებას, რადგან სრულყოფილი და ლამაზი მცენარის მისაღებად ერთი და ორი წელი საკმარისი არ არის. ბონსაის სიცოცხლის ხანგრძლივობა, სრულფასოვანი მოვლის შემთხვევაში, შეიძლება საუკუნეზე მეტი იყოს. მაგრამ მცენარის რეალურ ასაკს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბონსაის კულტურაში მთავარია მცენარის განუმეორებელი, შთამბეჭდავი სახე, რაც გამოიხატება მის ბუნებრივ, პროპორციულ ფორმაში. პატარა ხის ყველა დეტალი ბუნებრივი უნდა იყოს და არ უნდა ეტყობოდეს, რომ მისი ფორმა ადამიანის ხელით არის შექმნილი. ბონსაიზე მუშაობა არასოდეს მთავრდება. მას ყურადღება და მზრუნველობა მთელი სიცოცხლის მანძილზე სჭირდება.

   “ბონსაი  ცოცხალი სკულპტურაა, გაიდიალებული ბუნება მინიატურაში”-ასეთ შეფასებას აძლევს ბონსაის, ერთ-ერთი სპეციალისტი.
არსებობს მრავალი არასწორი ინფორმაცია ბონსაის შესახებ, რაც თავისთავად ხელს უშლის მის გაგებასა და მართებულ აღქმას.

1) ბონსაი არ არის გენეტიკურად ჯუჯა მცენარე, რომელიც დიდი არ იზრდება. ბონსაი არის ჩვეულებრივი ხე ან ბუჩქი (ნეკეჩხალი, ფიჭვი, ალუბალი, ცაცხვი, ნაძვი) რომლიც სპეციალური მოვლის შედეგად პატარა ზომის რჩება და აქვს ისეთივე ლამაზი და ბუნებრივი ფორმა, როგორიც ბუნებაში გაზრდილ მის დიდ ”თანამოძმეებს.”
2) ბონსაიზე მუშაობის პროცესში, ე.წ. მისი ”დაჯუჯავებისას” არ გამოიყენება არანაირი მკაცრი ან უხეში მეთოდები მცენარის ”დასაპატარავებლად”. ეს მეთოდები კარგადაა ცნობილი ყველასთვის, ვისაც რაიმე შეხება მაინც აქვს მებაღეობასთან.
3) ზოგიერთების აზრით რაც უფრო პატარაა ბონსაი უფრო მეტად ფასობს. ბონსაი არ არის აუცილებელი მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი სიმაღლის იყოს. სინამდვილეში კლასიკურ ბონსაიად ითვლება მცენარე რომლის სიმაღლე 5-დან 130 სანტიმეტრამდეა და არასოდეს  ფასდება მისი ესთეტიური ღირებულება მხოლოდ ზომის მიხედვით.
4) ბონსაი არ არის ოთახის მცენარე. ის მთელი წლის განმავლობაში უნდა იყოს გარეთ და მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში, რამდენიმე დღით, შესაძლებელია ოთახში დადგმა ინტერიერის გასალამაზებლად.
ბონსაის შექმნაზე მუშაობა შეიძლება ჩაითვალოს როგორც გატაცება, მაგრამ ალბათ ის უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ჰობი ან თავისუფალ დროს თავის შექცევა. ბონსაი, მოყვარულისთვის ცხოვრების წესია: აუღელვებლობა, სიდინჯე, ყურადღება, მოთნინება-ეს ის თვისებებია, რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის რომელსაც სურს რეალურად ლამაზი ხის გაზრდა.

   ბონსაის შექმნისას მთავარია ლამაზი ფორმა: ხის ტანი, ტოტებისა და ზედაპირული ფესვების განლაგება; ფოთლების, ყვავილებისა და ნაყოფის ზომების პროპორციული შესაბამისომა მინიატურულ მცენარესთან და რაც ყველაზე მთავარია, ”დასრულებული” სახის ბონსაი უნდა იყოს ბუნებრივად დახვეწილი.
პატარა ნერგის ”სრულყოფამდე” მიყვანისათვის 2 ან 3 წელი უმეტეს შემთხვევაში საკმარისი არ არის, ამიტომ ყურადღება და მოთმინება ის თვისებებია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება, თუ ის სერიოზულად გადაწყვეტს იმუშაოს ბონსაის შექმნაზე.

   ბონსაის დამოუკიდებლად გაზრდა დიდ სიამოვნებას გვრის ადამიანს, გაცილებით მეტს ვიდრე გამზადებული ეგზემპლარის ყიდვა და მისი მოვლა. დასაწყისში ყველაფერი არ გამოვა ისე, როგორც არის ჩაფიქრებული. ყველანაირ საქმეს გამოცდილება სჭირდება. გამოცდილების დაგროვებისთვის კი დრო და გატაცებით მუშაობაა საჭირო. ბონსაიზე მუშაობის პროცესში, არცერთი დამწყები არაა დაზღვეული მცირე თუ დიდი წარუმატებლობისგან. თავის დროზე ყველა დიდ სპეციალისტს ქონია ასეთი შემთხვევები. ასე, რომ თუ თქვენ გსურთ სერიოზული წარმატების მიღწევა, თუნდაც რამდენიმე წარუმატებელი ცდა არ უნდა გახდეს ბონსაის შექმნაზე უარის თქმის მიზეზი.